მართალთ, ვისაც ესმის და ვინც ხედავს მომავალს სიცოცხლით მარადიულ სიცოცხლეში! სამყაროული აღდგომა მიძინებათაგან აღდგება, უფალმა ჩუენმა დაგვიხსნა! მოტყუებულნი სიკვდილის ბორკილებიდან გაგვანთავისუფლა და მიზნისაკენ გზა დაგვილოცა.
აღდგომას ეზიარება მარადიული სამყარო და მასში დაბადებული ყოველი ჩქამი, წუთი და წამი და ყოველგნით გაწამწამება. აღდგება ყოველში ლაზარეს სული, გაიფანტება წყვდიადი და ქართველი კვლავ შეიძენს ყველაზე ძვირფას სამკაულს - ქართული ენის მშვენებას.
ლაზარეს ენით აღდგება კავშირი ცასა და მიწას შორის, სიტყუა გახდება ხილული და შიშველი, ვითარცა ადამი და ევა ედემში ღმერთის წინაშე. წარმოიგზავნებიან სულეთიდან ამ ენაზე მოჭიკჭიკე სულები და უმცირესი უდიდესთ მოუყვება დიად ჭეშმარიტებას.
და როდესაც ლოგოსის ნაყოფი დამწიფდება ჩუენში, ჯოჯოხეთი გაუქმდება. საქციელნი განისაზღვრებიან, სითბო და სიყვარული დატრიალდება ტომებს, ერებს, ენებსა და თესლებს შორის.
ისევე, როგორც გადამფრენი ჩიტები ერთმანეთს უფრთხილდებიან და იცავენ ბუნების კანონზომიერებას, ყოველი მოდგმა გაუფრთხილდება ახალ მოდგმას, რათა სიცოცხლე სრულფასოვანი მრავალფეროვნებით განივრცოს მომავალში.
გაიხსნება ადამის სევდა და სმენა, გრძნობა და ხება, გება და აღქმა, ჭვრეტა და ნავსი, და ბუნება ყველა იერარქიაში ალაპარაკდება ერთმანეთთან. არ დარჩება დედამიწაზე არცერთი ტომი, ენა, ერი, ქვეყანა, რომელთაც არ მოესურვებათ დატკბნენ ქართული სილამაზით სიყვარულისა და კაცთმოყვარეობისა. მოზომილი და აღწონილი ძღვენივით იქნება ყოველი ასო, სიტყუა და წინადადება წინდაგებული ბაგით.
გონიერთაგან გონის მახვილი აღდგება და ბილწსიტყვაობა განიდევნება გარესკნელში.
ერი მგალობელი, კეთილმბადი, მომღერალ-მოტრფიალე სიცოცხლისა დაავადებებს არ განიცდის, ავად არა მყოფობს. ეს ასე იქმნება და არა ძალდატანებით და არა იძულებით, არამედ მეცნიერებით სიტყუისა.
კაცი კაცთან მივა, დალოცავს და სიკეთეს დაუმიზნავს მოყვასს და აღსრულდება ლოცვანი.
კაცობრიობა მიხვდება, რომ თვითეული ადამიანი შეუფასებელია თავისი გამოვლინებით სამყაროში სამყაროს მიმართ, არა აქვს კანის ფერს მნიშვნელობა! არც გვარსა და ტომს, არაფერს! უფლება უზენაესისაა მათი გაჩენისა.
რატომ მგონია ასე რომ იქნება?!
იმიტომ, რომ ასე იყო სანამ დავეცემოდით და ეხლა ხელი როდესაც გამოგვიწოდა უფალმა, ფეხზე წამოგვაყენა, დრო მოგვცა გამოფხიზლების, გამორკვევის, არჩევანის, როდესაც განვიცადეთ უგუნურების ყველანაირი ტკივილი და უსიყვარულო სივრცეებით ცხოვრების ცხობა, არა მგონია არჩევანში შევცდეთ და უმეტესი და უკეთესი არ ავირჩიოთ მარადიულ სიცოცხლის სრბოლაში.
შური, შუღლი ამოვშალოთ დღის წესრიგიდან, მასთან ერთად მტრობა, უგულოდ საქციელნი და აღშენებას მიუყვეთ მთელი ერი, გავიაროთ სამაგალითო გზა და სივრცეს, რომელსაც დავიპყრობთ სიყვარულით, იმ სივრციდან განვსაზღვროთ ჩუენი საქციელნი.
ენაში თვითაღზრდის საიდუმლოცაა მოცემული ბუნებისა და მითადმო.
ისე, როგორც ეტაპობრივად იმკვიდრებს თესლი ყანაში თავის გზას, არავინ კარნახობს ზრდის თანმიმდევრობით ეტაპებს: ფესვის გადგმას, აღმომორჩებას, დატანიანებას, აყვავილებასა და ნაყოფის ბმას, ასევე, რამდენადაც ჩაუღრმავდება ქართველი თავის ენას, იმდენად ღრმა შემაცნობელი ხდება საკუთარი თავისა და აღმქმელი ბუნებათა სამკაულისა.
ეს ლოგოსური კერძი ჯერ ჩუენ უნდა გავითავისოთ და შემდგომ მსოფლიო მოვიპატიჟოთ სტუმარ-მასპინძელის ღვთაებრივი კანონის აღსასრულებლად.
ჩუენ ქართველნი, ენას დედაენას ვუწოდებთ! იგი არა მარტო ჩვენი დედაა, არამედ მთელი დედამიწის ენების და ერების და ტომების.
იყო დრო, როდესაც დედამიწაზე ყოველი კაცი ერთ ენაზე საუბრობდა. ეს იმდენად ახლო და საინტერესო მომავალია კარებთან მომდგარი, რომ კაციშვილი არ დარჩება, რომელმაც არ იგრძნოს მისი სურნელება.
მადლობდეთ ღმერთს ყოველი აღქმული წამისთვის, აკურთხევდით შემოქმედებას მისას დღითა და ღამით, იმ დროს, როდესაც იგრძნობთ განვლილი შეგემატათ და წინსავალი განგემარტათ. ადიდებდით უფალსა უფალთასა, ითხოვეთ და არ დააყოვნა. მყისიერ მოპასუხე უფალს ჩუენში დიდება, და გზა მისით და გზა მას ჩუენით.
იდუმალ მოეფერეთ მთლიან დედამიწას და მადლობდით ამ საოცარი შესაძლებლობებისთვის ღმერთს, მყისიერად გადაეცემა ყოველ მოფერებულს თქვენი სითბო და თბილი სიყვარული.
კენჭა-ბერი