ხე სიცოცხლისა - გონსახიერებით შენს მომავალს ანუ განმარტე ხება შენს შინაარსში და იცოდე: კეთილი შემოქმედების სივრცე გახსნილია და უზენაესისაგან ხარ კურთხეული. თავისუფლად მომავალისაკენ სვლა, შიშისა და ყოყმანის გარეშე, სითბოთი და სიყვარულით - ბრძანა უფალმა უფლებათამან.
პაწაწუნა ჩიტი, ღობემძვრალა, ერთი ბუმბულით იწყებს თავისი ბუდის ამოწნას, ამ ჩიტს მეორე სახელი - წივწივა ჰქვია. პატარაა, მაგრამ დაუღალავად შრომობს, აშენებს და ნადირობს, ცოტა როდია ეს საზრუნავი.
არ შეუცვლია ციცქნა წივწივას ღმერთისაგან ნაჩუქარი საქციელი და მოჰყვება მას ედემიდან დღეინდელად დღემდე თავისი საოცარი სახება, ჩიტი!
გამოქვაბულში ცხოვრებისას დამიმეგობრდა იქაური წივწივა, თითქმის ყოველ ცისკრის ლოცვასა და საგალობელს ესწრებოდა. ტყეში თუკი სადმე გადავაადგილდებოდი, ხშირად თან დამყვებოდა. ერთხელ დედაბერას მთის მწვერვალამდე ამომყვა, რა ლამაზია სათნოებითა და სიყვარულით ბუნებასთან კავშირი, გავიფიქრე და მთელს სხეულში სითბო ჩამეღვარა.
მერე დავფიქრდი და მენიშნა, სანამ არწივის მწვერვალებს მიაღწევ, ჯერ წივწივას შინაარსში უნდა ჩაწვდე და შეიგრძნო უხილავი სიყვარული წივწივასი, როგორ შემოგფრთხიალებს და სიცოცხლესთან როგორ თანაზიარობს შენთან ერთად.
უცნაური ლოცვა დაბადა ამ მშვენიერმა არსებამ ჩემში:
წივწივასავით პაწაწუნა ჩემო სამშობლო,
არწივის მწვერვალებისაკენ აღძრას ღმერთმა
შენი გონი, გული და სული!
ის პაწაწუნა ჩიტია და ჩიტად დარჩება მარადიულობაში, მატრიცაში, თუ მოინდომებს ღმერთი გაიყვანს მარადიულობიდან დროში და ხორციელ ცხოვრებაში, ან პირმიღმა.
კენჭა-ბერი