თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა
თავი Ⴄ
და თქუა მეხუთისა თავისათჳს, რამეთუ: კაცი მსგავს არს მეუფებასა ღმრთეებისასა
ხოლო შუენიერებაჲ საღმრთოჲ არა გამოხატულ არს შუენიერებითა ფერთაჲთა, არამედ უზეშთაესითა წესითა, რომელი მიუთხრობელ არს გულისხმის-ყოფად. და ვითარ-იგი მხატვართა ღონის-ძიებაჲ ყვიან ფერითა მრავლითა წამალთაგან თითოსახეთა და შეზავიან ყოველივე იგი მსგავსად ჯერისა მის, რაჲთამცა მიამსგავსეს შუენიერებასა მას ძირისასა ზედა-მიწევნით, და ესრჱთვე გულისხმა-ყავ დამბადებელისაჲ, რამეთუ შეამკო ბუნებაჲ კაცობრივი სათნოვებითა მრავლითა მსგავსად ფერთა შუენიერთა და აჩუენა ჩუენ შორის მსგავსად ძალისა თჳსისა შემკულებაჲ ყოვლითა, რომლითა იცნობების ცხორებაჲ იგი ჭეშმარიტი, არა წითლითა მბრწყინვალითა გინა სხჳთა წამლითა, რომელი თანა-შეზავიან მას შუენიერებისათჳს ხატისა და არცა შავითა, რომლითა გამოსახნიან წარბნი და თუალნი სხუათა მათ ფერთა თანა საშუე[ნე]ბელად ხატისა, ვითარ-იგი ღონის-ძიებით ყვიან მხატვართა, არამედ ნაცვალად ამათსა უბიწოვებაჲ და სიწმიდჱ და სიწრფოვებაჲ და განშოვრებაჲ ყოვლისაგან ბოროტისა. და ესევითარითა სახითა, რომლითა ემსგავსების კაცი დამბადებელსა თჳსსა, და ამით ფერითა შეამკო დამბადებელმან ხატი თჳსი, ესე იგი არს ბუნებაჲ ჩუენი. და უკუეთუ შენ მოაწიო გონებაჲ მიხედვად სხუათა მათ არსთათჳს, რომელ იცნობების მით შუენიერებაჲ ღმრთისაჲ, უკუე ჰპოვო მსგავსებაჲ ბუნებასა ჩუენსა შინა.
ღმრთეებაჲ არს გონებაჲ და სიტყუაჲ, რამეთუ „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ“. და რომელნი-იგი არიან რიცხუსა პავლჱს მოციქულისასა, „აქუს მათ გონებაჲ ქრისტჱსი“, რომელი-იგი ზრახავს მათ შორის. და კაცი არა შორს არს ამათგან. რამეთუ იხილვების შენ თანა სიტყუაჲ და სიბრძნჱ, მსგავსად სიტყჳსა მის ჭეშმარიტისა, და გონებაჲ. და რამეთუ ითქუმის კუალად, ვითარმედ ღმერთი სიყუარული არს და თუალი სიყუარულისაჲ, ვითარ-იგი თქუა იოვანე მახარებელმან, ვითარმედ: „სიყუარული ღმრთისაგან არს და ღმერთი სიყუარული არს“. და ესე სახჱ ყო ჩუენთჳს დამბადებელმან ბუნებისამან და თქუა: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ თქუენ იყუარებოდით ურთიერთას“. და ოდეს ვერ დაემთხჳოს ესე სახჱ, უკუე შეცვალებულ არს მსგავსებაჲ კუალად. და რამეთუ ღმერთი ჰხედავს ყოველსავე და ესმის ყოველი ესე და გამოეძიებს ყოველსავე და შენცა კუალად გაქუს კეთილად ხილვაჲ და სმენაჲ და სიბრძნჱ ცხოველი, რომლითა გამოეძიებ ყოველსავე.
„შატბერდის კრებული“