ვფიქრობთ საიტერესო იქნება ბატონ ჰამლეტ წულაიას
(პროფესორი, კოსმოსური სისტემების მკვლევარი, ხევების ინჟინერი)
მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც
შემოკლებული სახით შემოგთავაზებთ.
გადავინაცვლოთ ისტორიულ წარსულში. საუბარია ძველი წელთაღრიცხვის იმ პერიოდზე, როდესაც ებრაელთა ორი სახელმწიფო არსებობდა: იუდეა და ისრაელი. არსებობდა წარღვნის შესახებ ლეგენდის ამჟამინდელი ბიბლიის წინამორბედი ორი წყარო: ერთი ე.წ. იახვისტური წყარო გავრცელებული იუდეაში, ხოლო მეორე - ქურუმების კოდექსი - ისრაელში. ამ ორი ვერსიიდან ქართულად - უფლის, ღმერთის შესაბამისი ტერმინი პირველში იხმარებოდა “იახვე’’, ხოლო მეორეში - “ელოხიმ’’. შემდგომში, როდესაც მოხდა მათი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, ერთიანი ლეგენდის ფორმის მისაცემად - ეს ორი ნაამბობიც გაერთიანდა.
საკმარისია შევადაროთ ებრაელთა თქმულებები წარღვნაზე ბაბილონელთა მითოსს, დავრწმუნდებით, რომ ორივე მათგანი ურთიერთდამოკიდებულია, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ერთი მეორისაგან წარმოიშვა და ორთავეს საერთო წყარო გააჩნდა. ორივე წყაროში ღვთიური ძალები წარღვნის საშუალებით ადამიანთა მოდგმის განადგურების თაობზე იღებენ გადაწყვეტილებას; ორთავეში ამ ფარულ გადაწყვეტილებას ღმერთი ანდობს მის მიერ შერჩეულ ადამიანს და ავალებს მას ააშენოს დიდი ხომალდი, რომლითაც გადარჩება და გადაარჩენს ყოველგვარ “სიცოცხლის თესლს’’. შემთხვევითი არაა ისიც, რომ ბაბილონის ლეგენდის მიხედვით, წარღვნისაგან გადარჩენილი გმირი ბაბილონის მეათე მეფე იყო, ხოლო ებრაელთა ლეგენდის მიხედვით - ნოე ადამის მოდგმის მეათე თაობა იყო. ორივე შემთხვევაში, ღმერთის მიერ გამორჩეული და გაფრთხილებული პირი აგებს რამოდენიმე სართულიან ნაგებობას და შეჰყავს თავისი ოჯახი და ყოველგვარი ცხოველები. ორივე შემთხვევაში წარღვნა გამოწვეულია კოკისპირული წვიმებით და გრძელდება რამოდენიმე დღე. ორივეში წარღვნისაგან იღუპება მთელი კაცობრიობა მოქმედი პირისა და მისი ოჯახის გარდა. ორივე შემთხვევაში გმირი უშვებს ყვავსა და მტრედს, ეს უკანასკნელი რამოდენიმე ხნის მერე ბრუნდება, ყვავი კი არა. ორივე შემთხვევაში კიდობანი მიადგება მთას და მადლიერი გმირი მთის მწვერვალზე ღმერთს შესაწირს მიუძღვნის. ღმერთები შეისუნთქავენ შეწირულის არომატს და მათი რისხვა ნელდება.
ზოგიერთი წვრილმანების აღწერაში ქურუმების ტექსტი უფრო ახლოსაა ბაბილონელთა ტექსტთან. მაგ., ორივე ტექსტში ხომალდის ასაშენებლად ზუსტი ზომებია მითითებული და იარუსებად არის აშენებული. ბაბილონელთა ლეგენდა წარღვნაზე აღწერილია პოემა გილგამეშზე - მეთერთმეტე თავში, რომელიც უფრო ადრეული შუმერული წყაროებიდან არის გადმოღებული. ერთადერთი განსხვავება მათ შორის მხოლოდ მოქმედი გმირების სახელებშია.
თუ შევაჯამებთ მსოფლიოს წარღვნის შესახებ ჩვენამდე მოსულ ზეპირსიტყვიერ და წერილობით მასალას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დედამიწაზე ასეთი მასშტაბური კატასტროფა მართლაც მომხდარა და ლეგენდა წარღვნის შესახებ და აუცილებლად წყლით, ყველაზე გავრცელებული ერთერთი უძველესი ლეგენდაა მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებში.
ყურადღების ინტერესს იწვევეს არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი წინაისტორიული ფირფიტები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII საუკუნეს, მეფე ამაზადუგას ხანას მიეკუთვნება და წარღვნის ამბებს შეიცავს. მოგვიანებით კი უფრო ძველი ფირფიტებიც იყო აღმოჩენილი შუმერთა ქალაქის - ნიპურის გათხრებისას, რომელთა ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXI საუკუნით თარიღდება. ამდენად, რადგანაც უფრო ძველი დოკუმენტური მასალა ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შუმერული აღწერილობა წარღვნის მოვლენების შესახებ უძველესია, ხოლო სხვა დანარჩენები, მათ შორის ბიბლიის ნაწილი, სადაც წარღვნაზეა საუბარი, მისი გადაკეთებული ასლია.
ახლა თვით კიდობნის შესახებ. როგორც ვნახეთ, ბაბილონელთა ვერსიით კიდობანი ნიცირის ქვეყანაში მთა ნიცირმა შეაკავა. ბიბლიის მიხედვით კი - კიდობანი ხუთი თვის შემდეგ არარატის მთებთან შეჩერდა. ამ უკანასკნელის შესახებ მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს, აქ კი შევნიშნავთ, რომ თქმულება კიდობნის შესახებ ჩვენშიც არსებობს, თუმცა იგი თითქმის აღარაა გავრცელებული. დასავლეთ საქართველოში არის სოფელი ნუნისი, რომელიც ცნობილია სამკურნალო წყლებით და საკურორტო ადგილია. ადგილობრივმა მოსახლეობამ გადმოცემით იცის, რომ არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად სოფლის მახლობლად წინაპართა მიერ აგებულია ქვის ძველი ნაგებობა (კიდობანი) და მიგვითითებენ ტყის მასივში ჩასმულ მთაზე, რომელიც ხელით ნაგებიაო.
ისეთი გრანდოიზული ვერსიის თამამად გამოთქმა, რომ ნოეს კიდობანი საქართველოშია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, შესაბამის დამადასტურებელ ნივთმტკიცებას მოითხოვს. მითუმეტეს, რომ მსოფლიოს აზრი კიდობნის შესახებ უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა და შეეგუა ბიბლიაში გადმოცემული ცნებების მარტივად და ცალსახად გაგებას, ყოველ შემთხვევაში ამ ნაწილში. თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ ბიბლიაში მოყვანილი ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ კარგადაა დაშიფრული.
თუ ნუნისთან მართლაც არის ნოეს კიდობანი, თქმულების გარდა ხომ არ არის რაიმე ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთი ან ძეგლი, რომელიც ამაზე მიგვანიშნებდა? პასუხი დადებითია - არის!
საქართველოს მრავალათასიან ძველ ხუროთმოძღვრების ძეგლებს შორის ერთ-ერთი ღირშესანიშნავია მცხეთის “სვეტიცხოველის’’ ტაძარი, რომელიც აგებულია მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში (1010-1029). მის ჩრდილოეთ კედელში ჩასმულია ქვაში ამოკვეთილი გონიო და წყრთა. უკვე თითქმის ათი საუკუნეა ამ გამოსახულების დანიშნულება და მასში ჩადებული აზრი იდუმალებითაა მოცული. როგორც ჩანს უკვე მოვიდა ის დრო, როდესაც საქვეყნოდ უნდა გამჟღავნდეს მისი საიდუმლოება, რომელიც ერთი შეხედვით ამ უბრალო გამოსახულებაშია ჩაშიფრული.
წყრთა პირდაპირ მიგვანიშნებს მისი წარმოშობის წყაროზე - ბიბლიაზე, სადაც იგი საზომ ერთეულადაა გამოყენებული და ამიტომ გასაღებიც ბიბლიაში უნდა მოგვეძებნა. მეორეც გონიო, რომელიც მასთან ერთადაა გამოსახული - სამშენებლო იარაღია და მართი კუთხეების ასაზომად გამოიყენება. ასეთი თანწყობით გამოსახულებას ანალოგი არ მოეძებნება სხვა ძველ არქიტექტურულ ძეგლებში და არა მხოლოდ საქართველოში. დაკვირვებით შევამჩნევთ, რომ თუ მისი შიგა კუთხე დანიშნულებას ამართლებს (მართი, სწორი კუთხის შემოწმება), ამას ვერ ვიტყვით გარე კუთხეზე, რადგან მცირე გვერდის გარე ზედაპირი აშკარად რკალისებურია. არადა სამშენებლო გონიოს გარე კუთხეც მართი უნდა იყოს. მაშასადამე იგი ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო იარაღის მოთხოვნას. მაშ რას გვიჩვენებს იგი?
მივმართოთ ბიბლიას, კერძოდ მის პირველ თავს - დაბადებას, სადაც უფალი ღმერთი ნოეს კიდობნის აგებას ავალებს და მიუთითებს თუ რა ზომებით და როგორ უნდა ააგოს იგი: “და ესრეთ ჰქმნა კიდობანი: სამასი წყრთა სიგრძე კიდობნისა, და ერგასისი წყრთა სივრცე და ოც და ათი წყრთა სიმაღლე მისი.’’
თუ ავიღებთ ორი მათგანის შეფარდებას, კერძოდ სიმაღლის შეფარდებას სიგანესთან, იგი ისეთივეა, როგორც კედელზე გამოსახულ გონიოს (მცირე გვერდის შეფარდება დიდ გვერდთან), ხოლო ფარდობა კიდობნის სიმაღლისა მის სიგანესთან გამოდის 0.618, ან პირიქით, სიგანის სიმაღლესთან 0.618. ეს რიცხვი კარგადაა ცნობილი არქიტექტურასა და მშენებლობაში და ცნობილია პითაგორას “ოქროს კვეთის’’ სახელწოდებით. ჰარმონიის გამომხატველი ეს რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცოცხალ ბუნებაში, ასევე მუსიკაში და კოსმოსში და არ შეიძლებოდა პითაგორაზე გაცილებით ადრე, მას ვინც ნოეს დავალება მისცა, ეს მომენტი არ გაეთვალისწინებინა და არ ჩაედო იგი კიდობნის აშენების საფუძვლად. მაშასადამე გონიო გვიჩვენებს კიდობნის განივკვეთის ზომებს (ხომ არ მიგვანიშნებს იგი აგრეთვე ვეშაპის განივკვეთის ფორმას?). ჭეშმარიტებას შემდეგი კვლევები დაადგენს, ახლა კი მივხედოთ კიდობნის მესამე ზომას - სიგრძეს. იგი ზუსტად გვიჩვენებს მასშტაბში მანძილს მცხეთის “სვეტიცხოველის’’ ტაძრიდან კიდობნამდე. ბიბლიაში მითითებული კიდობნის სიგრძე - 300 წყრთა ცხადია ძალზე მცირე იქნებოდა იმისათვის, რომ კიდობანსა და მის მიმანიშნებელ ორიენტირს შორის მანძილს ეზოთერული აზრი შეენარჩუნებინა. მის წინასწარ განსაზღვრაში ჩადებულია ბიბლიაში კარგად ცნობილი 1000 ერთეულის 1 ერთეულად წარმოდგენის პრინციპი: “არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.’’ /მეორე პეტრესი; 3-8/ მაშასადამე ამ მანძილში (მცხეთის ტაძრიდან კიდობნამდე) გამოყენებულია ეს პრინციპი ანუ ათასჯერ მეტი სიდიდე, რაც 300000 წყრთას შეადგენს. როგორც ცნობილია ანგელოზის წყრთა მეტრულ განზომილებაში შეადგენს 48 სმ-ს. თუ აღნიშნულ მანძილს წყრთეულიდან მეტრულში გადავიყვანთ, გამოვა - 144000 მ., ანუ 144 კმ. მაგრამ საით გადავზომოთ იგი? ამაზე პასუხს თვით გამოსახულება იძლევა, რადგან იგი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზეა ამოტვიფრული. თუ გონიოს ქვედა წვერებს შევაერთებთ წარმოსახვითი სწორი ხაზით, რომელიც რა თქმა უნდა ჰორიზონტალური იქნება და მიღებული სამკუთხედის მცირე კუთხისაგან გავაგრძელელბთ (ისრის, ბუნიკის, შუბის მიმართულებით), მივიღებთ მკაცრად დასავლეთის მიმართულებას, რომელიც დიდი სიზუსტით განსაზღვრავს კიდობნის ადგილმდებარეობას.
ახლა კვლავ დაუბრუნდეთ ბიბლიის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვით წარღვნის წყლები 150 დღე ძლიერდებოდნენო, შემდეგ კი თანდათანობით აკლდებოდნენ და საბოლოოდ წარღვნის დაწყებიდან 364 დღის შემდეგ მიილივნენ. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ წყალმა 15 წყრთით დაფარა ყველაზე მაღალი მთებიო. სხვებს თუ არ შევეხებით, არარატის მთა 5000 მეტრზეა ზღვის დონიდან და დედამიწის ზედაპირის ასეთ სიმაღლეზე წყლით დაფარვა მარტივი გაანგარიშებით დაახლოებით 1.3-ჯერ მეტი წყლის რაოდენობას მოითხოვს , ვიდრე დღეს არის დედამიწაზე. ან სად წავიდა წყლის უზარმაზარი მასა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ინერციული და გრავიტაციური ცვლილებები. თუმცა ამ უხერხულობის ახსნაც შეიძლება. ოკეანის ყველაზე დიდი სიღრმეა 11კმ (მარიანის ღრმული), ხოლო მსოფლიო ოკეანის საშუალო სიღრმეს თუ გამოვიანგარიშებთ - იგი 3.8 კმ-ის ტოლია. წყლის ხმელეთზე ამოსვლის შემდგომ ამდენივე სიმაღლის ტალღა მაინც შეიქმნებოდა და თავზე გადაევლებოდა ამაღლებულ ადგილებსაც.
წარღვნის დამთავრების შემდეგ დედამიწის კუთხური სიჩქარეც გაიზარდა და წელიწადის ხანგრძლივობაც. თუ მანამდე წელიწადი 364 დღეს შეადგენდა, კატასტროფის შემდეგი წლის ბოლოს, რომელიც წარღვნის ხანგრძლივობას ემთხვევა, გახდებოდა 365 დღე. ამის შესახებ ვკითხულობთ ევროპის ძველი მოსახლეობის - კელტების ქურუმების მითოლოგიაში: “დრუიდების ბარდები ამტკიცებენ, რომ, როდესაც ნოე გამოვიდა კიდობნიდან (ახალი ციკლის დასაწყისი) და გაატარა მასში ერთი წელი და ერთი დღე, ე.ი. 364+1 = 365 დღე, ნეპტუნმა მიულოცა მას წარღვნის წყლებიდან დაბადება და უსურვა მას ბედნიერი ახალი წელი’’. ბიბლიაში მოყვანილ ფაქტებს, განსაკუთრებით რიცხობრივ სიდიდეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ფარული აზრი უნდა ამოვიკითხოთ. და კიდევ ერთი, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ციტატაში იმ ფაქტს, რომ ნოე კიდობნიდან გ ა მ ო ვ ი დ ა, რასაც ცხადია ვერ ვიხმართ წყალზე მოცურავე, თუნდაც ხმელეთზე მდგომი გემის მიმართ.
და თუ მაინც მტკიცედ დავდგებით იმ პოზიციაზე, რომ კიდობანი მოძრავი იყო, საჭირო იქნება რამოდენიმე არგუმენტის უარყოფა. გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, საღი აზრი მოითხოვს იმ აბსურდის დამტკიცებას - თუ როგორ შეეძლო კილომეტრობით სიდიდის ტალღებში უვნებლად ეცურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მართვის სისტემების გარეშე, თითქოსდა ხისგან დამზადებულ კიდობანს, მის ბინადრებზე რომ არაფერი ვთქვათ?! გარდა ამისა ეჭვს ბადებს ისიც, რომ ბიბლიაში კოდირებული განსაზღვრით კიდობანი მიადგა არარატის მ თ ე ბ ს, მაშინ როდესაც არარატი ერთი მთაა, თუნდაც რამოდენიმე მწვერვალი რომ ჰქონდეს. მთებში მწვერვალები რომ არ იგულისხმება დაბადების დასაწყისში მოყვანილი ტექსტიდანაც ჩანს (იხ. თავი 5; მუხ.4,5). იმ რეგიონში, რომელზედაც ბიბლია მიუთითებს, დედამიწის არარატის მთაზე უფრო მაღალი წამონაზარდებია - იალბუზი (5642 მ) - კავკასიონის მთებში და ვულკანი დემავენდი (5604 მ) - ელბრუსზე. თუ ეს უკანასკნელნი უფრო გვიანდელი პერიოდის წარმონაქმნებია ან მეშვიდე თავის მე-19 მუხლში საუბარი მხოლოდ ამ ადგილმდებარეობაზეა, სადაც არარატის მთა ყველაზე მაღალია, მაშინ მითუმეტეს მემატიანე მის მწვერვალებზე მიუთითებდა.
დასტურად იმისა, რომ არარატის ცნების არეალი უფრო ფართო ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე ამ მთის პერიმეტრითაა შემოსაზღვრული, ისევ ბიბლიას მივმართოთ: მეოთხე მეფეთა, მე-19 მუხლში, რომელშიც სიტყვა-სიტყვით მეორდება ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამი: “ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.’’ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი: ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ კიდობანში მამაკაცები გამოყოფილნი იყვნენ ქალებისაგან; კაცები განლაგდნენ კიდობნის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო ქალები - დასავლეთში. საკითხავია, თუ კიდობანს აღმოსავლეთი და დასავლეთი ჰქონდა, როგორ შეიძლებოდა ის მოძრავი ყოფილიყო?! იგი აუცილებლად დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, რადგან აღმოსავლეთი და დასავლეთი მხოლოდ მზის ხილულ ამოსვლა-ჩასვლასთან არის დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კიდობანი სტაციონარული არ იყო და ქაოტურად დაცურავდა წარღვნის წყლების ზედაპირზე, შეუძლებელია მას აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილები ჰქონოდა.
წარღვნის შემდგომ დედამიწას ბრუნვის ახალი ღერძი გაუჩნდა. სწორედ ესაა კოდირებული ბიბლიაში, ნოეს წარღვნის შემდგომ გაშვებული ყვავისა და მტრედის სახით, რომლებიც შესაძლოა მათ ერთსახელა თანავარსკვლავედებს შეესაბამებიან. ყვავი საბოლოოდ უკან აღარ დაბრუნებულა, ანუ დედამიწამ ორიენტაცია შეიცვალა. ამავე თეორიით მრავალი მოვლენის ახსნა შეიძლება დედამიწაზე, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.