კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

-         ხედავ იმ ქალაქას!? - წამოიწყო პროზიმამ. საბამ შორს, მთის ფერდობზე პატარა ქალაქი შენიშნა.


-         იქ ეხლა სამი ძირითადი პროფესია ბობოქრობს: მკვლელობა, ქურდობა და მათხოვრობა... პირველი გამორიცხულია შენთვის, დანარჩენ ორში შენ აირჩიე რა აკეთო!


-         აქ დაგელოდები, იქნება რაიმე საჭმელი ამოიტანო, ცოტა შეუძლოდა ვარ!


საბამ მოხუცს გადახედა, მას მართლა ჩამქრალი, ავადმყოფური გამოხედვა ჰქონდა.


-         ჯობია საღამოსათვის წახვიდე! - ურჩია მოხუცმა.

 

ღამე. ქალაქი. სახლების კონტურები თითქმის შთაენთქა სიბნელეს. ადამიანები შიშით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ რაც შეიძლება შორს აევლოთ გვერდი ერთმანეთისათვის. ქუჩაში ჩირაღდნები მკრთალად ანათებდნენ. უცბად ქუჩის კუთხიდან კაცი გამოვარდა და კინაღამ საბას დაეტაკა. საბამ ისკუპა და კედელს ამოეფარა. იმ კაცს სამი კაცი მოჰყვა. საბა არ შეუმჩნევიათ.

- შემოუარე, შემოუარე! - ყვიროდა ერთი.

- ესროლე, თორემ გაგვექცევა! - ყვიროდა მეორე.

ერთერთმა ნაგანი ამოიღო და გაქცეულს დაახალა. კაცი წაიქცა. თავდამსხმელები მივარდნენ და წიხლებით ცემა დაუწყეს. საბა სიბნელეს შერწყმოდა და ადგილიდან არ იძვროდა. კაცებმა ცემა-ტყეპით გული იჯერეს და ახლა მსხვერპლს ძარცვავდნენ.

- ბეჭედი ნახე, ბიჭო, ბეჭედი!

- არც ყელსაბამი აქვს! - გაისმა პასუხი.

- რისთვის მოგვაკვლევინა თავი?! ფუი, ამის დედა... გულიანად შეიკურთხა თავდამსხმელმა.

მეორემ გვამს ფეხსაცმელები გახადა. - არა უშავს რა!... - ჩაილაპარაკა თავისთვის და ფეხზე მიიზომა.

- წავიდეთ, წავიდეთ თორემ პატრულს გადავეყრებით! - დააჩქარა მესამემ. სამივე სიბნელეში გაუჩინარდნენ.


ის იყო საბამ გამოსვლა დააპირა, რომ ქუჩაში პატრული გამოჩნდა. ეტყობოდათ, რომ კარგად ნასვამები მიაბიჯებდნენ, ქუჩაში დაგდებულ კაცს კინაღამ ფეხი გადააბიჯეს.

- ვააა! - გაიკვირვა ერთმა.

მეორე დაიხარა. - მკვდარია! - ჩაილაპარაკა თავისთვის. ცხედარი სისხლში ცურავდა.

- ნახე აბა! - ფეხი მიარტყა პირველმა, თვითონ კი ქურდულად მიმოიხედა ქუჩაში.

ჯარისკაცმა კარგა ხანს აფათურა ხელები და გაწბილებულმა ჩაილაპარაკა: - ყველაფერი წაუღიათ!

- წამო, წამო! - დააჩქარა პირველმა, კიდევ ერთხელ დაათვალიერა ქუჩა და უცბად წამოიძახა: - იი, ის ვინ არი?!

 

მეორეც წამოდგა და შეშფოთებით წამოიძახა: - რომელი?

ორივემ თოფები მოიხსნეს. საბა მიხვდა, რომ შეამჩნიეს  და გაქცევა დააპირა. უეცრად ჯარისკაცის უკან, ეზოდან ლანდი გამოვარდა და ჯოხზე დაყრდნობილი კოჭლობ-კოჭლობით გაემართა საპირისპირო მიმართულებით. ორივე ჯარისკაცი ლანდისაკენ შეტრიალდა.

- გაჩერდი, სდექ! - გაჰყვიროდნენ ორივენი.

კოჭლი თავისთვის მიდიოდა და ყურს არ უგდებდა პატრულის ყვირილს.

- ესროლე, მაგის დედა! - იყვირა ერთერთმა. ის იყო პატრულამ დაუმიზნა, რომ ლანდი გაქრა. კაცებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს და იმ ადგილისაკენ გაქანდენენ, სადაც ლანდი გაქრა. მივარდნენ და კინაღამ კედელს შეენარცხნენ. მიმოიხედეს, არსად გასაქცევი საშუალება არ იყო.

 

- ჰაა! - ესღა წამოიძახეს გაოგნებულმა ჯარისკაცებმა.


უცბად კოჭლი ადამიანის ფეხის ხმა ისევ გაისმა. ქუჩის ბოლოში ისევ არხეინად მიაბიჯებდა ლანდი და მალე კუთხეში შეუხვია. ჯარისკაცები ადგილს მოსწყდნენ და თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ.

ღამე. საბა ეკლესიას მიუახლოვდა. შენობის წინ რვა მათხოვარი მოკალათებულიყო და ერთმანეთს პურის ნაჭრებს უნაწილებდნენ. მიუახლოვდა თუ არა ბიჭი, მათხოვრებმა უაზრო წკმუტუნი მორთეს. ყველა აფორიაქდა. საბა გვერდით ჩამოჯდა. ერთერთი წელში მოხრილი მათხოვარი წამოდგა, საბას მიუახლოვდა და პურის ნაჭერი გაუწოდა. მათხოვარს ისეთი დაჩირქებული ხელები ჰქონდა, რომ საბა შეცბა, უკან დაიხია. მათხოვარი არ ეშვებოდა. თავი ახლოს მიუტანა და ისევ გაუწოდა პური. ვაჟმა მის სახეს შეავლო თვალი, ასეთი საზარელი სიმახინჯე არასოდეს არ ენახა - ცალთვალ-ამოგდებული, მუწუკებ-დაყრილი სახე. კბილებს უკრეჭდა და დაჩირქებული ხელებით მიწაში ამოსვრილ პურის ნატეხს სთავაზობდა. საბამ    უკუსვლით ნაბიჯს აუჩქარა და ბოლოს გაიქცა. მათხოვარი გამოეკიდა: - ეი, ეი! - გაჰყვიროდა მუწუკიანი. დანარჩენმა მათხოვრებმა რაღაც ტირილის მაგვარი წკმუტუნი ატეხეს.

 

ღამე. მდინარის ახლოს ტაბორი იდგა. ბოშებს დიდი კოცონი გაეჩაღებინათ და მის გარშემო ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მდინარესთან მომარჯვებული კოჭლი ლანდი გამოჩნდა. სწრაფად მოდიოდა. მიუახლოვდა თუ არა ბოშების ადგილ-სამყოფელს, ნორმალურად გაიარა. პროზიმა შედგა, რამდენჯერმე ჭოტივით დაიძახა და მდინარეს აღმა გაუყვა, პატარა ჩანჩქერთან შეჩერდა. სულ მალე ბუჩქებიდან ატრამ გამოჰყო თავი და პროზიმას მიუახლოვდა. ორივე სულ ახლოს მივიდნენ ჩანჩქერთან, დიდხანს ლაპარაკობდნენ, გარშემო მხოლოდ წყლის ჩუხჩუხი და ბოშების ცეკვა-სიმღერა ისმოდა.

 

გვიან ღამე. საბა დაცარიელებულ ქუჩებს გასცდა. ქალაქის განაპირას, ყველა სახლებისაგან მოცილებით, პატარა, ლამაზი, გალავან-შემოვლებული სახლი იდგა. მიუახლოვდა. საბამ შორიდანვე დალანდა ღია ფანჯარა. გალავანზე გადაძვრა, მეორე სართულზე აფოფხდა და სახლში შეძვრა. პატარა სანთელს ცეცხლი მოუკიდა და ოთახის დათვალიერება დაიწყო. სადაც მიანათა, მის წინ ფასდაუდებელი სიმდიდრე გადაიშალა. იმდენი რამე იყო, რომ ვეღარ მოიფიქრა - რა უნდა მოეპარა. პატარა სკივრის წინ აღმოჩნდა, თავსახური ფრთხილად ახადა და ლამაზად ჩაწყობილი შოთის პურები დაინახა. ამოღება დააპირა, შოთები ახლადგამომცხვარი აღმოჩნდა და ხელდამწვარმა ისევ სკივრში ჩაყარა. სწორედ ამ დროს კარები გაიღო და ანთებული ჩირაღდნით თოფმომარჯვებული ატრა შემოვიდა. მოულოდნელობისაგან საბა დაიბნა, ოთახიდან გაქცევა ვეღარ მოახერხა. ატრა მიუახლოვდა და საბას სახე ჩირაღდნით გაანათა. საბამ მის ყელზე ნაცნობი ვარსკვლავი შენიშნა.

 

- მამამ მაჩუქა! - ღიმილით წარმოსთქვა ატრამ.

 

საბა თავის ყელსაბამს წაეპოტინა, ვარსკვლავი ადგილზე დახვდა.

 

- იცოდა, რომ მოხვიდოდი,... შენთვის სასმელი დატოვა! - თქვა ატრამ, კარადას მიუახლოვდა, ბოთლი გამოიღო, ჭიქაში ჩამოასხა და საბას გაუწოდა. საბა ჯერ უარობდა, მაგარამ როდესაც ატრამ თოფის ლულა მის გულთან მიაბჯინა, ჭიქა სწრაფად გამოართვა და ერთ ყლუპზე გადაჰკრა.

 

- უუუ...უუ, ეეეე...ე! - მოეწონა სასმელის გემო საბას და ატრას გაუღიმა.

- მალე მამა მოვა... თვითონ მოგელაპარაკება! - წარმოსთქვა ატრამ და გულწრფელად გაიღიმა.

 

სულ მალე საბა აბარაბაცდა, წამში ყველაფერი თავდაყირა დადგა და უსასრულობაში ჩაინთქა.

 

იგივე ოთახი. დღე. საბა საწოლზე წამომჯდარიყო და გაკვირვებული შეჰყურებდა დენდივით გამოპრანჭულ პროზიმას.

 

- შენ?! - გაოცებისგან პირი დააღო საბამ და ოთახს თვალი მოავლო. ოთახი გემოვნებით, მდიდრულად მოეწყოთ. მაგიდაზე მოსაპარავად გამზადებული პურები იდო. ბიჭს ყველაფერი გაახსენდა, თვალებს ვერ უსწორებდა პროზიმას და გაუბედავად, დარცხვენით წამოიწყო:

 

- თუ მშიერი ხარ, რაღა დაგრჩენია, უნდა იქურდო. ის სახლი ამოირჩიე, რომელიც ყვეელაზე ძალიან მოგეწონოსო. ასე არ მითხარი?!


- შენც რაღა მაინცდამაინც ჩემი სახლი ამოირჩიე?! - ახარხარდა პროზიმა. მალე დასერიოზულდა, სკამს ხელი წამოავლო და საწოლის წინ ჩამოუჯდა საბას.

 

- მთავარი იყო, შენ თვითონ გაგეკეთებინა არჩევანი, თვითონ გეცნო და მოსულიყავი ჩემთან,... გესმის?! - სრული სერიოზულობით წარმოსთქვა მოხუცმა. საბას თვალები აენთო, მიუხვდა პროზიმას აზრს.


- გუშინ აქ რომ შემოვედი, საოცარი რამ ვნახე... შენ გნახე, მაგრამ უფრო ახალგაზრდა იყავი!

 

ნახევრად ჩაბნელებული გრძელი გამოქვაბული. კედელზე რამოდენიმე ჩირაღდანია დამაგრებული. გრძელ, დაბალ მაგიდაზე ადამიანის სიგრძის ოქროს სარკოფაგი დევს. ზედ საიდუმლო ნიშნებია ამოტვიფრული. სარკოფაგის გარშემო ცხრა ბერი ზის, მათ შორის ერთი მამამთავარი - პროზიმაა.

 

- ელიატექსენ! - მიმართა პროზიმას მის მარჯვნივ მჯდომმა ბერმა. - ნებაი შენი და მზადყოფნაი ჩვენი, ყოველთა სურვილისაი და ნებისაი შენი აღსრულებისაი! - დაამთავრა თუ არა სიტყვა ბერმა, რვავემ ულამაზესი მოელვარე ხმალი აღმართა, ერთხმად ეამბორნენ ვადაზე და წვერები ოდნავ შეახეს სარკოფაგს. ელიატექსენმა მიწიდან სკივრი აიღო და მუხლებზე დაიდო.


- ვფიცავ! - წარმოთქვა ელიატექსენმა.

- ვფიცავ! - სინქრონულად გაიმეორეს ბერებმა.

 

- ესრერა უკვდავება სიბრძნისაი, არსი ყოველთა ხალხთა და ტომთა, არსი ყოველთა ცოცხალთა და მკუდართა, არსი ყოველთა ვარსკულავთა და პლანეტათა, ათვლისაი წერტილი და საიდუმლოი ქუეყანისა ზეცისაკენ დამარხულ იქნას, რათა არა წაიბილწოს იგი; ყოველთა უვიცთა, უმეცართა და ამპარტავანთა მიერ.

 

- რათა ქმნილებაი დიდი, უბრწყინვალესი და უმშვენიერესი მამისაი - მამაში იყოს მარადჟამს უკუნისა უკუნისამდე!...

 

- ამინ! - დაიძახეს ყველამ ერთად.

 

სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. თითოეული ბერის თვალები სადღაც უსასრულობაში იმზირებოდა, თითქოს მათი სულები სამყაროს მთლიანობაში განიღვარნენო. სიჩუმე მიმქრალმა გულის ფეთქვამ დაარღვია, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა... ბოლოს ისეთ ზღვარს მიაღწია, გეგონებოდათ სამყაროს უნივერსალური გული ფეთქავსო.

 

ელიატექსენი სკივრს შეეხო და ნელ-ნელა სახურავის ახდა დაიწყო. რვავე ბერმა თავები დახარეს, რომ არაფერი დაენახათ. გამოქვაბულში ქარი შემოვარდა, რომელმაც კედელზე ჩამოკიდებული ყველა ჩირაღდანი ჩააქრო. გამოქვაბულში საოცარი ბგერათა ჰარმონია აჟღერდა, თითქოს ქარი სამყაროს შექმნის ჰიმნს მღერისო.

 

სიბნელეში ნელ-ნელა ცისფერი შემოიჭრა და გაანათა. ელიატექსენს სკივრი აეხადა და ხელში გრაალის თასი ეჭირა, რომელიც შიგნიდან ცისფერ შუქს ასხივებდა გამოქვაბულს. ქარი ჩადგა. თავდახრილი ბერების წვერებსა და თმებს სიო ეალერსებოდა. ელიატექსენმა სარკოფაგის თავსახური გადასწია და თასი ნელ-ნელა შიგნით ჩაეშვა, ცისფერმა კვდომა დაიწყო, სარკოფაგმა კი ყვითელი სინათლის გამოსხივება დაიწყო. ბერებმა ერთხმად დაიწყეს ქართული საგალობელი და ნელა თავების აწევა დაიწყეს.

 

ელიატექსენმა სარკოფაგს თავი დაახურა, წამოდგა, ჩირაღდანს მიუახლოვდა და აანთო.

 

საბა დაძაბული წამოწეულიყო და დაძაბული თვალებით შეჰყურებდა პროზიმას. პროზიმას ბრძნულად ეღიმებოდა.

 

- ხომ გითხარი, ფასი მაშინა აქვს, როდესაც შენი ფეხით მოდიხარ ჩემს სახლში... რის წაღებასაც შესძლებ შენია!

 

- კი მაგარამ, მერე... მერე რა მოხდა აღარ ვიცი... - თითქმის წამოიყვირა საბამ ისეთი ხმით, რომ მოხუცს კი არა, თითქოს საკუთარ თავს შეუძახა და დაბნეულობაში დადუმდა.

 

- მერე სარკოფაგი საიდუმლო ადგილას წაიღეს დასამარხავად! - სიჩუმე დაარღვია პროზიმამ.

 

ღამე. მთები. ვარსკვლავებით გამოჭედილ ცაზე გამოკიდული მთვარე ერთერთი მოწმე იყო საიდუმლო პროცესიისა. რვა ბერს მხრებზე შემოედგათ სარკოფაგი, მოელვარე ხმლები წელზე შემოერტყათ, თავსაბურავები ისე ჩამოეწიათ, არცერთის სახე არ ჩანდა. ფეხშიშველა მიაბიჯებდნენ ღამის სიჩუმეში, მათი გრძელი ანაფორების შარი-შური ისმოდა მხოლოდ. ამ პროცესიას თავმოშიშვლებული ელიატექსენი მიუძღვოდა კავით ხელში, რომელსაც ყოველ სამ ნაბიჯზე კლდიან საფარს ურტყავდა. თითოეული დარტყმა ექოსავით მრავლდებოდა მთებში. პროცესია ვიწრო გასასვლელებით აღმა მიიწევდა კლდეებში.

 

ელიატექსენი ერთერთი მთის ძირს მიადგა და შეჩერდა. რამოდენიმე მეტრში მღვიმეში შესასვლელი გამოჩნდა. შესასვლელს მალე სარკოფაგ-შემოდგმული ბერებიც მიადგნენ. ელიატექსენი ერთ ხანს ცას მიაშტერდა. ცაში ერთადერთი ღრუბელი მთვარისაკენ მიცურავდა და მალე სულ გადაფარა. ელიატექსენმა ნიშანი მისცა და პროცესია მღვიმეში შეიმალა.

 

სიბნელე ჩირაღდანმა გაანათა. გამოქვაბულში კლდიდან გადმომავალი წყარო გამოჩნდა. პროცესია კლდეში გამოკვეთილი კიბეებით სიღრმისაკენ გაემართა, რამოდენიმე ლაბირინთის გავლის შემდეგ ელიატექსენი შესდგა, ბერებმა სარკოფაგი მიწაზე დაუშვეს.

 

- თქვენ შემოსასვლელთან დარჩებით! - წარმოსთქვა ელიატექსენმა. სარკოფაგთან დაჯდა და ჩირაღდანი ერთერთ ბერს გადასცა. ბერები სწრაფად გაუჩინარდნენ ვიწრო გასასვლელში.

 

თენდებოდა. სამუშაო კარგა ხნის დაწყებული იყო. რვა ბერი თავგამოდებით მუშაობდა. მღვიმეს შიგნიდან ქოლავდნენ, ერთნი ქვებს აწყობდნენ, მეორენი - წყაროს წყალში თიხას ზელდნენ და ქვებს შუა დარჩენილ ნაპრალებს მთლიანად ავსებდნენ.

 

გარეთ დღის სინათლეს ღამე გაედევნა. ალიონი იდგა. ნამიან ბალახებში ჩამალული ჩიტები ბუმბულს ისუფთავებდნენ.

 

ნახევარი შესასვლელი უკვე თითქმის დაეგმანათ, რომ ქვების რაკა-რუკი და მუშაობა წამით შეწყდა. ყველამ გარეთ გაიხედა. შესასვლელის ახლოს არწივი გამოჩნდა, წრე დაარტყა და გაფრინდა. მღვიმეში დღის სინათლე ნელ-ნელა შემცირდა. მალე უკანასკნელი დარჩენილი ადგილიც ამოქოლეს და ჩიტების ჭიკჭიკიც შეწყდა. მღვიმეში დარჩენილი ბერები მთლიანად წყვდიადში ჩაიძირნენ.

 

საბა პატარა ბავშვივით გაკვირვებული შეჰყურებდა პროზიმას. მოხუცი ჩაფიქრებული ჩანდა.

 

- ...და შენც იქ დარჩი?! - შეეკითხა საბა. პროზიმამ თავი დაუქნია.

 

- სამუდამოდ?! - არ ეშვებოდა საბა. მოხუცს გაეცინა.

 

- როგორ?! - გულუპყვილოდ წამოიძახა ვაჟმა. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, პროზიმა უცბად მივარდა და პირზე ხელი ააფარა.

 

- ჩუმად საბა,... თორემ სარმას გამოგდებ,... შენ უკვე იცი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ ხარ! - ღიმილით წარმოსთქვა პროზიმამ.

 

დღე. ქალაქი. პროზიმა და საბა სარდაფში ჩასასვლელ კიბეებთან შეჩერდებიან. აბრაზე ლამაზი ლირაა გამოხატული. საბა ცნობისმოყვარეობით შეჰყურებს სურათს. მოხუცს ეღიმება. ბიჭს ოდნავი ხელის ბიძგებით მიანიშნებს - ჩადიო. საბა შეცბუნებული გამოხედავს, ეტყობა, რომ განშორება არ უნდა.

 

- იქ შენი ძმაა! - წარმოსთქვა პროზიმამ.

- თუ ქალაქში სიკვდილმა იმძლავრა, ყველაფერს განერიდე! - დამრიგებლურად წარმოსთქვა პროზიმამ.

 

საბა რამოდენიმე საფეხურზე ჩავიდა, უმძიმდა მოხუცთან განშორება, შეჩერდა, მაგრამ უკან აღარ მოუხედავს.

 

- მაშინ მე აქ აღარ ვიქნები... იცი სად უნდა მომძებნო!  - დააყოლა პროზიმამ და იქაურობას გაშორდა. საბამ ნაღვლიანი თვალები გააყოლა.

 

სარდაფის სახელოსნო ოთახში თაროებზე თორმეტი ლირა იდო. ყოველი სამი დანარჩენისგან განსხვავდებოდა. ყველა ლირას მეექვსე სიმი აკლდა. სახელოსნოს ერთ კუთხეში თეთრი ანაფორისმაგვარ სამოსელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი ხეზე საჭრელი დანით ლირას ფორმებს ამზადებდა. ოსტატს მგოსნის გამომეტყველება და თხელი, გრძელი კიდურები ჰქონდა. სახელოსნოში საბამ შემოჰყო თავი. ოსტატმა სამოსი დაიბერტყა ბურბუშელებისგან, საბას გაუღიმა და მის შესახვედრად გაემართა, მიუახლოვდა და საბას გულწრფელად გადაეხვია. - ეს ლაზარეა.

 

საბა გაკვირვებული იყო უცნობის ასეთი მოპყრობით და ეჭვით აათვალიერა. შემდეგ ოთახს მოავლო მზერა და საკრავებს დააკვირდა.

 

- საბა! - მიმართა ლაზარემ. - პროზიმა ქალაქიდან მიდის, ჩვენ ცოტა ხანს კიდევ დავრჩებით... ასე გვირჩია!

 

საბა თავისი სახელის გაგონებაზე კიდევ უფრო განცვიფრდა. ლაზარე ღიმილით შეჰყურებდა დაბნეულ სტუმარს.

 

- ამის კეთება პროზიმამ მასწავლა... დაკვრაც მანვე მასწავლა! - ლაზარემ ლირაზე მიუთითა.

 

თავის სამუშაო მაგიდასთან მივიდა, კედლიდან ყველასაგან განსხვავებული ლირა ჩამოიღო, მოიმარჯვა და სიმებს თავისი გრძელი თითები გამოსდო.

 

- ცოტა ხანს ჩემთან იცხოვრებ! - უთხრა ლაზარემ საბას, რომელიც იქვე, დაბალ სკამზე ჩამომჯდარიყო. საბამ თავი დაუქნია.

 

ლაზარემ ლირა ააჟღერა, არაჩვეულებრივი ბგერები დატრიალდა სახელოსნოში. ლაზარეს თავი უკან გადაეწია, მისი თვალები სადღაც უსასრულობაში იმზირებოდნენ, ხოლო სახე მთელი შთაგონებით განიცდიდა ბგერათა ჰარმონიას.

რაღაც ძალიან ნაცნობი შეიჭრა საბას სულში, რაღაც შორეული და მივიწყებული ამოტივტივდა მასში. ეს მუსიკა ძალიან ჰგავდა გრაალის დამარხვის დროს წარმოქმნილ ჟღერადობას. საბას სახე კეთილმა ღიმილმა მოიცვა, თვალები აუწყლიანდა და მძინარე ადამიანივით წარმოთქვა:

 

- ე ლ ი ა ტ ე ქ ს ე ნ !

 

ბგერათა ჰარმონია უხეშმა ბრახუნმა და ხრინწიანმა ხმამ დაარღვია:

 

- ლაზარეე! ლაზარეე! - გაისმა კარებთან. ლაზარემ დაკვრა შეწყვიტა, საბაც გამოერკვა. სახელოსნოში აჯაჯულ-დაჯაჯულმა გლეხმა შემოაბოტა. თმები და წვერები სასაცილოდ აბურძგვნოდა, ორივე ხელში კონად შეკრული მსხვილი ტოტები ჩაებღუჯა. ლაზარეს დანახვაზე თვალები აუციმციმდა, პირი დააღო და ყურებამდე გაიცინა. ლაზარე მის შესახვედრად წამოდგა.

 

- მასალა მოგიტანე! - სულელურად წარმოთქვა გლახომ და თვალები უაზროდ გადაატრიალა.

 

- როგორც მითხარი, სიონის მთიდანაა! - მნიშვნელოვნად წარმოსთქვა გლეხმა და თვალები ისევ ააკვარკვალა, ხან საბას გახედავდა უაზროდ, ხან ლაზარეს. ორივე გულწრფელად უღიმოდა გლეხს.

 

- დილით მოვჭერი ნამიანზე, ცული ორჯერ დამიჩლუნგა! - ხმას აუწია გლახომ.

 

- ხელები დამაწყვიტა, მე ამის დედა ამისა!... - უცბად გაბრაზდა გლახო, ტოტების ორივე შეკვრა იატაკზე რახა-რუხით დაყარა და ორივეს ეშმაკურად გადახედა. გლახოს ოინებზე ბიჭები გულიანად ახარხარდნენ.

 

ლაზარემ ხელი გადახვია გლახოს და სახელოსნოს სიღრმისაკენ წაუძღვა. საბაც ფეხზე წამოდგა და მათ გაჰყვა. ლაზარემ ნაჭერი ამოიღო და მაგიდაზე გადაშალა. იქვე სკივრიდან შოთის პურები ამოიღო, შუაზე გადატეხა და ნაჭერზე დააწყო. შემდეგ ფარდაჩამოფარებულ საკუჭნაოში შეძვრა. პურების დანახვაზე გლახოს თვალები ისევ სასაცილოდ აუთამაშდა. საბა ღიმილნარევი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა გლახოს. გლახოს თვალები უცებ ერთ წერტილზე გაიყინა, თითქოს აზრი დაიჭირა.

 

- ლაზარე! - დიყვირა გლახომ და რატომღაც საბას გადახედა დარცხვენით.

 

- გისმენ, გლახო, გისმენ! - ფარდის მეორე მხრიდან გამოსძახა ლაზარემ.

 

- ამ შენ ტოტებს რომ ვჭრიდი, ერთი ჭკუაზე შეშლილი მოხუცი გამომეცხადა. - წარმოსთქვა გლახომ და რადგან უშუალო მსმენელი ფარდის მეორე მხარეს იყო, საბას გადახედა. საბამ მთელი სერიოზულობით დაუქნია თავი და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: - აბა, აბა!

 

გლახომ ვერაფერი გაიგო და ისევ ფარდას მიმართა: - ასე მითხრა, ამ დილაადრიან ხეებს რატომ ატირებო?!

 

ფარდა გადაიწია და ლაზარე გამოჩნდა, ხელში ყველის ნაჭერი ეჭირა. გლახოს თვალები ხარბად აინთო და პირში ენა გაიწკლაპუნა. ლაზარემ ყველიც პურებთან დადო და ფუთა გამოკრა.

 

- მერე, მერე! - თქვა ლაზარემ და გლახო გამოაფხიზლა.

 

- მერე... - თითქოს იხსენებდა გლახო.

- ჰმ, მერე ცულით გამოვეკიდე, კოჭლობ-კოჭლობით გარბოდა, ის გლახაკი, ისა! - თავმომწონედ წარმოსთქვა გლახომ.

 

ლაზარემ ლითონის ფულები ააჩხრიალა ქისაში. გლახომ ყურები ცქვიტა, დაიძაბა. ლაზარემ ფულის გადათვლა დაიწყო.

 

- რა ქენი მერე, დაიჭირე?- ღიმილით ჩაერთო საუბარში საბა. გლახომ ერთი წამით ამაყი მზერა ესროლა და ისევ მონეტებს დახედა.

 
- გამექცა... რო დამეჭირა, მეორე ფეხსაც დავუკოჭლებდი, მე მაგის წუნწკალი დედა, მაგისა! - ომახიანად დაიძახა გლახომ. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ახარხარდნენ. გლახო მთელი სერიოზულობით, გულმოდგინედ თვლიდა ფულს.

 

მიწისქვეშ. საბა და ლაზარე ნახევრად ჩაბნელებულ გვირაბში, წელში მოხრილები მიაბიჯებდნენ. ნელ-ნელა უფრო მეტი სინათლე შემოიჭრა და ბიჭების სახეები გაანათა.

 

- აქ ხშირად დავდივარ, პროზიმას დავალებაა. თუ მათთვის ხშირად არ დაუკრავ, ამორძალებად გადაიქცევიანო! - ხმადაბლა უხსნიდა ლაზარე საბას.

 

მალე გვირაბის ბოლოს გააღწიეს და ჭაში აღმოჩნდნენ. საბამ ცალი ფეხი ჭის მეორე კედელზე გადადო და წყლის თავზე - ჭაში გაიმართა.  დიდი წვალების შემდეგ მის ტანზე ლაზარე აფოფხდა, შეძლებისდაგვარად მოეწყო და ლირა ააჟღერა. უეცრად ქალის ხმა გაისმა:

 

- მართა,... მაგდა,... მოდით შვილებო, ლაზარე მოვიდა.

 

სუფთად მოვლილ მონასტრის ბაღის ყოველ კუთხეში ყვავილები და ბზის ბუჩქები ეხარებინათ. შუახნის ქალი, ორ ახალგაზრდა მონაზონთან ერთად ჭის შორიახლოს იდგა და მუსიკას უსმენდა. მოშორებით სხვა მონაზვნებიც გამოჩნდნენ. ჯგუფ-ჯგუფად, უხმაუროდ უახლოვდებოდნენ ჭას. ნელ-ნელა ჭიდან ლაზარეს თავი გამოჩნდა. მონაზვნები აფუსფუსდნენ:

 

- აი, როგორი ყოფილა! - გადაულაპარაკა მაგდამ მართას.


- რატომ აქამდე არ გვეჩვენებოდი? - შეეკითხა მართა.

 

- ძალიან ღრმა ჭაა... სიმაღლე არ მყოფნიდა. ღიმილით უპასუხა ლაზარემ.

 

- ეხლა როგორღა მოახერხე? - გამომცდელად შეეკითხა მაგდა.

 

- ჩემი ძმის მხრებზე ვდგევარ! - უპასუხა ლაზარემ.

 

- ის როგორიღაა? - ვერ დასძლია ცნობისმოყვარეობა გოგოების დედამ.

 

- ჩემნაირია! - ღიმილით მიუგო ლაზარემ და ისევ ააჟღერა ლირა.

 

უეცრად გაბმული ზარების რეკვა ატყდა და გადაფარა ჰანგები. მონაზვნებმა შეშფოთებით გადახედეს სამრეკლოს და ისევ ჭას მოავლეს მზერა. ლაზარე გამქრალიყო. ქალები ნელ-ნელა ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ ჭას და ჩაიხედეს. არავინ იყო, მხოლოდ მათი სახეები ტივტივებდნენ წყალზე.

 


 სცენარის გაგრძელებას შემოგთავაზებთ

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE