კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

ოთახი. სიბნელე სანთლის ალმა გაანათა. საბა წამოდგა, სანთელი დიას მიანათა. ქალს ეძინა, მისი სახე აბსოლუტურ სიმშვიდეს ასხივებდა. ერთ ხანს ასე დასქეროდა, მერე წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა, მეპრორეს საწოლზე ჩამოჯდა, ქვემოდან სკივრი გამოაცურა. სახარება და რვაქიმიანი დაფა ამოიღო, თვლები ამოყარა, სახარება გადაშალა და კითხვა დაიწყო. შიგადაშიგ სამფეროვან თვლებს დაფის ამოღრუტნულ ადგილებში აწყობდა. ამ საქმიანობამ მთლიანად შთანთქა საბას ცნობიერება და როდესაც მის წინ დიას სახე გამოჩნდა, გაკვირვებითაც კი შეხედა ქალს.

 

- მამაჩემიც ასეთი იყო... მთელი ცხოვრება ამ დაფას ჩაჰკირკიტებდა! ბოლოს დაფასთან ერთად იძინებდა, დედას სულ აღარ ეკარებოდა, დარდს გადაჰყვა ქალი! - ხმადაბლა შთაგონებით ლაპარაკობდა დია.

 

საბა ქალის გრძელ ყელს მისწვდა, ხელი ლოყაზე ააცურა. დიამ მის ხელისგულს თავი მოადო და თვალები დახუჭა. ვაჟი საკოცნელად დაიხარა. იატაკზე დაფიდან გადმოცვენილი სამფეროვანი თვლების კაკუნი გაისმა. დია გონს მოეგო, წამოხტა, წუთიერ დაბნეულობაში იყო. საბა არ განძრეულა, ქანდაკებასავით ერთ პოზაში გაიყინა, მხოლოდ მისი დაფიქრებული თვალები გასცემდა ამ ქვეყნად არსებობას. დიას სხეული ზურგიდან შემოეხვია ვაჟს, ქალმა ხელები შემოაჭდო, თავზე აკოცა და მაგრად ჩაეხუტა.

 

- ჩემს ნახვას თუ გადაწყვეტ, ვარდების გზას გამოჰყევი! - იმ ქალივით წარმოსთქვა დიამ, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ბედის გარდაუვალობა.

 

დღე. საბას ტიკისაგან დამზადებული მეპრორეს ძველი ჩანთა გადაეკიდა მხარზე და კავზე დაყრდნობით ნელ-ნელა მიაბიჯებდა. დამშვიდებული ზღვა შრიალით ეალერსებოდა სანაპიროს. ვაჟის ფეხი ღრმად ეფლობოდა ქვიშაში და უკან უწყვეტ კვალს ტოვებდა. შიგადაშიგ წყალი შლიდა მის ნაფეხურებს.

 

საბა უეცრად შედგა, ზღვას გახედა, უკან მოიხედა, რადგან ზღვის შრიალში დიას სიცილი მოესმა. შემოტრიალდა და მეთევზის ქოხისაკენ გასწია. მისი სული ნელ-ნელა უსასრულო გრძნობით ივსებოდა. ბოლოს ადგილს მოსწყდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

 

პატარა ბორცვის უკან, სადაც მეთევზის ქოხი ეგულებოდა, კვამლი ამოდიოდა. ბორცვს შემოურბინა და ელდანაცემივით ადგილზე გაქვავდა. მისი აღტაცება უცბად ჩაქრა...

 

მეპრორეს ქოხი არსად ჩანდა. მხოლოდ ჩამწვარ-ჩაფერფლილ ნაცარს ასდიოდა კვამლი.

 

ღამე. სავსე მთვარის შუქი ანათებდა არემარეს. მდინარესთან ახლოს, კოცონის გარშემო ბოშათა ბანაკი მოჩანდა. ვიწრო, მაგრამ ღრმა მდინარეში სრულიად შიშველი ატრა შავ ბედაურს შემოჯდომოდა და მის ფაფარს წყალს ასხავდა. ცხენი სიამოვნებისაგან გატრუნულიყო. ნაპირთან ჩირაღდანმომარჯვებული ტაბუ გამოჩნდა. ქალის დანახვაზე ატრამ სიღრმეში შეიყვანა ცხენი.

 

- ჩაიცვი და გამომყევი... შენ გამაცილებ! - მკაცრად წარმოთქვა ტაბუმ და იქაურობას გაეცალა.

 

ატრამ ცხენი წყლიდან ამოიყვანა, ბუჩქებში შეაგდო, გადმოხტა და სასწრაფოდ ჩაცმა დაიწყო.

 

ჩაბნელებულ ტყეში ერთერთი ხის ძირში ტაბუ კოცონის წინ იჯდა და თითები დაფაზე დამაგრებულ ხუთ ლურსმანზე გაბმულ-გამობმულ ძაფებში გაეხლართა. ატრა მიუახლოვდა. ტაბუმ თვალებით ანიშნა, რომ მის გვერდზე დამჯდაროყო. ორივე ცეცხლის ენებს შეჰყურებდა. ტაბუმ ნელ-ნელა ცეცხლისაკენ დახრა დაიწყო, ატრამ იგივე გააკეთა.

 

- აღსრულების ჟამი დადგა... დროა, შენ უნდა წახვიდე მთებში! ლაზარეს ნახავ... დანარჩენი კი უკვე დიდი ხნის წინაა გადაწყვეტილი! - გაყინული ხმით წარმოთქვა ტაბუმ და სახე მოაშორა ცეცხლს. ატრაც გაიმართა.

 

- მაგრად ჩამჭიდე ხელი... ბოლომდე არ გამიშვა! - თქვა ტაბუმ და ხელი კაცისაკენ გააცურა. ატრამ მაგრად ჩაბღუჯა ქალის დანაოჭებული გამხმარი ხელი. ქალმა მეორე ხელით თავისი მაგიური დაფა კოცონში ჩააგდო. ცეცხლის ენებმა სწრაფად შთანთქეს ძაფები, ლურსმნები წითლად აელვარდნენ. ტაბუმ ნელ-ნელა წინ და უკან ქანაობა დაიწყო, რითმს აუჩქარა და მალე მისი ჯინჯილების ჟღარუნს ტაბუს ხმა შეუერთდა.

 

- აია აია, აია აია,

აია აია, აია აია,

აია აია, აია აია,

აია აია, აია აია,

აია აია აია აია!

 

უცბად ტაბუს ხმა შეწყდა, ქალის ფარფაშა კაბის ქვემოდან სითხემ გამოჟონა, ცეცხლს შეუერთდა და აშიშინდა. ატრამ მაჯა მოადუნა და ქალის ხელი ბალახზე გაცურდა.

 

ქალის უსულო გვამი ხეზე მიყუდებულიყო, თვალები ღიად დარჩენოდა და გალურჯებული ტუჩები საზარლად შეხსნოდა.

 

საპყრობილე. საკნის მომცრო სარკმლიდან შორს ზღვა მოჩანდა. საღამო იყო. მოღრუბლული ამინდი. საბამ მეპრორეს ჩანთა გისოსებში გააცურა და ქვემოთ გადააგდო. საკანში დაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა. კარს იქიდან, ქვაფენილზე ასხლეტილი ნაბიჯების ხმა მოისმა. საბა კედელზე მიყუდებულ კავს მისწვდა, ოდნავ წელში მოიხარა და ჩამოეყრდნო. საკეტმა გაიჩხაკუნა და მის წინ სამი შეიარაღებული ქალი გამოჩნდა.

 

- მოგვყევი! - წარმოთქვა უფროსმა მცველმა, ვაჟი შუაში ჩაიყენა და ციხესიმაგრის შიგა დერეფანს გაუყვნენ. საბა კავზე დაყრდნობით კოჭლობ-კოჭლობით მიჰყვა ქალებს.

 

ქალები, რომლებიც საბას უკან მიჰყვებოდნენ ცნობისმოყვარეობით თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდნენ მამაკაცს. გარეთ გამოვიდნენ, გალავნის კიბეს ჩამოუყვნენ და მშვენიერ ბაღში აღმოჩნდნენ, სადაც რამოდენიმე პალმა, ტროპიკული ყვავილები და მაგნოლიის დაბალი, ფართოფოთლოვანი ხეები იდგა. ბაღის შუაში პატარა შადრევანი ამოჩქეფდა. ყვავილების გვერდით ორი წყვილი ქალი მოჩანდა, რომლებიც ერთმანეთს ეხვეოდნენ. საბას დანახვაზე ალერსი შეწყვიტეს და ცნობისმოყვარე ღიმილით გააყოლეს თვალი.

 

დიდი ლამაზი კარები გაიღო. ორი შეიარაღებული ქალი კარებთან დარჩა უფროსი მცველი საბას შეუძღვა დარბაზში. მდიდრულად გაწყობილ, აბრეშუმ-გადაკრულ რბილ ტახტზე ულამაზესი ქალბატონი იჯდა. ტახტის ახლოს, ორი ფეხმორთხმული ქალი დედოფალს შეჰყურებდა და მის უბრალო ნიშანსაც კი ელოდებოდა.

 

- ციხესიმაგრის მფლობელი, ულამაზესი დედოფალი მელანიპა! - ომახიანად დაიძახა უფროსმა მცველმა.

 

საბა დედოფალს წარუდგა.

- გლახაკი,... მათხოვარი ვარ. შემთხვევით მოვხვდი თქვენს სამფლობელოში! - მდაბლად დაუკრა თავი საბამ.

 

მელანიპა მაგდას სრული განსახიერება იყო. დედოფალი დიდი ინტერესით ათვალიერებდა კაცს. საბამ თავი ასწია და დედოფალს შეხედა, მელანიპას ვნებიანად გაეღიმა.

 

- აქედან ვეღარ გაგიშვებთ, რადგან ჩემი ციხე-სიმაგრის გასასვლელები ნახე...

- და აქაც ვერ დაგტოვებთ, რადგან ქალებს შორის განხეთქილების საგნად შეიძლება იქცე! - მკაცრად წარმოსთქვა მელანიპამ.

- ულამაზესო ქალბატონო! - უფრო მდაბლად დახარა თავი საბამ.

- დიდო ქალბატონო, უმორჩილესად გთხოვთ თქვენთან დამტოვოთ... რაც შეეხება განხეთქილებას... საჭურისი ვარ! - დარცხვენილმა დახარა თავი საბამ.

 

მელანიპამ ეჭვით შეხედა.

 

- თუ ასეა, ჩემს პირისფარეშად გნიშნავ! - ბრძანება გასცა მელანიპამ და დააყოლა:

- ღამე მომგვარეთ!

 

ღამე. საბამ ფრთხილად შეაღო კარი და დედოფლის საწოლ ოთახში შევიდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. მელანიპა სრულიად შიშველი პირქვე იწვა მდიდრულად მოწყობილ, ფარდებიან ტახტრევანზე. კედელზე დამაგრებული ჩირაღდანი ქალის სხეულს ინტიმურ სინათლეს აფრქვევდა. დედოფალმა თვალები ოდნავ გაახილა და საწოლთან მიდგმულ სკამზე მიანიშნა ხელის გრაციოზული მოძრაობით. საბა კოჭლობ-კოჭლობით მიუახლოვდა და ფრთხილად ჩამოჯდა. მელანიპა ყურადღებით დააკვირდა კაცს და თვალები მილულა, ვერ გაიგებდით უყურებდა თუ არა საბას. კაცს ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შეუხედავს ქალის შიშველი სხეულისათვის.

 

- მთლად მათხოვარსაც არ გეხარ! - გამომცდელად წარმოთქვა მელანიპამ და თვალები გაახილა.

 

- რაც მოგახსენეთ, ყველაფერი მართალია... მაგრამ თქვენც მართალი ხართ, მოხეტიალე ფილოსოფოსსაც მეძახიან! - თქვა საბამ, ისე რომ თვალი არ მოუშორებია დედოფლის გამჭოლი მზერისათვის.

 

- ჰმ! - ჩაიცინა დედოფალმა. - მაშ ბევრი რამე გეცოდინება!

 

- ზოგი რამ მართლა ვიცი ქალბატონო! - თავმდაბლად მიუგო საბამ.

 

მელანიპა ბალიშის ქვეშ შეძვრა, წიგნი გამოიღო და საბას გაუწოდა.

 

- ამის თუ გაგეგება რამე?! - ძილმორეული ადამიანივით წარმოთქვა მელანიპამ და ისევ მილულა თვალები.

 

საბას ზუსტად ისეთი სახარება ეჭირა ხელში, მეპრორემ რომ აჩუქა, მხოლოდ ერთი განსხვავებით, თევზს თავი საპირისპირო მხარეს ჰქონდა. საბამ ქალს შეხედა, დედოფალს თვალები არ გაუხელია. კაცმა წიგნი გადაფურცლა, რამდენიმე ადგილი გადაიკითხა, მერე ფრთხილად დახურა წიგნი, ქალის ფეხებთან დადო, დაიხარა და მელანიპას თეძოსთან აკოცა. საბას არ შეუწყვეტია ამბორი, ფრთხილად, ვნებიანად მთელ სხეულს უკოცნიდა ქალს. მელანიპამ ერთ ხანს იყუჩა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, საბასკენ გადმოტრიალდა, აღგზნებული თვალები შეანათა, ვნებიანად გაუღიმა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: - ასეც ვიცოდი!

 

მელანიპა საბას ტუჩებს დაეწაფა. უცბად შეჩერდა და გამომცდელად შეხედა კაცს.

 

- თუ სადმე თქვი, იცოდე თავს მოგჭრი! - მკაცრად წარმოთქვა მელანიპამ.

- თქვენი მონა-მორჩილი ვარ დიდო ქალბატონო! - სრულიად სერიოზულად, მსახურის ტონით თქვა საბამ.

 

მელანიპას გაეღიმა და საბას თვითონ დაუწყო ტანისამოსის გახდა. ახლა მელანიპა კოცნიდა საბას მთელ სხეულზე. მათ ფეხებთან მეპრორეს სახარების ასლი იდო.

 

თითქმის ჩამწვარი ჩირაღდანი და ბუხრის ცეცხლი ოდნავღა ანათებდა ოთახს. საბა წამოდგა, ქალი ზურგშექცევით იწვა და მშვიდად სუნთქავდა. კაცმა სწრაფად გადაიცვა ტანისამოსი, მელანიპას ფეხებთან წიგნი მოძებნა, ბუხარს მიუახლოვდა და ცეცხლში შეაგდო. ფურცლებს სწრაფად მოედო ალი. საბამ კავი აიღო, ნორმალური ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას და სხარტად გადაძვრა.

 

მელანიპას არ ეძინა, მისი გახელილი თვალები სადღაც ერთ წერტილში იმზირებოდნენ. ფიქრს შორს გაეტაცა ქალი.


ღამე. საბა ციხესიმაგრის ძირში ფრთხილად მიიკვლევდა გზას, შეჩერდა, დაიხარა, ბალახებში ხელები მოაფათურა, მეპრორეს ჩანთა აიღო, გახსნა, სახარება და რვაქიმიანი დაფა ადგილზე იყო.

 

დღე. მთის ულამაზეს, მწვანე ბალახით აბიბინებულ ფერდობს ცხვრების ფარა მოსდებოდა. ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ბალახს წიწკნიდნენ. პატარა ბატკნები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.

 

ატრა და ლაზარე ცხვრის პარსვით იყვნენ დაკავებული. გაპარსულ ცხვარს მხიარულად დუმაზე დაარტყავდნენ ხელს და შეუძახებდნენ:

 

- ჰაე! ჰაე!

- მეე, მეეე! - გაიძახოდნენ ცხვრები.

 

ბიჭები მატყლს ერთ ადგილას ახვავებდნენ. ლაზარემ მაკრატელი გადადო და იქვე ახლოს გადაჭრილ უზარმაზარ ხის კუნძზე ჩამოჯდა. ატრამაც დადო მაკრატელი, დახვავებულ მატყლს მიუახლოვდა და ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლი შრიალით წაეკიდა მატყლს.

 

ლაზარემ ლირა აიღო და ააჟღერა. გრაალის დამარხვის დროს დატრიალებული ბგერები გაისმა.

 

ატრამ კოცონის ყურებას თავი ანება, შემოტრიალდა და მობიბინე ბალახზე ჩამოჯდა.

 

ბიჭები ერთმანეთს უყურებდნენ, სახეზე სათნო ღიმილი მოჰფენოდათ. მშვენიერ ჰანგებს ცხვრების ხმა უერთდებოდა.

 

- მეეე, მეეეე!

 

გამოქვაბულის სიღრმეში პატარა საკურთხეველი იდგა, რომელშიც ცისფერი ცეცხლი გიზგიზებდა. მის უკან რკინის ჯაჭვი და ბორკილები ეყარა. საბა საკურთხეველთან ჩამუხლულიყო და რვაქიმიან დაფას აწყობდა. ცეცხლი ზუსტად მის თავს უკან ამოდიოდა. დაფის აწყობა დაამთავარა, წამოდგა, კედელს მზერით ჩამოუყვა, ისევ დაფას შეხედა, რაღაცას ანგარიშობდა. ბოლოს კედლის ერთერთ ადგილას მივიდა და მიაყურადა. კედლის მეორე მხრიდან ხმა გაისმა.

 

გამოქვაბულში გრძელ მაგიდასთან რვა ბერი შემომჯდარიყო. სუფრაზე კალმახი, შოთის პურები და წითელი ღვინო იდო. მათი სახეები ისევ დაფარული იყო თავსაბურავებით. ერთერთმა ბერმა ღვინით სავსე ჯამი ასწია და წარმოსთქვა:

 

- ელიატექსენის სახელობისა იყოს, რათა ვადიდოთ სახელი მისი!

 

დანარჩენებმაც იგივე გაიმეორეს. ჯამები გამოსცალეს და ქართული მრავალხმიანი - შენ ხარ ვენახი! - დასძახეს.

 

საბამ სასწრაფოდ სოლი ამოიღო ჩანთიდან, კედელს მიადო და რამოდენიმეჯერ დაჰკრა ჩაქუჩი. სოლი საკმაოდ ღრმად ჩავიდა.

 

- დუმ! - ჩასძახა საბამ. ბგერა გავიდა.

 

საბა კარგა ხანს ანგრევდა კედელს, ბოლოს ქვებმა ერთი-მეორეზე უსწრაფესად იწყეს ჩამოცვენა და მალე მის წინ ჩაბნელებული გასასვლელი გამოჩნდა. გამოქვაბულში - შენ ხარ ვენახი! - გაისმოდა. საბა საკურთხეველთან მივიდა, ხელი შიგნით ჩაყო, იქიდან ცეცხლიანი ფიალა ამოიღო და მეორე გამოქვაბულში გაძვრა. ცეცხლმა იქაურობა გაანათა.

 

გრძელ მაგიდაზე კალმახი, შოთის პურები და წითელი ღვინო მოჩანდა. ბერები იქ აღარ იყვნენ. საბამ კედლებს მიანათა ფიალა, გამოქვაბულის ბოლოში ვიწრო გასასვლელი დალანდა და გაუყვა. მღვიმე ქვემოთ მიემართებოდა, ჩამოსასვლელი ისეთი დამრეცი იყო, რომ საბა თითქმის სირბილით მიექანებოდა მიხვეულ-მოხვეულ ლაბირინთებში. მალე დღის სინათლე შემოიჭრა. ცოტაც და საბა მღვიმის გასასვლელთან იდგა. გასასვლელი გახსნილი დუხვდა. იქვე წყარო მოედინებოდა, რომლის გუბურაში თეთრხალიანი კალმახები დაცურავდნენ. მღვიმის გასასვლელთან არწივი გამოჩნდა. საბამ მაღლა ასწია ცეცხლიანი ფიალა და წარმოსთქვა:

 

- ელიატექსენის სახელობისა იყოს!!!

 

ფიალა ბოლომდე შესვა, ცარიელი ფიალა წყაროს კამკამა წყალში ჩაუშვა და მღვიმიდან გამოვიდა.

 

შორს, გადამწვარი ქალაქის მაგივრად, ახალი ულამაზესი თეთრი შენობები მოჩანდა.

 

საბამ ფერდობიდანვე დაინახა გზაზე ჩორთით მიმავალი, სადავეებ-მიშვებული, თეთრ ცხენებ-შებმული ეტლი. ბიჭს თითქოს უხილავმა ძალამ უბიძგა, ადგილს მოწყდა და ფერდობზე ელვის სისწრაფით დაეშვა. სულ ცოტა ხანში გზაზე აღმოჩნდა. ცხენებმა გვერდით ჩაუქროლეს, საბა გამოეკიდა, მალე დაეწია კიდეც და კოფოზე ახტა, სადავეები ხელთ იგდო, იქვე დამაგრებულ მათრახს მისწვდა და ცხენებს გადაუჭირა. მოულოდნელად მის უკან ფარდა გადაიწია. ატრამ და ლაზარემ თავები გამოყვეს და საბას გაუღიმეს. ეტლის სიღრმეში რვა ანაფორიანი იჯდა. მათ შუა ოქროს სარკოფაგი იდო. ბერებმა თავსაბურავები გადაიძრეს და სახეები გამოაჩინეს. საბა თითქოს ახლა დაიბადაო, გაბრწყინებული უყურებდა თანამგზავრებს. ლაზარემ ლირა ჩამოჰკრა და ჰაერში ულამაზესი ბგერები დატრიალდა.

 

- ჰაი, ჰაი, ჰაი! შეუძახა ცხენებს საბამ და მთელი ძალით გააჭენა. შორიდან უცნაური გუგუნის ხმა ისმოდა.

 

ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ათასი საკრავი ერთად აჟღერებულიყო და მაინც ჰარმონია ერთობლიობაში იყო. საბამ ოდნავ შეანელა სვლა, მისმა თანამგზავრებმაც მიაყურადეს. მალე უსასრულო, გველივით დახვეული ადამიანთა მწკრივები გამოჩნდა, რომლებიც ცეკვა-თამაშითა და ბუკ-ნაღარით მიაბიჯებდნენ. მხიარული ადამიანები სიხარულს მოეცვა და ერთ საერთო სიმღერას მღეროდნენ. ვის არ იხილავდით აქ?!

 

- თეთრ ტანისამოსში გახვეულ მაჰმადიან არაბებს და შუააზიელებს თავისი გრძელი საყვირებით; ცხვირში რგოლ-გაყრილ, თითქმის შიშველ ზანგებს, რომლებიც უმოწყალოდ უბრახუნებდნენ ტამტამებს და ხტუნვა-ხტუნვით მიიწევდნენ წინ; ევროპელ კათოლიკებს, თავისი პომპეზური ჩაცმულობით, თუ მათ მონათესავე პროტესტანტებს; ჩინელ ბუდისტებს - სტაფილოსფერ ანაფორებში; ებრაელ იუდეველებს - განუყრელ მომცრო ქუდებში; ფარშევანგივით აჭრელებულ ინდუისტებს და კრიშნაიტებს; ბუმბულში ჩაძირულ ამერიკელ ინდიელებს, მაზდიანელებს თუ მართლმადიდებლებს; ჩრდილოეთის ყვითელკანიან მცირე ხალხებს, ირმის ტყავებში გამოწყობილებს, ავსტრალიელ აბორიგენებს და სხვა წარმართებს. ერთი სიტყვით, ყველა რჯულისა და რელიგიის წარმომადგენლები მიუყვებოდნენ გზას. ყოველი ჯგუფის წინ ფოლკლორული ანსამბლები - ნაციონალურ ან რიტუალურ ცეკვებს ასრულებდნენ. მათ უკან მღვდელმთავრები, იმამები, მოლები, ქურუმები, მისნები, შამანები და სხვა საკულტო მსახურები მიდიოდნენ.

 

ამ სანახაობით განცვიფრებულმა საბამ და მისმა გაკვირვებულებმა თანამგზავრებმა ეტლიდან თავი გამოჰყვეს. ეტლი კარგა ხანს მიუყვებოდა აღფრთოვანებული ხალხის კოლონებს, რომლებიც თავ-თავის წესზე ესალმებოდნენ და გულწრფელად უღიმოდნენ.

 

საბამ აღვირი მოქაჩა და კიდევ უფრო შეანელა სვლა. ერთერთ მოცეკვავე ჯგუფს გაუსწორდნენ. მათი კანის ფერი და ჩაცმულობა გვამცნობდა, რომ აღმოსავლეთიდან იყვნენ. საბა თანამგზავრებს მიუბრუნდა და ატრას მიმართა:

 

- კითხე ერთი რა ხდება ან სად მიდიან?


ატრამ გაურკვეველ ენაზე რაღაც გადაულაპარაკა ჩამოსულებს. პასუხი მიიღო და საბას უთარგმნა:

 

- ამბობენ, რომ მათმა ქურუმებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა გამოთვალეს, რომ ამ ქვეყანაში დიდი ნათება უნდა მოხდესო, მამა ღმერთი ჩამოვა, ყველას გვეჩვენება და დაგვლოცავსო! - ზღვისკენ მიემართებიან!

 

უცნობები გულწრფელად იღიმებოდნენ და საბას თავის კატუნით უდასტურებდნენ თავისი სიტყვების ჭეშმარიტებას.

 

- ამ ქვეყნის გზა თუ იციან? - შეეკითხა საბა. ატრამ თარჯიმნობა გააგრძელა.

- არაო! - თავები გააქანავეს და ერთმანეთს გადახედეს ჩამოსულებმა.

- აბა როგორ მიდიხართ?! - გაიკვირვა საბამ.

- წინ ერთი ჩამოძონძილი მოხუცი მიუძღვებათ! - თარგმნა ატრამ.

 

ჩამოსულების საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა.

 

გაკვირვებული საბა უცნობებს გამოეთხოვა, თავი დაუკრა და ცხენებს შეუძახა. ლაზარემ ისევ გამოსდო სიმს თითი. აუარებელი ხალხი ესალმებოდა მათ, სიხარულით იღიმებოდნენ, სხვადასხვა ფერის ქსოვილებსა და რელიგიურ დროშებს აფრიალებდნენ.


როგორც იყო კოლონის თავი გამოჩნდა. პროცესიის დაახლოებით ორმოცდაათი მეტრით წინ ჩამოძონძილი მოხუცი დაწინაურებულიყო, რომელიც ხელჯოხით მიაბიჯებდა.

 

წინამძღოლი მხრების ცახცახითა და თავის კანტურით ნელი ნაბიჯით მიემართებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ თითქოს ცეკვავსო.

 

საბამ სვლა შეანელა და უკნიდან, ნელი სვლით მიუახლოვდა წინამძღოლს.

 

მოხუცი თითქოს ტიროდა ისეთ ხმებს გამოსცემდა. გაუსწორდა თუ არა მათი ეტლი მოხუცს, ჩამოძონძილმა წინამძღოლმა კისერში ჩამალული თავის კანტური შეწყვიტა და მოსულებს გადახედა.

 

- პ რ ო ზ ი მ ა ა !!!

 

გაკვირვებულებმა და გახარებულებმა იყვირეს ყველამ ერთად. მოხუცი დინჯად მიუახლოვდა ეტლს. შიგნით შეიხედა, ოქროს სარკოფაგს კმაყოფილებით შეავლო თვალი და საბას შეხედა.

 

ბიჭი გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა. პროზიმამ სწრაფი მოძრაობით, ჩვეული სისხარტით გამოსდო კისერში კავი და საბა ახლოს მოქაჩა. ბიჭმა დაფიქრებაც ვერ მოასწრო, თუმცა გახარებული და აღფრთოვანებული არც გაძალიანებია. პროზიმამ ერთხანს თვალებში უყურა საბას და ბოლოს გულუპყვილო ბავშვივით გაკვირვებული შეეკითხა:

 

- შენ ხომ არ იცი, სად მიდის ეს ხალხი, ჰაა?!


დაამთავრა თუ არა შეკითხვა, პასუხს არ დალოდებია, საბას კისერი გაანთავისუფლა და ცხენებს რამდენჯერმე მთელი ძალით გადაარტყა კავი. ცხენებმა დაიჭიხვინეს, აიყალყნენ და გიჟური სისწრაფით გავარდნენ წინ.


პროზიმა ღიმილნარევი გასცქეროდა საბას ეტლს. ცხენები თავდაუზოგავად მიაქანებდნენ საბასა და მის მეგობრებს ზღვისაკენ, რომელთაც სიცილისაგან ცრემლები სდიოდათ.

 

- ჰაე, ჰაე! - შიგადაშიგ დაჰყვიროდა საბა ბედაურებს.


შორს ჰორიზონტზე ულამაზესი ცისარტყელა თაღად დადგომოდა ამტვერებულ გზას.

 

 

 

ტიტრები:

 

 

იდეის ავტორი - გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

სცენარისტი - თემო ბერიძე

 

 

 

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE