კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

პაპად ნანახი ღმერთი

 

არა-ვუწყოდი ვინა ვიყავ მე, არც ის მესმოდა, ვისთვის ვიყავი გიორგი და ვისა ვხვდებოდი, როს გიგლიბუცას მეძახდნენ მცნობელნი ჩემნი - დედა ჩემი და მამა ჩემი. მხოლოდ ის მიპყრობდა, რაცა დუმილით ჩამესმოდა გულში, არა ხმითა და ძახილით მწვრთნიდა დუმილი, შიში მიპყრობდა სიჩუმის ძალის და შიგნიდან, მხოლოდ გულის ძახილი ცრემლს მაღვრევინებდა თვალთაგან მწარეს.

 

სითბოსა ვგრძნობდი - საიდანღაც რომ იღვრებოდა ჩემს სხეულში, ვეძებდი წყაროს, არა ვუწყოდი, ვინ მითბობდა ცრემლებს, მწარედ მდინარეს!

 

დედას ვუმზერდი, ისიც აქ იყო, მამას ვუსმენდი და მდუმარების შიშის სათავე მიქარწყლდებოდა და ნატვრის ძალა მარადიულად მათთან ყოფნისა, გზას მიკვალავდა წუთის-სოფელში.

 

ტკბილად ვსცდებოდი, რაღაცა უცხო არ მასვენებდა, ვიღაცას კიდევ ვგრძნობდი უხილავს, დუმილსა ქსოვდა, მერე მოსავდა მჭვირვალე ფარდით, არაფერს ჩემთვის, საითკენ, რისთვის?! ჩუმად ვეძახდი - „ვინა - ხარ - მანდა?!“

 

შიშის ზარები ყურებში ქუხდა, სიჩუმე ჩემთვის ამოუცნობის მზერასა ჰგავდა. პატარა ვიყავ, მაინც გავბედე შევჭიდებოდი მე - ფარდის უკან დამალულ ძალას. ამას ვხვდებოდი, ვიღაცა მართლა მემალებოდა იქეთკენ, სადღაც.

 

მაგრამ სად იყო?! როგორ მეპოვნა, მე არ ვიცოდი, ეს მე მტანჯავდა!

 

როცა ძიებით დაღლილი და ოთახების ფარდებ-მოვლილი, განცვიფრებული არავის პოვნით, „გამარჯვებული“ გრილ იატაკზე წამოვწვებოდი, ვიღაცა ჩუმად ჩამჩურჩულებდა - „მე შენთანა ვარ!“

 

ეს იყო დუმილის პირველი ძახილი, შიშის მომგვრელი, ტკბილად საჩემო, რომ არ ვიცოდი - ვინ იყო ჩემთან, ასე ძლიერი და იდუმალი, მარტო ყოფნას ჩემსას დევნიდა.

 

თვალი დავხუჭე, ყურებში თითნი საცობებივით გავირჭე მალვით, ახლა მეგონა - განვთავისუფლდი, ჩემს მარტოობას მივენდე ძალით.

 

და ისევ ისე ძახილი გულში - „მე შენთანა ვარ!“ გაჟღერდა ტანში. სახლს გავექეცი, ეზოს მივაწყდი, ასე მეგონა, დავიმალები. წინ თეთრი თუთა შემომეგება, თავის საოცარ ტკბილ ნაყოფებით, თუთის ხე ყვაოდა, როცა გავიცან. ახლა კი მის გაშლილ ტოტებში თეთრი თუთა დამწიფებულიყო, გავერთე. ზევით ავიხედე, ვერ მივწვდებოდი; გვერდზე, ეზოდან სხვენზე ავძვერი, თუთის ფოთლებს, ნაყოფებს, ტოტებს - სულ დაეფარათ სახლის საფარი.

 

სხვენზე გულაღმა წამოვწექი, ტკბილმა ნაყოფმა, თუთის ჩრდილმა და სხვენის სითბომ განმამარტოვა და მიმაძინა.

 

რა-ცა ძალამ მიმიზიდა და სადღაცას გავფრინდი!

 

მივფრინავდი ვიღაცის მიზიდვით, თეთრ, გამჭვირვალე ნისლეულიან გვირაბში, მშვიდად, სხეულს კი სხვენზე ეძინა, თუთის ხის ჩრდილში.

 

პატარა ვიყავ! თურმე ვარსკულავებს ჩაუფრინე, მე ფერადი ბურთები მეგონა. როცა მათ გავცდი, კვერცხისებური ფორმის ნისლეულს მივექენი და განცვიფრებას...? და განკვირვებას...? და დიადი სიმშვიდე!...

 

წამით შევყოვნდი, ნისლი განიხსნა, გამჭვირვალე გახდა, თეთრი ფერის თმებითა და თეთრი ფერის წვერ-ულვაშით, დიდი მშვიდი თვალებით - ცის პაპა მიყურებდა, არა მრისხანებით, არამედ იდუმალი, სერიოზული, ღიმილ-ანთებული თვალებით! იყო წამი მარადიულობით სავსე და ჩემი გაურკვევლობა, სიბრძნით გაჯერებული ჩვენს შორის დუმილის მანძილი უღობოდ ეფინა...

 

მერე მონატრების დასასრული და მყისიერად სხეულში დაბრუნება.

 

ფარდა განისლდა, ნისლი განიძარცვა, „ვინ - ხარ - მანდა“ წარიხარჯა და იქმნა ის, ვინაც გულში ჩამასმინა!...

 

„მე შენთანა ვარ!“ ის იყო - ვინაცა არს!


ეს იყო ის  - ჩემი მოპარვის იდუმალი დღე, უმთვარო და მზის გარეშე. ვარსკულავების მიღმა უდიადესი „პაპა“ - თავისი პაწაწინა ნაპერწკალის მომნატრებელი. გიგლიბუცა არ მომკვდარა - ისევ მე ვარ, ოღონდ დაძველებული, პაპის ნაჩუქარი სამოსელით, ჩემი სხეულით, ძაძა რომა ჰქვია ახლახან!

 

შეხვედრამდის - დიდი გაგებით, მე თქვენთან ვარ!

 

 

 

 

 

მამა-პაპათა ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემო საყვარელო შვილებო.

მაპატიეთ ბავშვური ხედვა სამყაროსი!


 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE