დღე. მთავარი მოედანი. ქალაქის არისტოკრატები დახვეწილი მიხვრა-მოხვრით მიმოდიოდნენ ქუჩაში. ლამაზ კაბებში გამოპრანჭული ქალები პარალიჩიანივით ხელით მარაოებს აკანკალებდნენ და საკუთარი თავის ღირსებისა და პრივილეგიის თვითშეგნებით ნარნარით მიმოდიოდნენ. კოხტად გამოწყობილი მამაკაცები კმაყოფილებით იპრეხდნენ ულვაშებს, ლამაზმანებს ვნებიანად უღიმოდნენ და მდაბლად უკრავდნენ თავს. ქალები, მათ ასეთ საქციელზე ცხვირს იბზუებდნენ.
ეკლესიასთან რვა გაბინძურებული, გაბურძგნული მათხოვარი გამვლელებს თავის გაწითლებულ, დაჩირქებულ კიდურებს უჩვენებდა და შეწყალების ნიშნად ფულს თხოვდნენ.
მდაბიონი ცალკე შეჯგუფულიყვნენ და ატრას წარმოდგენას ადევნებდნენ თვალყურს. ბოშა ბავშვები კალიებივით მოსდებოდნენ მოედანს და ლაყბობაში გართულ ქალაქის მაცხოვრებლებს ქისებს უსუფთავებდნენ.
- შორეული ქვეყნიდან, შორეული ქვეყნიდან, ცეცხლის მჭერელი და ცეცხლის მფრქვეველი უძლეველი ატრა! - გაჰყვიროდა მთელი ძალით ხემა. ატრა წელს ზემოთ გაშიშვლებულიყო და ხან ცეცხლს აფრქვევდა დ ხან ხანჯალს იყრიდა ხახაში.
წითელ კაბაში გამოპრანჭული მაიმუნი, წრეზე დარბოდა და მაყურებლებს ახტებოდა, რაც ამ უკანასკნელთა ხარხარს იწვევდა.
მტვირთავი მუშები ამ დღესაც არ ისვენებდნენ. ჭიანჭველებივით თავისზე დიდ ბარგს წელში გაწყვეტილები მიათრევდნენ, მათი დამქირავებლები კი დიდი სიამაყით უკრავდნენ თავს ნაცნობ გამვლელებს.
- უძლეველი მისანი, გველის მჭერელი ამუდარიიდან! - გაჰყვიროდა ხემა მეორე ხმაში.
აში გაბღენძილი დადიოდა მაყურებელთა წინ. ყელზე უზარმაზარი - მკლავის სიმსხო პითონი შემოეხვია. გველი ხან ერთ მხარეს გადააქანავებდა თავს, ხან მეორე მხარეს, ენას ატარტალებდა და შეშინებულ მაყურებელს უსისინებდა.
- ყოვლად დიდი მღვდელმთავარი, გზა, გზა!... - გაჰყვიროდა პროცესიის წინ მიმავალი მღვდელი. ექვს მღვდელს ტახტრევანი შემოედგათ მხრებზე, რომელზეც ყოვლად დიდი მღვდელმთავარი იჯდა მთელი თავისი ბრწყინვალებით და ხალხს ლოცავდა. ეკლესიასთან ტახტრევანს რვა მათხოვარი შემოეხვია წკავწკავითა და უაზრო ღმუილით. მღვდელმთავარმა ისინიც დალოცა და პროცესია ეკლესიაში გაუჩინარდა. ტაბუ თავისი ჯინჯილაკების ჟღარუნით მისდევდა შუახნის სანდომიან წყვილს და თავს აბეზრებდა.
- გაუფრთხილდით შვილებს, გაუფრთხილდით შვილებს, კარტში ამოგივიდათ! - სამკითხაო კარტს ცხვირწინ უტრიალებდა წყვილს. გაღიზიანებულმა კაცმა ფული ჩაუტენა ტაბუს და გამწყრალმა შესძახა: - დამეკარგე!
ის იყო ლაზარემ და საბამ კუთხიდან მოედანზე შემოუხვიეს, რომ საყვირების ხმამ დააყრუა იქაურობა. წინ ცხენებზე ამხედრებული, შეიარაღებული დაცვა მოდიოდა. მათ უკან ქალაქის ერთადერთი გადახდილი ავტო მოგორავდა. ტანმოკლე მძღოლი ტყავის კოსტუმში გამოწკეპილიყო, დიდი შავი სათვალე ეკეთა და ხშირად ასიგნალებდა.
მძღოლის უკან მანქანაში მამაკაცი იჯდა. მკერდი ტაბუსავით მედლებითა და ჯინჯილებით ჰქონდა სავსე, ორი პრანჭია ქალბატონის გარემოცვაში, ხელის აწევით ესალმებოდა ყველას. ქალაქის მცხოვრებნი დიდი პატივისცემით და სიყვარულით ესალმებოდნენ პომპეზურ მსვლელობას. საიდანღაც ყვავილების თაიგულიც კი ესროლეს. მანქანაში მჯდომმა მედლებიანმა ყვავილები დაიჭირა და ქალბატონებს თანაბრად გაუყო.
- გზა, გზა მიეცით! - დაიყვირა მანქანის უკან ცხენზე ამხედრებულმა ადიუტანტმა.
- მბრძანებელი ყოველი სოფლისა, დაბისა და ქალაქისა! დ ი დ ი პ ო ლ ი მ ე დ რ ო !!!
- გზა, გზა! - არ ზოგავდა საკუთარ თავს ადიუტანტი.
ლაზარე და საბაც გაჩერდნენ. პროცესიამ სულ ახლოს ჩაუარა. ორივენი მდაბლად მოიხარნენ წელში. ლაზარემ ზურგს უკან მიმალა ლირა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ.
უეცრად ხალხის ბრბოდან ტაბუ გამოვარდა ჯინჯილების ჟღრიალით და მანქანას აედევნა.
- მბრძანებელო, სათქმელი მაქვს შენთან, სათქმელი... წინასწარმეტყველებაა! - ძუნძულით მისდევდა ტაბუ მანქანას.
- მოშორდი! - დაიყვირა ცხენოსანმა და მთელი ძალით მათრახი გადაუჭირა ტაბუს.
ქალმა იწივლა და გაცლას აპირებდა, რომ ახლა მბრძანებელი გაწიწმატდა:
-როგორ მიბედავს, დააპატიმრეთ! - აყვირდა მბრძანებელი.
ქალბატონები ძლივს აკავებდნენ სახეარეულ პოლიმედროს. ორმა მცველმა ჯიქურ მიაგდო ცხენები ტაბუზე. შეშინებული ქალი გასაქცევს ეძებდა. ხალხი აჩოჩქოლდა. საიდანღაც ატრა გამოჩნდა ტაბუს გვერდით, პირიდან ცეცხლი გამოაფრქვია და ცხენები დააფრთხო. მალე აშიც გამოჩნდა, თავისი მოსისინე პითონით. დამფრთხალი ტაბუ ხან ერთ კარებს მივარდებოდა, ხან მეორეს. მას ლაზარე და საბა წამოეწია და ამ არეულ-დარეულობაში ქალაქის ვიწრო გასასვლელებში მიიმალნენ.
ლაზარეს სახელოსნო.
- ლაზალეე! სადა ხარ? - ტიტინებდა ოქროსფერკულულებიანი პატარა გოგონა და ხელის კედელზე ცეცბით ჩამოდიოდა. ლაზარე თავის სკამზე იჯდა და მორიგ ლირას თლიდა. საბა ცეცხლქურასთან იდგა და სპეციალური ხსნარის მომზადებაში ეხმარებოდა. ოსტატს ბავშვის ხმა შემოესმა და ლირა გვერდზე გადადო. საბაც კარებს მიაჩერდა. სულ მალე გოგონაც გამოჩნდა, პირში თითი ჩაედო და წოვდა. საბასთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე გაქანდა ლაზარესკენ და მის გაშლილ ხელებში ჩავარდა. ლაზარემ თავზე ხელი გადაუსვა:
- როგორ ხარ, ჩემო პატარა ლოლუა?
პატარამ არ უპასუხა. საბაც ღიმილით შესცქეროდა კულულებიან პატარა თოჯინას. მალე ბავშვს ახალგაზრდა წყვილი მოჰყვა. შემოსვლისთანავე ლაზარეს მიესალმნენ, საბასაც თავი დაუკრეს.
- ვერ გავაჩერეთ, წინ გამოგვექცა. - ჩაილაპარაკა ქალმა.
- მოგიყვანეთ, უკვე დროა, არა? - იკითხა ბავშვის მამამ.
ლაზარემ თავი დაუქნია და ლოლუასაგან განთავისუფლდა.
- როდისაა დაბადებული? - იკითხა ლაზარემ.
- გაზაფხულზე. - უპასუხა ბავშვის დედამ.
ლაზარემ ლირა გადმოიღო, ლურსმნიდან სიმი ჩამოხსნა, ჩამოჯდა და მეექვსე სიმის დაყენება დაიწყო საკრავზე.
- რომელ დღეს? - ისევ იკითხა ლაზარემ.
- გაზაფხულის პირველ დღეს! - ქალმა დაასწრო მეუღლეს. ლოლუა დიდი ინტერესით, განცვიფრებული თვალებით შესცქეროდა ლაზარეს, რომელსაც სიმი მოეჭირა და ახლა მის ტონალობას აზუსტებდა. ბოლოს სიმებს ჩამოუყვა და სარდაფში აბსოლუტურმა ჰარმონიამ გაიჟღერა. საბა მიუახლოვდა, ჩაიცუცქა, ლაზარეს ლირა გამოართვა და მოკლე მელოდია დაუკრა, თითქოს ბგერები ცელქად ეთამაშებოდნენ ერთმანეთს.
- შენა ხარ! - თქვა საბამ და ლირა ლოლუას გაუწოდა. ბიჭები ღიმილით მისჩერებოდნენ განცვიფრებულ ბავშვს, რომელიც ლირას ათვალიერებდა. თითი გმოიღო პირიდან და სიმებს ჩამოუყვა. ისევ გაიჟღერა ლირამ. თავისი საქციელით გაკვირვებულმა ბავშვმა, საბასა და ლაზარეს ეშმაკურად, ანთებული თვალებით გადახედა, შემდეგ მშობლებს მიუბრუნდა და მთელი სერიოზულობით განუცხადა:
- ეს მე ვარ!
სარდაფის კარები დაჯახუნდა და ოთახში ატრა შემოვარდა.
- საბა, ლაზარე! - იყვირა ატრამ.
სტუმრები რომ ჩეამჩნია, ხმას უკლო. ატრას გამოჩენაზე ლოლუა დაფრთხა, უკან დაიხია და საბას ხელებში აღმოჩნდა.
- ტაბუს წინასწარმეტყველება ახდა... უკვე პოულობენ შავი ჭირისაგან დაღუპულებს,... მაგარამ მალავენ. ხალხი კოცონებს ანთებს. - სხაპასხუპით, აღელვებულმა წარმოთქვა ატრამ.
- ტაბუ სად არის? - იკითხა ლაზარემ.
- გადავმალეთ... ყველგან დაეძებენ! - უპასუხა ატრამ.
- ჩვენ ქალაქიდან გავდივართ. - დააყოლა ატრამ, თავი დაუკრა იქ მყოფთ და გავარდა.
ყველას შეშფოთება დაეტყო. ლოლუას მამამ სასწრაფოდ ფული ამოიღო და მაგიდაზე დაუდო ლაზარეს.
- გააცილეთ აქაურობას, ეს პატარა ანგელოზი! - თქვა საბამ და ლოლუას ოქროსფერ კულულებს მიუალერსა.
ტაბორი მთის ფერდობზე ზემოთ მიემართებოდა. ბოშა ქალები ნაღვლიან სიმღერას მღეროდნენ.
ქალაქი. ლაზარე სახელოსნოს კარებს კეტავს, მეორე ხელში ოქროსფერი ლირა უჭერია. საბა ქუჩას გასცქერის. დამფრთხალ ქალაქელებს სასწრაფოდ გამოაქვთ თავისი ავლადიდება და დაბნეულები გარბიან.
- ჩვენებს გავუვლი,... შენ პროზიმა მოძებნე! - მიმართა ლაზარემ საბას. ერთმანეთს გადაეხვივნენ და ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით წავიდნენ.
ბინდდებოდა. აქა-იქ უკვე გამოჩნდა ცეცხლი. მოსახლეობა და ჯარისკაცები ყოველ ათ-თხუთმეტ მეტრში კოცონს ანთებდნენ. რკინის კავებით შეიარაღებული ნიღბოსანთა ჯგუფი ანთებული ჩირაღდნებით ქალაქის ყველა ქუჩაში დააბიჯებდა. სადაც უპატრონო გვამს იპოვნიდნენ, სხეულში რკინის კავს ასობდნენ, კოცონისაკენ მიათრევდნენ და შიგ აგდებდნენ. ცხვირ-პირზე ხელაფარებული მოსახლეობა ქაოტურად დარბოდა ქალაქში და ერთმანეთს ერიდებოდა.
ლაზარე მთავარი მოედნისკენ მიაბიჯებდა.
დამფრთხალი ცხენები ჭიხვინით გამოვარდნენ ეზოდან. მათ გამწარებული პატრონი მოჰყვა და ცხენებს სროლა აუტეხა. შავი ბედაური ჩაიკეცა. ლაზარეს პირდაპირ რვა მათხოვარი გამოჩნდა. იცნო, ნაბიჯს აუჩქარა. მიუახლოვდა, ჯიბიდან ფული ამოიღო და ერთერთ მათგანს გაუწოდა.
ერთხანს ყველანი ერთად მიაბიჯებდნენ. შორიდან ქალის კივილი და ძაღლის ყეფა გაისმა. ერთერთი სახლის ფანჯარაში მთვრალი კაცი საცვლების ამარა გადმომდგარიყო და მღეროდა.
სიო არხევს ფიქრის ტოტებს,
სიყვარული იწყებს ჭკნობას,
ბნელ ქუჩებში ბოროტება
და სიკვდილი დააბოტებს.
ვაია, ვაია, ვაია, ა-ვაია-ა!
- პროზიმას დავალება შევასრულეთ, ბოლომდე დავრჩით... გასვლის დროა, აქაურობას ვეღარაფერს ვუშველით! - წარმოსთქვა აქოშინებულმა ლაზარემ.
- საბა გასულია? - იკითხა მათხოვარმა.
- პროზიმასთანაა... გავდივართ! - თქვა ლაზარემ, ერთერთ მათხოვარს ხელი მიარტყა და სიბნელეში გაუჩინარდა. იგივე გააკეთა მეორემ, მესამეს მიარტყა ხელი და გაუჩინარდა... და ასე რვამდე... მათხოვრები უცბად გაქრნენ ქუჩიდან.
სასოწარკვეთილმა კივილმა იმატა. აღარავინ არაფერს დაგიდევდათ, ყველა და ყველაფერი ერთმანეთში აირია. ზოგი სიკვდილის მოახლოების შიშით - უგონოდ ილეშებოდა. ზოგს ბოლო წუთი სიამტკბილობაში უნდოდა გაელია, ქალი და კაცი ქუჩაშივე იწყებდნენ განწირული ვნებების დაკმაყოფილებას. ყაჩაღები მოქალაქეთა სახლებში შერბოდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ, კაცებს უმოწყალოდ სცემდნენ, ზოგს კლავდნენ და სიმდიდრეს იტაცებდნენ. ჯარისკაცები სულთანმბრძოლ ადამიანებს ადგილზე ხვრეტდნენ.
უბოროტესი ცეცხლის ენები ავარდა ქალაქის თავზე. ცეცხლის ტკაცა-ტკუცი და გადამწვარი სახლების ნგრევის ხმა ქაოსურ კივილს შერწყმოდა. იმ ღამეს მთვარეც კი არ ჩანდა ცაზე.
თენდებოდა. ბახის “იოანეს ვნებები’’ გაისმა დანგრეულ, მივიწყებულ ტაძარში. საბას სიპ ქვაზე დაედო თავი და ზუსტად იმ კედლის ქვეშ ეძინა, რომელზეც ჯვარცმის ხატება იყო შემორჩენილი. სიმღერა გაძლიერდა. უცბად საბა რაღაც ძალამ წამოაგდო. დაბნეულმა მიმოათვალიერა იქაურობა. მის წინ, ჩამონგრეულ ნიშაში, სადაც პროზიმა იჯდა ხოლმე, მოხუცის კავი და ფუთა შენიშნა. კავს გადასწვდა, უფრო სიღრმეში გადადებულ ფუთას გამოსდო და გამოათრია. ფუთა სასწრაფოდ, დაუფიქრებლად გახსნა. შიგ არაფერი იყო, საიდანღაც პროზიმას ხითხითი გაისმა. მოიხედა, მის ზურგს უკან, ტაძრის ჩამონგრეულ სარკმელთან მაღალი ალუბლის ხე ამოსულიყო. წამოდგა, მიუახლოვდა, ტოტი კავით ჩამოითრია და ხარბად დაიწყო ნაყოფის ჭამა. ისევ გაისმა მოხუცის გულიანი ხითხითი. საბამ ტოტი გაანთავისუფლა, ჩამონგრეულ სარკმელთან ახლოს მივიდა და ხმადაბლა დაიძახა:
- პ რ ო ზ ი მ ა ა!!!
არავის უპასუხია, მხოლოდ საკუთარი აჩქარებული გულისცემის ხმა ჩაესმა. საბას დაბნეულობა ისეთ სასოწარკვეთაში გადაიზარდა, როდესაც ადამიანი ყველაზე ძვირფასს და სანუკვარს კარგავს. დაძაბულობამ იმატა, სასოწარკვეთილებამ კულმინაციას მიაღწია და საბამ ისეთი ძალით იყვირა, გეგონებოდათ ამ ამოძახილს თავისი სული და გული თან გააყოლაო:
- პ რ ო ზ ი მ ა ა ა !!! - მთებში გაიშალა სიტყვა.
დღე. მოღრუბლული ამინდია. საბა კავზეა დაყრდნობილი და აღელვებულ, აბობოქრებულ ზღვას გასცქერის. ტალღები ულმობლად ეჯახებოდნენ ნაპირს. ქარი უიმედოდ წიოდა. თოლიები კლდეებში დამალულიყვნენ. საბამ პირმოქუფრულ ზეცას ახედა, ყელიდან ვარსკვლავი მოიხსნა და მარცხენა ხელით ცისაკენ აღმართა, მარჯვენათი კავი ასწია ზემოთ და იყუჩა.
- აუმ... უმ... უმ... მ... მ... მ...! - ზარივით გაისმა საბას ხმა და ზღვის ღელვასა და ქარის ზუზუნს შეუერთდა.
ცამ ხახა დააღო, დაიჭექა, ელვამ გაერთიანებული ზღვისა და ცის ჩაბნელებული სივრცე გააპო. სულ მალე საბამ წვიმის წვეთების დაცემა იგრძნო სახეზე და შვებით ამოისუნთქა. კლდის ძირში თოლიები ავისმომასწავებლად აწივლდნენ, წამოიშალნენ და იქვე, ნაპირთან ახლოს იწყეს ტრიალი. საბა კლდის ქიმს მიუახლოვდა და ქვემოთ გადაიხედა. წყლიდან ამოწეულ ორ კლდეს შორის ბუნდოვანი საგანი მოჩანდა. საბამ ბილიკზე დაშვება გადაწყვიტა და ნელი ნაბიჯით ფრთხილად ჩაუყვა. კლდეებს შუა თევზით სავსე ნავი გაჩხერილიყო. თოლიები რიგრიგობით ეშვებოდნენ და ნავის დატბორილი ფსკერიდან თევზს იტაცებდნენ. იქვე ახლოს, კლდეზე პირქვე დამხობილი მამაკაცი ეგდო, რომელსაც დროგამოშვებით ზღვის ამღვრეული წყალი ესხმებოდა. თევზსაჭერი ბადე ერთ მხრივ კლდის ნაპრალს გამოსდებოდა, მეორეთი ნავის კიჩოზე დახვეულიყო და კიდევ უფრო ძლიერ ამაგრებდა ნაპირზე გამორიყულ ნავს.
საბამ წელამდე წყალში შეტოპა, კავი ქამარში გაერჭო. მომცრო კლდეებს შორის გზა გაიკვლია, პირქვე დამხობილ მამაკაცს მიუახლოვდა და გადმოატრიალა. მეთევზის თავი უძალოდ გადავარდა უკან. საბა დაიხარა, დააკვირდა, კაცი მძიმედ სუნთქავდა. გაჭირვებით მოიკიდა ზურგზე, ზღვაში შემოჭრილ კლდეებს შემოუარა და ქვიშიან ნაპირზე გადავიდა. მეთევზე, იგივე მეპრორე ფრთხილად დაუშვა მიწაზე. მარჯვენა ხელი სახეზე ჩამოუსვა, საფეთქელი, ყურები და კეფა მტკივნეულად დაუზილა. მეთევზემ გონს მოსვლა დაიწყო, თვალის ქუთუთოები მძიმედ გახსნა. ბუნდოვანებამ სიცხადე შეიძნა და საბას შეშფოთებული სახე გაარკვია. მეპრორემ ძლივს ასწია ხელი და ნაპირის გასწვრივ რაღაცაზე მიუთითა, მერე ტუჩები ააცმაცუნა და როგორც იქნა სიტყვა წარმოთქვა:
- დ ი ა ! - საბამ ჯერ ხელს გააყოლა მზერა, შემდეგ ისევ ძალმიხდილ მეთევზეს დახედა.
- დ ი ა ! - ისევ ამოილუღლუღა მეპრორემ.
საბამ ზურგზე მოიკიდა ძალაგამოცლილი კაცის სხეული და ნაპირს გაუყვა. წვიმამ იმატა, ტალღები ხანდახან საბას სწვდებოდა და ფეხქვეშ მიწას აცლიდა.
საღამო. მეთევზის ქოხი ზღვასთან ახლოს აეშენებინათ. მის გარშემო ყოველი მხრიდან აუარება თევზსაჭერი ბადეები გამოეფინათ, რომლებსაც ქარი აქანავებდა. ქოხის სარკმელიდან სუსტი სინათლე ანათებდა. წვიმის წვეთები აღელვებული ზღვის ტალღების შხრიალს რაკა-რუკით ერწყმოდა.
ნაპირზე. აზვირთებული ტალღების პირისპირ გოგონა მოუსვენრად წინ და უკან მიმოდიოდა. ჯვალოსაგან შეკერილი მოკლე, მთლიანად დასველებული კაბა ლამაზი სხეულის ყველა მონახაზს ნათელსა და უფრო მიმზიდველს ხდიდა. სასოწარკვეთისაგან გამოწვეული ცრემლები და წვიმის წვეთები ერთად მოედინებოდნენ მის დაღლილ, მაგრამ ამაყ სახეზე. იგი მართას სრული განსახიერება იყო. დია თავისთვის ხმადაბლა მოსთქვამდა: - მამა, მამიკო!
ქოხიდან გამომავალი მკრთალი სინათლე საბას და მეპრორეს თითქმის გაერთიანებულ სხეულს მისწვდა. დაინახა თუ არა დიამ ისინი, აცმუკდა, უცბად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ. ისევ უკან დაიხია გაუბედავად, მერე ისევ წინ გავარდა. შედგა. წამით გაურკვევლობაში იყო, ბოლოს თითქოს გულმა უგრძნოო, ქარივით მოსწყდა ადგილს და მათ შესახვედრად გაექანა. მიირბინა, საბას ეჭვით შეხედა. არ შეჩერებულან, დია გვერდით მისდევდა, მამას სველ თმაზე ეალერსებოდა და მის ყურთან ხმადაბლა, თითქოს უცხოსი სცხვენიაო დაბნეული ჩურჩულებდა: - მამა, მამა, სად იყავი, სად იყავი?
ქოხში ბუხარი გიზგიზებდა. მეპრორე საწოლზე დაეწვინათ. დეა თავს ევლებოდა, შუბლზე საფენებს ადებდა. საბა ბუხარში დანთებულ ცეცხლს ჩაფიქრებული მისჩერებოდა. ოთახში ნაკვერჩხლის ტკაცა-ტკუცი და მეთევზის მძიმე სუნთქვა ისმოდა. დია შიგადაშიგ სტუმრისკენ აპარებდა მზერას. მისი სველი თმები ცეცხლის ალზე ბრწყინავდა და უფრო მომხიბვლელს ხდიდა ქალს. საბა წამოდგა. მასპინძელთათვის არც შეუხედავს, ისე გავიდა წვიმაში. დია წამოიწია, რაღაცის თქმა დააპირა, ვერ მოასწრო და მდუმარედ დაეშვა საწოლზე. მამას თვალები გაეხილა და დეას შესცქეროდა. ქალმა მზერა იგრძნო, კარებს თვალი მოსწყვიტა, მამას შეხედა და მორცხვად გაუღიმა.
ზღვა ოდნავ დამცხრალიყო, წვიმა შენელებულიყო. კლდეებთან თავისუფლად ირწეოდა ნავი. საბას წყალი ამოეხაპა. ყველაფერი მზად იყო. ბიჭმა მაგრად გამოსდო კავი ნავის წვერს და სიღრმეში შეათრია, თვითონაც აფოფხდა, ნიჩბები მძლავრად მოუსვა და ნაპირ-ნაპირ გამოუყვა. სანაპიროს მთვარის სინათლე მოჰფენოდა.
კარები გაიღო და საბა თევზით სავსე ვედროებით შემოვიდა ოთახში. დია რაღაცას ფაციფუცობდა. სტუმარი რომ შენიშნა, მასთან მივიდა, ვედროები ჩამოართვა და იქვე მიდგა. დიამ მამის საწოლთან ახლოს - პატარა მაგიდასთან მიიპატიჟა საბა. მეპრორეს ტანსაცმელი გამოეცვალა და საწოლზე წამომჯდარიყო. საბაც ჩამოჯდა. სუფრაზე - თეფშზე თევზის სამი თავი იდო.
- ესღა დაგვრჩა, თუ იკადრებთ! - მორცხვად წარმოსთქვა დიამ.
საბას გაეღიმა და თეფში ახლოს მიიწია. გოგოსაც გაეღიმა. მეთევზე მილულული თვალებით აკვირდებოდა ახალგაზრდებს.
- დაგვტოვე! - მკაცრად წარმოთქვა მეპრორემ.
დია გავიდა. საბა თევზის თავებს შეექცა. მეთევზემ პატარა სკივრი გამოიღი საწოლის ქვემოდან.
- შენ გიტოვებ, მე მამაჩემმა გადმომცა! - წარმოთქვა მეპრორემ და სკივრი გადასცა.
- თუ ასეთი წიგნი კიდევ შეგვხდეს, დაწვი!...
- გარეგნულად იგივეა, მაგრამ შეცდომითაა გადაწერილი... და ამის შემდეგ სათნოება დაბრუნდება.
- მამაჩემისაგან ვიცი, იმან თავისი მამისაგან! - წყნარად, დაფიქრებული ლაპარაკობდა მეპრორე.
ბიჭს ჭამა დაემთავრებინა, სკივრი აეხადა და შიგნით ტყავის ეტრატს ჩაჰკირკიტებდა, რომელსაც თევზი ეხატა გარეკანზე. გაშალა, სახარება აღმოჩნდა. ეტრატის ქვემოთ რვაქიმიანი დაფა იდო, ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი დანიშნული თვლებით. საბამ გაკვირვებით შეხედა მეთევზეს.
- თუ ამოხსნი, გზა მოგეცემა! - წარმოთქვა მეპრორემ.
საბას ღუმელის მეორე მხარეს მდგარ საწოლზე მიანიშნა, საუბარი ამოწურულად ჩათვალა და თვალები დახუჭა.
თენდებოდა. ზღვაზე მზე ამოდიოდა. ოთახი. დია მამის საწოლზე დამხობილიყო და ჩუმად კრუსუნებდა. საწოლი ცარიელი იყო. მეპრორე არსად ჩანდა. საბა გამოფხიზლდა, თავი წამოწია და დიას შეხედა. ერთ ხანს ასე შეჰყურბდა ქალს, ბოლოს თავისდაუნებურად მისი სახელი წამოსცდა.
- დია!
დია წამოხტა და ოთახიდან შეშლილივით გავარდა. ქოხის წინ გასაშრობად ჩამოკიდებულ ბადეს დაეტაკა, შიგ თევზივით გაიხლართა, ბადიანად მიწაზე დაეცა და ქვითინი აუტყდა.
- მეპრორე! მეპრორე! - გაჰყვიროდა ზღვისკენ საბა.
დია ნახევრად განთავისუფლებულიყო ბადისგან და ისიც ცარიელ ნავს გასცქეროდა, რომელსაც ტაატით მიარწევდა ჰორიზონტისაკენ ზღვის ტალღები.
ჰაერში თევზსაჭერმა ბადემ გაიშხუილა და სილაზე დაენარცხა. იმავე წამს დიას სიცილი გაისმა და ქალი ადგილს მოსწყდა. მას ჯვალოსაგან შეკერილი მოკლე კაბა ეცვა, რომელიც გვერდებში მთელ ჩაყოლებაზე თასმებით ამოეკრათ, საიდანაც დიას თეთრი სხეული ზოლად უერთდებოდა ლამაზ ფეხებს და გვამცნობდა, რომ კაბა ერთადერთი რამ იყო რაც მის სიშიშვლეს ფარავდა.
საბა წამით შეყოყმანდა, დიას ბავშვურ საქციელს ღიმილით გაჰყურებდა. ვნება მორეულმა ბადე გადააგდო და ქალს გამოეკიდა. ვაჟი მისდევდა, მისდევდა თავდავიწყებაში აღფრთოვანებული. დიას კისკისი უნაზეს გრძნობებს აღძრავდა მასში.
დიამ კლდეებთან მიირბინა, წყალში გიჟივით შევარდა და ფსკერიდან ამოზიდულ დიდ რიფს ამოეფარა. საბა შედგა, მიაყურადა - თითქოს ჩასაფრდაო, გაეღიმა.
- დია, დია... მოვდივარ! - დაიძახა საბამ.
ახლოდან დიას გულწრფელი სიცილი გაისმა. კლდეებმა ექო მისცა და ქალის ხმა უსასრულოდ გამრავლდა.
ვაჟი ისე მოულოდნელად აღმოჩნდა ქალის წინ, რომ დია ადგილზე შეხტა. გაცინება სცადა, სიცილი შუაში შეწყდა...
საბა ვნებიანად შეჰყურებდა დიას. ვაჟი ქალის თმებს მიეფერა, მხრებზე შეკრული კვანძი გამოხსნა და მის სხეულს ტუჩებით შეეხო. დია ამღვრეული თვალებით იმზირებოდა და ამოუცნობი გრძნობის იდუმალებაში ჩაკარგულიყო. მეორე მხარზე თვითონ შეიხსნა ქალმა კვანძი, თეძოებთან თასმები მოადუნა და კაბა ქვემოთ ჩაცურდა.
საბა მონუსხულივით იდგა და დიას სხეულის სიშიშვლის სილამაზეს თვალებით ეუფლებოდა. ქალი დინჯად გაემართა წყლის სიღრმისაკენ და ბოლოს გაცურდა. ქსოვილი წყალზე ატივტივდა. დია ისე გამოძვრა კაბიდან, გეგონებოდათ ძველი, უვარგისი კანი მოიცილაო და სრულიად განთავისუფლებულმა ლაღად გაცურა.
საბას სახე უსაზღვრო სიხარულმა და ვნებამ მოიცვა, აღარ შეყოყმანებულა ისე გადაეშვა წყალში. ჩაყვინთა. დიას ფეხებს შემოეხვია, ქვემოთ ჩამოსწია და მათი სხეულები და ბაგენი შეერთდნენ. ისინი ნელ-ნელა მოქანავე წყალქვეშა მცენარეებში დაიძირნენ.
სცენარის გაგრძელებას შემოგთავაზებთ