კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

ამონარიდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის

ბ-ნ. ზვიად გამსახურდიას კვლევიდან

იოანე-ზოსიმეს "ქება და დიდება ქართულისა ენისა"


"ნათლისღება მაქუს ნათლის ღებად

და ვითარ შეურვებულ ვარ,

ვიდრემდე აღესრულოს!

(ლუკა 12. 50)

 

იესო ქრისტემ ამ ნათლისღებაში იგულისხმა ჯვარცმა, სიკვდილი და დაფლვა, რომელსაც მოსდევს გარდაუვალი აღდგომა. ამ ნათლისღების წინასახეა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. იგივე ნათლისღებაზე ესაუბრება იესო ქრისტე იაკობს და იოანეს, რომელნიც მოვიდნენ მასთან და სთხოვეს ნება მიეცა მათთვის, რათა ერთი მის მარჯვნივ დამჯდარიყო, ხოლო მეორე მარცხნივ. იესომ ჰკითხა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელისა, რომელსაც მე შევსვამ, შესუმად, და ნათლისღებისა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლის ღებად?“ (მარკ. 10. 38) მოციქულნი ეუბნებიან ქრისტეს, რომ მათ ძალუძთ ეს ყოველივე. ამას მოსდევს პროფეტული სიტყვები, რომელნიც ცხადყოფენ, რომ ეს ორი მოციქული მართლაც მიიღებს მომავალში ქრისტესეულ ნათლისღებას და ამგვარი ქრისტესეული ნათლისღება პირველად განხორციელდა ლაზარეზე, რომელიც მოკვდა და აღდგა, ე. ი. ლაზარე პირველი მოინათლა სულიწმიდითა და ცეცხლით, ანუ ქრისტესეული ნათლისღებით. მაგრამ მის სნეულებაზე ხომ მაცხოვარი თავიდანვე ამბობს, რომ ეს არ არის ნამდვილი, სასიკვდინე სნეულება: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან“ (იოანე 11.4). ძე ღმრთისა იდიდა იოანე მოციქულისაგან, მისი სახარებითა და აპოკალიპსისით. ქრისტესეულ ნათლისღებას ქართული ენა ღებულობს, რათა მომავალში აღასრულოს ქრისტეს მისსია. რაში მდგომარეობს ეს მისსია? გავიხსენოთ, თუ ვით ახასიათებს თავის მისსიას იესო ქრისტე პილატეს სამსჯავროს წინაშე: „ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი“ (იოანე 18.37). ხოლო ქართულ ენაზე იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში ნათქვამია: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად“. რის საწამებლად? ცხადია, ჭეშმარიტების საწამებლად. ქართულმა ენამ, ქართულმა მოდგმამ უნდა სწამოს ჭეშმარიტი, ისევე როგორც იესო ქრისტემ. მან უნდა ადიდოს ქრისტე, ისევე როგორც იოანემ ლაზარე. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.



იოანე-ზოსიმეს ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მიაჩნია ქართული ენის სიმბოლოდ, რომელიც არს „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული“. თანაც იგი იქვე იმოწმებს დავით წმიდა წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“.



რას გულისხმობს ავტორი, როდესაც ამბობს: „და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი“.



რატომ არის ნინო მარიამი, ხოლო ჰელენე მართა? მარიამი, რომელიც ნიადაგ მაცხოვარს უსმენდა და საოჯახო საქმეს არ აკეთებდა, არის სიმბოლო სულის შინაგანი მედიტაციური აქტივობისა, მარადის ღვთის ჭვრეტისა, მისტიკისა, ხოლო მართა, რომელიც ნიადაგ საოჯახო საქმეს აკეთებს, სიმბოლოა სულის გარეგანი აქტივობისა სოციალური ყოფასა და ქველმოქმედების სფეროში. ერთი მისტიური ჭვრეტის გზაა, მეორე სოციალური განვითარებისა, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და პოზიტიური თეოლოგიის ამ ორ გზას შორის პრიორიტეტს თავად მაცხოვარი ანიჭებს პირველს, ე. ი. მარიამს. ამის გამო ნინო, მისტიკოსი ქალი, ნათელმხილველი, მარადის მლოცველი და მმარხველი და მით სულიწმიდის მადლის მომპოვებელი, შედარებულია მარიამთან, ხოლო ჰელენე დედოფალი, იმპერატრისსა რომისა, სოციალურ სფეროში მოღვაწე, შედარებულია მართასთან. ამით ავტორი მიგვანიშნებს აგრეთვე იმ ორი იმპულსის თავისებურებაზე, რომელიც შემოვიდა საქართველოში მათი მეშვეობით. ერთთან დაკავშირებულია ღვთის მისტიური ჭვრეტა, მისტიური თეოლოგია, მეორესთან – ქველმოქმედება და სამართლიანობა სოციალურ სფეროში, აგრეთვე ოფიციალური დოგმატური თეოლოგია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო იდეოლოგიას. ამითვეა განმარტებული იმ ორი მოდგმის მისსიის თავისებურება, რომლის წარმომადგენლებიც არიან ნინო და ჰელენე დედოფალი.



როგორც ლაზარე-იოანე იყო მფლობელი კაცობრიობის ყოველი ეზოთერული საიდუმლოსი, ანუ საიდუმლო სიბრძნისა, ასევეა დამარხული, ე. ი. შემონახული ყველა ეს საიდუმლო საქართველოში, ქართველ ერში და არეკლილია მის ენასა და კულტურაში. მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ლაზარე და საქართველო იყვნენ მფლობელნი იესო ქრისტეს ყველა ეზოთერული საიდუმლოსი, როგორც ამას ამტკიცებს ზოგი მკვლევარი, ვინაიდან იოანეს სახარების თვალსაზრისით, ვერც ლაზარე და ვერც რომელიმე მოციქული ვერ იქნებოდა მფლობელი ქრისტეს ყველა ეზოთერული საიდუმლოსი, რამეთუ თავად მაცხოვარი ეუბნება თავის რჩეულ მოწაფეთა წრეს იოანეს სახარების ფინალში: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღა ძალგიც ტვირთუად“(იოანე 16.12), რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა მოწაფეთათვის თავისი ეზოთერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა. მას სურდა მეტის გადაცემა, მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისთვის მომწიფებულნი (ეს ლაზარესაც ეხება). გარდა ამისა, იოანესეული თვალსაზრისით, ქრისტეს ყველა საიდუმლოს არა თუ მისი მოწაფენი, მთელი სამყაროც ვერ დაიტევს: „და არიან სხუანიცა მრავალ, რომელი იქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ“(იოანე 12. 25).



ასე რომ, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოთერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შეძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის საერთოდ. მართალია, ძეგლში ნახსენები ნათლისღება ქრისტიანული ინიციაციაა, საიდუმლო სიბრძნესთან ზიარებაა, მაგრამ აშკარად ნაძალადევად გვეჩვენება ცდა „ქებაის“ გნოსტიკური ხასიათის ძეგლად გამოცხადებისა და მისი IV საუკუნით დათარიღება. სხვა რომ არ იყოს რა, გნოსტიკური ძეგლი წმ. ნინოსა და წმ. ელენე დედოფალს, ორთოდოქსული ეკლესიის ბურჯებს, ავტორიტეტებად არ მოიხსენიებდა, არამედ დაიმოწმებდა ბასილიდეს, ვალენტინუსს ან სხვა გნოსტიკოსებს და არა ეკლესიის შვილებს. გნოსტიციზმი მართალია, სწვდებოდა სახარების სულიერ სიღრმეებს და საიდუმლოებებს, მაგრამ ვერ იაზრებდა სწორად იესო ნაზარეველის მიწიერი ცხოვრების ფაქტებს, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ სიკვდილს ჯვარზე. გნოსტიკოსნი ხედავდნენ ქრისტეს ღვთაებრივ მხარეს, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ მის ადამიანურ მხარეს. ყოველივე ამის გამო გნოსტიციზმში ვერ იარსებებდა ქრისტესეული ნათლისღების, სიკვდილით ნათლისღების იმგვარი გაგება, როგორიც გვხვდება იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში. გარდა ამისა, ძეგლში გვხვდება კიდევ ერთი ნიუანსი, რომლისთვისაც დღემდე არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება და რომელიც გამორიცხავს მის მიკუთვნებას რომელიმე არაორთოდოქსული მიმდინარეობისადმი. ეს არის ძეგლის ყველა ხელნაწარში დავით წინასწარმეტყველის მოხსენიება „წ. წინასწარმეტყველად“, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა. გარდა ამისა, თუ „ქებაი“ ერეტიკული მოძღვრების შემცველია, მაშ რა სასწაულით გადარჩენილა და შემონახულა საუკუნეთა მანძილზე ეს ნაწარმოები, ისიც სინას მთის მონასტერში ღიად, აშკარად, ნუთუ იქ არ აღმოჩნდა არც ერთი მცნობი ერეტიკული მოძღვრებისა? ვით „შეეპარა“ „ყოვლისგამანადგურებელ“ ეკლესიას ერეტიკული თხზულება?, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა. გარდა ამისა, თუ „ქებაი“ არის იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის კომენტარი, ეგზეგეზა ესქატოლოგიური მისტიკის თვალსაზრისით. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ორთოდოქსია ებრძოდა ყოველგვარ ეზოთერიზმს და ინიციაციურ სიბრძნეს. ამგვარი მტკიცებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთის ეკლესიაზე . უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არეოპაგიული ტრაქტატები შეიქმნა აღმოსავლური ეკლესიის წიაღშივე, ხოლო „საიდუმლო ღვთისმეტყველება“, რომელზედაც საუბრობს დიონისე არეოპაგელი, არის იგივე ეზოთერული მოძღვრება, ანუ საიდუმლო სიბრძნე, რომელიც ყოველთვის დაწერილი სახით როდი არსებობდა, არამედ ზეპირი გადმოცემის, ე. წ. „ლოგიას“ სახით, აგრეთვე წიგნების სახით, რომელთაც ეწოდებათ „დაფარული“ წიგნები, ე.წ. „აპოკრიფები“.



აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი აბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით… დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“ (სულიწმინდის შესახებ, გვ. 322). მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ სიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი, XXV, § 29, გვ. 103). ყოველივე ამის საუკეთესო დადასტურებაა „ქებაი“-ს დარი ძეგლის არსებობა ეკლესიის წიაღშივე.



„გნოზისი“ ეკლესიის მამების ერთ-ერთი ტერმინია მათი ეზოთერიზმის აღმნიშვნელი, თუ ამგვარ გნოზისს დავუკავშირებთ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“, მაშინ ეს მისაღები იქნება, ეკლესიასთან დაპირისპირებულ გნოსტიკოსთა მოძღვრებას კი ვერ გავაიგივებთ ამ ძეგლთან. მაგალითად, თვით ანტონ პირველიც კი ხმარობდა ტერმინ „გნოზისს“ ანალოგიური მნიშვნელობით თავის „ღვთისმეტყველებაში“, სადაც ამბობს, რომ „გონება-მზე“ პეტრიწმა შემოიღო – „გნოსისინი აზნაურთა და თავისუფალთა ცნობათანი“.



ახლა დავუბრუნდეთ ისევ გამოთქმას „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. როგორც ითქვა, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოთერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შესძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის – რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ. ამ სიბრძნის არსს ასე განმარტავდა პავლე მოციქული: „არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისას საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებლად ჩუენდა“(1კორ.2. 7). ასევე ესმოდათ ეს ერთიანობა იუსტინე ფილოსოფოსს, ბასილი დიდს, ნეტარ ავგუსტინეს და სხვათა. სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელყოფს, თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და ქრისტიანობას შორის. ასე მაგალითად, კატაკომბების ფერწერაში გავრცელებულია მოტივი, სადაც ქრისტე ფიგურირებს როგორც მისტერიათა იეროფანტი კვერთხით ხელში, რომელითაც იგი აცოცხლებს მიცვალებულ ლაზარეს, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ანტიკური ინიციაციის კერების პრაქტიკა სამდღიანი სატაძრო სიკვდილისმაგვარი ძილისა, რომლისგანაც მას აცოცხლებდა იეროფანტი (რაც ხდებოდა მისტერიებში დაფარულად), ქრისტემ სახალხოდ განახორციელა ლაზარეს აღდგინებით . ასე რომ, ლაზარეს ინიციაცია ანტიური ინიციაციის გზის ახალი ეტაპი იყო. ასეთივე ღრმა კავშირი არსებობდა მზის („სოლ ინვიქტუსის“) ანტიკურ კულტსა და ქრისტიანულ კულტს შორის. არსებობს ადრექრისტიანული გამოსახულებები, სადაც „სოლ ინვიქტუს“ ფიგურირებს როგორც ქრისტე, სააღდგომო ლიტურგიის შემსრულებელი (იხ. ე. ზაუსერი, ადრექრისტიანული ხელოვნება, მიუნხენი, 1966 წ. გვ. 393, გერმ. ენაზე).



პროტო-ქართული მოდგმა და კულტურა პრეისტორიული ხანიდან უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისტერიათა კულტურასთან. უფრო მეტიც, იგი იყო შემქმნელი ამ მისტერიათა, იყო მათი კულტურტრეგერი, რაც მოსჩანს არგონავტების მითიდან, აგრეთვე ანტიურობის მწერალთა და ისტორიკოსთა სხვა წყაროებიდან, აგრეთვე „ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ფარნავაზის ინიციაცია სულიერი მზის მიერ, აგრეთვე ქვაბში საუნჯის პოვნა, რაც საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა. შემდგომში საქართველო ეზიარა ახალ, ქრისტიანულ სიბრძნეს, ქრისტიანულ ინიციაციას „ახალი ნინოს“ მეშვეობით.


 

აი, რას გულისხმობს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამბობს, რომ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია. ღვთისმშობელი, სოფია, ანუ ზეციური დედა ეზოთერული თვალსაზრისით არის დედა მისტერიებისა, იზიდა, „მაგნა მატერ“ ყველა ანტიური რელიგიებისა და კულტებისა. ხოლო პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება, სულიწმიდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება აგრეთვე პარაკლეტი, ანუ ნუგეშინისმცემელი (იხ. მ.პარმენტიერი, წმ.გრიგოლ ნოსელისეული დოქტრინა სულიწმიდისა. „ეკლეზიასტიკოს ფაროს“, ალექსანდრიის საპატრიარქოს ჟურნალი, 1976, ტ. 60, გვ. 697)



იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამცნობს თავის მოწაფეებს, რომ მომავალში სულიწმიდამ უნდა ამხილოს სოფელი ცოდვისათვის და ამავე დროს უნდა მოჰმადლოს რჩეულებს ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნე: „არამედ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე ნუგეშისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ, ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაი დასჯილ არს“(იოანე 16.7-11).



ამრიგად, სახარების მიხედვით, სულიწმიდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მოსავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას.



ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცა საღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ტვირთვა“ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათ ამ სიბრძნეს: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაი ესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე 16.12–13). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.










კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE