არსენ ბერი დავით აღმაშენებლის თანამედროვეა. ის სამეფო კართან და თვით მეფესთან მეტად დაახლოებული პირია. ამ გარემოებითა და იმ ფართო განათლების წყალობით, რაც გააჩნდა არსენ ბერს, მან შესძლო თავისი ეპოქის ბევრი საყურადღებო ისტორიული ფაქტის აღნუსხვა და გადმოცემა. ის არის ავტორი უაღრესად საინტერესო საისტორიო თხზულებებისა, რომლებიც ნათელს ჰფენენ დავით აღმაშენებლის პიროვნებას და საერთოდ ჩვენი ისტორიის კლასიკურ პერიოდს.
არსენ ბერის გვარი დანამდვილებით ცნობილი არ არის. ისტორიული ფაქტების შეხვედრის საფუძველზე ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომლის მიხედვით არსენ ბერის გვარი საღირისძე უნდა ყოფილიყო.
ჩვენთვის ამჟამად საყურადღებოა არსენ ბერის ერთი სახოტბო შინაარსის ნაწარმოები „მეფესა დავითს - მონაზონი არსენი“, რომელიც თავისი შინაარსით, ფორმითა და გადმოცემის ხერხებით საჯარო სიტყვას წარმოადგენს. როგორც სათაური გვიჩვენებს, ამ სიტყვას უძღვნის „მეფესა დავითს - მონაზონი არსენი“. სიტყვის შინაარსი გვარწმუნებს, რომ ორატორი მიმართავს ცოცხალ მეფეს: „...კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი“, - ნათქვამია სიტყვაში. მთელი მიმართვა აგებულია ზეპირი სიტყვის წესების მიხედვით, წინ წამოწეულია სახოტბო მჭევრმეტყველებისათვის ნიშანდობლივი ხერხები, ნაგულისხმევია მსმენელი და არა მკითხველი; ძეგლის ენა რიტორულია. მისი ენამჭევრობა შენიშნული და ხაზგასმულია ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში.
ამრიგად, არსენ ბერის ნაწარმოების სახით ჩვენ ხელთ გვაქვს ქართული კლასიკური მწევრმეტყველების ერთი საყურადღებო ქმნილება.
მეფესა დავითს - მონაზონი არსენი
სიბრძნის-მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყაროჲ ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინვალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლისა-ფერ, ვითარცა ელვაჲ ღრუბელთა შორის; ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულის-სათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყვავილთა შორის, აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის; მკნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლელ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევოდოსა სკიპტრის-მპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!... („ქართული მწევრმეტყველება“ ძეგლები და მასალები. ნ.კანდელაკი. 1958წ.)
ტაბუირებული სიტყუის ძალით, არსენის მიერ შექმნილი და კოდირებულია აკრძალული მეფეთა საიდუმლო, რომელიც ჯერ არავის გაუხსნია და არც დავით აღმაშენებლის საუნჯე და საგანძურია მიგნებული.
გიორგი იონთა ჰიპერიონი