კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

თუ არსებობს ერთი, არსებობა შეუძლია სიმრავლეს, არ არსებობს ერთი - არ ასებობს სიმრავლე.

 

თუკი არსებობს ერთში სიმრავლე, მაშინ არსებობს მრავლის მტევი ერთი, რომელიც მარტივად რთული უსასრულობაა, რომელსაც წვდომის ზღვარში აქვს ერთი მხოლოობა.

 

სრული ერთი, მარტო ერთი უსასრულობის უფსკრულია, ესე არს სიღრმე მიუწვდომელი, რომლის სახელი ნივთის უზომოობას დაჰნიშნავს; განუზომელი ერთი კი - ღმერთია. ღმერთი არს სული ნათელი დაუსაბამო და მიზეზი ყოველთა დასაბამიერთა და დამბადებელი ყოველთა.

 

ღმერთი მჭნვარე მჭრობელი არს, გამჭვირვალ მხედავი სამყაროისა და აღმქმელი უფსკრულისა, მჩნედ ატლანტიკოსი.          /კენჭა-ბერი/

 

 

 

ნაწილი პირველი

ერთის გაგებისათვის

თავი 2


ყოველი მოზიარე ერთისა ერთიც არის და არაერთიც. თუ იგი არ არის თვითონ ერთი (ერთს ხომ რაღაც სხვა ეზიარება, რაც არ არის ერთი), ეს იმას ნიშნავს, რომ განიცადა მან ერთობა მასთან ზიარებით და იქცა შემძლედ ერთად ყოფნისა.

 

ხოლო თუ არაფერი არ არსებობს ერთის გარდა, ერთი იქნება ერთადერთი და კი არ ეზიარება იგი ერთს, არამედ იქნება თვითერთი.

 

ხოლო თუ არის რაიმე იმ თვითერთის გარდა, რაც არ არის ერთი (ერთის მოზიარე არაერთიც არის და ერთიც, მაგრამ არა ის თვითერთი, არამედ ერთად მყოფი, როგორც მოზიარე ერთისა), ამით იგი არც თვითერთია და არც ის, რომელიც ერთია.

 

ერთდროულად ერთად მყოფიც და ერთთან მოზიარეც, და ამის გამო არაერთად მყოფი თავისი არსებით, ერთი არის არაერთიც, ერთის გარდა არსებული რაღაც სხვა. ასე რომ, რომელიც ზეაღივსო (ზიარებით) არაერთია, ხოლო რომელსაც ეზიარა - ერთი.

 

ამრიგად: ყოველი მოზიარე ერთისა, ერთიც არის და არაერთიც.     /დიონისე არეოპაგელი/

 

 

 

არჩილ ბაქრაძე

დადებითი და უარყოფითი თეოლოგიური აზროვნების თავისებურება ვლ. სოლოვიოვის რელიგიურ ფილოსოფიაში.

 

არეოპაგიტიკამ შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქებში დადებითი როლი შეასრულა დიალექტიკური იდეების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დღეს მისი ღირებულება მხოლოდ ისტორიულია. ის გარემოება, რომ XIX საუკუნის დასასრულს იდეალისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი არეოპაგიტიკის მისტიკური მეთოდების თავისებურ გამოყენებას აუცილებლად მიიჩნევს და რომ მას XX საუკუნეში გავლენიანი მიმდევრები ჰყავს, ეს ფაქტი თანამედროვე იდეალისტური და რელიგიური აზროვნების კრიზისის უტყუარი საბუთია.

 

არეოპაგიტიკის დიდი გავლენა აშკარად შეიმჩნევა XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაზე, განსაკუთრებით, მის ნეოპლატონურ ფრთაზე.

 

სანამ დავახასიათებდეთ ამ ფილოსოფიის ადგილს XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემათა შორის, აუცილებელია, მოკლედ მაინც, გაირკვეს არეოპაგიტული (თავისებურება) მოძღვრების არსი, ღმერთის შემეცნების არეოპაგიტული მეთოდების თავისებურება.

 

როგორც ცნობილია, არეოპაგიტიკის მიხედვით, ღმერთის ჭეშმარიტი და სრული დახასიათება ორი მეთოდის მომარჯვებას უნდა დაემყაროს. ეს მეთოდებია - უარყოფითი და დადებითი. ამ მეთოდების ცდისეული საფუძვლები რელიგიურ-მისტიკურ გამოცდილებაშია.

 

ღმერთის მიმართ ყველა პრედიკატის უარყოფა, რაც უარყოფითი ღვთისმეტყველების შინაარსს შეადგენს, არეოპაგიტიკის მეხედვით გამომდინარეობს იქიდან, რომ მორწმუნე ვერც ერთი პრედიკატით ვერ გამოხატავს იმ შინაარსს, რასაც ის მისტიკურ ექსტაზში განიცდის. ღმერთის დახასიათება შეუძლებელია, რადგან იგი აღემატება ყოველივე არსებულს. ამიტომ ღმერთის წვდომის უმაღლესი ფორმა არის გონების სრული დადუმება, ხელის აღება ყოველგვარ მსჯელობაზე ღმერთის შესახებ.

 

თვითონ უარყოფის ოპერაცია, რომლის საშუალებითაც წარმოებს უარყოფით თეოლოგიაში ღმერთის ნებისმიერი განსაზღვრების უკუგდება, თავისებურად არის გაგებული. საზოგადოდ, უარყოფა არის ისეთი ლოგიკური ოპერაცია, რომლის საფუძველზე დგინდება გარკვეული კერძო შინაარსი, მისი განსხვავება ყოველივე სხვა შინაარსისაგან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ უარვყოფთ რაიმე ლოგიკური განსაზღვრების შესაძლებლობას, აღმოცენდება წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობის მიზეზია ის გარემოება, რომ ლოგიკური განსაზღვრების უარყოფის აღნიშნულ აქტში, ჩვენ ვიყენებთ ცოდნის ლოგიკურ ფორმას. თვითონ უარყოფა ლოგიკურის სფეროა, რადგან ლოგიკური უარყოფა, რასაც არ უნდა მიეყენოს იგი, რაციონალური ცოდნის ფარგლებში დაგვტოვებს, ამიტომ უარყოფით თეოლოგიაში ღმერთის პრედიკატების უარსაყოფად გამოიყენება უარყოფა არა მისი ლოგიკური აზრით, არამედ უარყოფის იმ მნიშვნელობის გამოყენებით, რომელიც, ამ შემთხვევაში, გონებიდან გაქცევის, მისი დაძლევის სიმბოლოა.

 

უარყოფითი თეოლოგიის უარყოფაში უარიყოფა ღმერთისადმი არა მარტო რაიმე დადებითი, არამედ, აგრეთვე, უარყოფითი პრედიკატის მიწერაც. უარყოფითი თეოლოგია ეუბნება ღვთისმაძიებელს, რომ ღმერთთან მისასვლელად საჭიროა ყოველგვარი დასტურისა და უარყოფის მიღმა განსვლა, ლოგიკური აზროვნებისადმი ზურგის შექცევა.

 

“ვისაც სურს მოგიახლოვდეს შენ, მიმართვას ღმერთს ნიკოლოზ კუზანელი, ის უნდა ამაღლდეს ყოველგვარ ცნებებზე, საზღვრებზე და შეზღუდულობაზე. გონმა უნდა ზურგი შეაქციოს ცოდნას და ჩაიძიროს წყვდიადში... რადგან ყოველგვარი სახელდება არის კედელი, რომლის ზევით გხედავ მე შენ. ხომ არ არის ეს განსწავლული არცოდნა? (docta ignorantia?) რადგან მხოლოდ იმას შეუძლია მოგიახლოვდეს, ვინც უწყის, რომ არ გიცნობს შენ.’’

 

მართალია უარყოფითი თეოლოგია ათავისუფლებს ადამიანს იმ ცოდნისაგან, რომელშიც ფიქსირებულია ღმერთის გამოვლინება სამყაროში და შესაძლებლობას აძლევს მას ეზიაროს შიდაღვთაებრივ საიდუმლოებას, მაგრამ ამ შესაძლებლობის სინამდვილედ გადაქცევა მხოლოდ თავის საკუთარ თავს მინდობილ ადამიანს არ ძალუძს. ამისათვის აუცილებელია, რომ თვითონ ღმერთმა აღიტაცოს ადამიანი და წყალობის გზით აზიაროს იგი შიდაღვთაებრივ საიდუმლოებას. ამაშია ქრისტიანული მისტიკის არსებითი განსხვავება, მისტიკის იმ არაქრისტიანული ფორმებისაგან, სადაც შესაძლებლად არის მიჩნეული შიდაღვთაებრივ სფეროში შეჭრა მხოლოდ ადამიანის გონითი ძალების სათანადო გავარჯიშების გზით.

 

რაც შეეხება ღმერთის დადებით დახასიათებას, იგი არეოპაგიტიკის მიხედვით, შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსცენდენტური ღმერთი აცხადებს თავის თავს, ვლინდება როგორც ყოველივე არსებულის მიზეზი.

 

ყველაფერი ნაზიარებია ღმერთს, ყველაფერი განსჭვალულია მისი ენერგიით, და ამ კავშირის ძირითად ფორმებს წარმოადგენს ღვთაებრივი იდეები. სწორად ღვთაებრივი იდეები იძლევიან საშუალებას შევიმეცნოთ ღმერთის გამომჟღავნება სამყაროში, მისი მიმართება სამყაროსთან. ამ შემეცნებას ახორციელებს დადებითი თეოლოგია, რომელიც გამოცხადებაში ფიქსირებული ღვთაებრივი სახელების აღწერის და ანალიზის გზით იძლევა ღმერთის დადებით დახასიათებას.

 

სამყაროში აღმოჩენილი ესა თუ ის ნიშანი თითოეულ ღვთაებრივ სახელს პოზიტიურობის ზეაღმატებულ ხარისხში აჰყავს. ამ გზით ნაცადია იმის თქმა, რომ ამ სახელით გამოხატული სრულყოფილება, მართალია უსასრულოდ შორსაა ღმერთის არსის გამოხატვისაგან, მაგრამ მაინც უფრო ახლოა მასთან, ვიდრე იმ სახელის მიერ გამოხატული შინაარსი, რომელიც ზეაღმატებულობის ფორმას მოკლებულია. წინდებული “ზე’’, რომელიც თითოეულ სახელს დაესმის წინ, სწორედ ამაზე მიანიშნებს. მაგალითად, იმ დროს, როდესაც უარყოფითი თეოლოგია გვეუბნება, რომ ღმერთი არ არის არც ყოფიერება, არც ყოფიერების უარყოფა (არარა), დადებითი თეოლოგიის მიხედვით, მართალია, ღმერთი როგორც უფრო პოზიტიური, აღემატება ყოფიერებას, მაგრამ იგი ამავე დროს, არ არის მოკლებული ყოფიერებას, არამედ მჟღავნდება მასში. ასეთია ძირითად შტრიხებში არეოპაგიტული მოძღვრება ღმერთზე და მის წვდომით მეთოდებზე.

 

არეოპაგიტიკის ძირითადი დებულებების ამ წინასწარი განხილვის შემდეგ, გადავიდეთ უშუალოდ XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის რუსული რელიგიური ფილოსოფიის ანალიზზე.

 

როგორც ცნობილია, კათოლიციზმისგან განსხვავებით მართლმადიდებლობას არ გააჩნია ეკლესიის მიერ ოფიციალურად სანქციონირებული ფილოსოფიური მსოფლმხედველობა. ამ ფაქტმა საშუალება მისცა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისის რუს რელიგიურ მოაზროვნეთა მნიშვნელოვან ნაწილს (აქ შეიძლება დასახელდეს ცნობილი მოაზროვნეები: ნ. ფედოროვი, კ. ლეონტიევი, ვლ. სოლოვიოვი, ს. ტრუბეცკოი, ევ. ტრუბეცკოი, ს. ბულგაკოვი, ს. ფრანკი, პ. ფლორენსკი, ნ. ლოსკი, ლ. კარსავინი, ი. ილინი, ვ. როზანოვი, ნ. ბერდიაევი, ლ. შესტოვი, მ. ტარეევი, ვ. ნესმელოვი და ა.შ.) მართლმადიდებლური რელიგიის სამსახურში ჩაეყენებინათ ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული რელიგიურ-ფილოსოფიური კონცეფციები.

 

XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ რელიგიურ-იდეალისტურ ფილოსოფიაში ძირითადად ორი ტენდენცია შეიძლება გამოიყოს. რუს მოაზროვნეთა ერთი ჯგუფი (ვლ. სოლოვიოვი, ს. ტრუბეცკოი, ევ. ტრუბეცკოი, ს. ბულგაკოვი, ს. ფრანკი, პ. ფლორენსკი და სხვა) ცდილობს მართლმადიდებლური რელიგიის ფილოსოფიური დაფუძნებისათვის გამოიყენოს პლატონურ-არისტოტელური მატაფიზიკის პრინციპები და მათი საშუალებით რელიგიური მსოფლმხედველობის ასაგებად, შესაბამისი ფილოსოფიური ინტერპრეტაცია მისცეს თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს.

 

ამ ფილოსოფოსთა ნააზრევში საკუთრივ თეოლოგიური პრობლემატიკა განიხილება ონტოლოგიურ-კოსმოლოგიური საკითხების საკმაოდ ინტენსიური კვლევის ფონზე.

 

რაც შეეხება მოაზროვნეთა მეორე ჯგუფს (ნ. ბერდიაევი, ლ. შესტოვი, მ. ტარეევი, ვ. ნესმელოვი და ა.შ.), ისინი უარყოფენ რელიგიის ფილოსოფიური დაფუძნების პლატონურ-არისტოტელურ ხაზს და რელიგიური ექსისტენციალიზმის თვალსაზრისისაკენ იხრებიან. მათი თვალსაზრისით, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა, როგორც პიროვნულ-ინტიმური ვითარება ვერ ეგუება ისეთ პლატონურ-არისტოტელესეურ კატეგორიებს და სქემებს, როგორიც არის ერთისა და მრავალის, ფორმისა და მატერიის, მიზეზისა და შედეგის და სხვა კატეგორიები. ცოცხალი ბიბლიური ღმერთი და მასთან დიალოგი ამ მოაზროვნეთა მიერ აღიწერება არა ობიექტურ-იდეალისტური სპეკულაციის ენაზე, არამედ გამოიხატება უპირატესად სუბიექტურ-ექსისტენციალური სიმბოლოების საშუალებით (სიყვარული, კატასტროფა და ა.შ.). მათ აინტერესებთ არა იმდენად ღმერთი მის ობიექტურ განსაზღვრებაში, რამდენადაც ადამიანი, მისი ტრაგიკული ბედი სამყაროში. შესაბამისად, მათთვის ფილოსოფია წარმოადგენს არა ობიექტური ჭეშმარიტებების შემეცნების იარაღს, არამედ ღვთისმაძიებელი პიროვნების რელიგიურ-ზნეობრივი ცხოვრების ორგანულ ნაწილსა და გამოხატულებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლასიფიკაცია პირობით ხასიათს ატარებს, რადგან სინამდვილეში, ზემოთდასახელებულ რუს რელიგიურ ფილოსოფოსთა ნააზრევში, თუმცა სხვადასვა პროპორციით, მაგრამ მაინც ორივე ტენდენციაა წარმოდგენილი.

 

ანტრაქტული ჩანაფიქრი

 

მიმდინარეობს აზროვნების გაღვიძება, ლოგოსური რთული რეანიმაცია, ამიტომ მრავალ ნააზრევთა შედარება მოგვიწევს ერთმანეთთან. დამთავრდა კაცობრიობის განვითარების ერთი ეტაპი, რომელმაც უნდა შეაჯამოს ჩვენი სისრულე მონაცემთან. ჩვენ კი მონაცემად გვაქვს უფალი იესო ქრისტე ნაზარეველი, ძე ღმრთისა და ძე კაცისა და მის მიერ დაკვალული გზა შემეცნებისა და სიყვარულისა.

 

შემოდის სრულიად განსხვავებული მოდელი აზროვნებისა და ამ კუთხით უდიდესი როლი ქართულ აზროვნებას აკისრია. საქართველო საღმრთო სახელმწიფოებრიობას აღიდგენს და რელიგიურობა სარწმუნოებასთან ერთად ერის მთლიანი შემეცნების ნაწილი გახდება.

 

მადლობა მინდა გადავუხადო არჩილ ბაქრაძეს ამ წერილის არსებობისათვის. მე მინდა ღრმა ასპარეზისათვის გამოვიყენო მისი ნააზრები და მთლიანად განხილვის საგნად გავხადო ეს თემა. /კენჭა-ბერი/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE