კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

ამონარიდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის 

ბ-ნ. ზვიად გამსახურდიას კვლევიდან

იოანე-ზოსიმეს “ქება და დიდება ქართულისა ენისა’’.

 

“ნათლისღება მაქუს ნათლის ღებად

და ვითარ შეურვებულ ვარ,

ვიდრემდე აღესრულოს!“

 (ლუკა 12. 50)

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ მოსვლისას ქართველ ერსა და მის ენას ეკისრება იმ მისსიის აღსრულება, რომელიც გააჩნიათ, იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის გაგებით, ერთი მხრივ, ქრისტესა და მიქაელ მთავარანგელოზს, ხოლო მეორე მხრივ, სულიწმიდას და გაბრიელ მთავარანგელოზს, ვინაიდან სულიწმიდის ნების განმცხადებელი, მისი „პირი“ არის გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმაც ახარა ღვთისმშობელს სულიწმიდით ჩასახვა და რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე სულიწმიდის მომავალ მისსიასთან. ასევე ითვლება მიქაელი - ძის, ანუ ქრისტეს „პირად“. აი, რატომ არიან დავითის IV საუკუნის სტელებზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით! სხვათა შორის, ხსენებული აღმოჩენის შესახებ გ. აბრამიშვილი და ზ. ალექსიძე გაკვრით აღნიშნავდნენ, რომ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში „ენა“ ხალხსაც ნიშნავს, თუმცა ამ დებულებას აღარ უკავშირებენ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“.

 

ბრდაძორის მეექვსე საუკუნის სტელაზე ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას: სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებას და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ იმ ეპოქის საქართველოში იცოდნენ ეზოთერული საიდუმლო ლაზარესა და იოანეს იგივეობისა, ვინაიდან აპოკალიპსისში მეორედ მოსვლის მოვლენების აღწერისას ლაზარე სავსაბით არ არის ნახსენები, ხოლო იოანე ესქატოლოგიური ხილვით ჭვრეტს თავისთავს მიქაელ მთავარანგელოზის გვერდით მეორედ მოსვლის დადგომის ჟამს (გამოცხ. 19, 9-21). ასე რომ, ბრდაძორის სტელაზე გამოსახული ლაზარე იგივე იოანეა.

 

როდესაც ქვეყნად მოვიდა იესო ქრისტე, დადგა ქრისტიანული ერა. აღორძინების სტიმული მიეცათ რასებს, ერებს, ადამიანებს. ყოველივე დამდაბლებულისა და დაწუნებულის აღდგომისა და ამაღლების საწინდარი გახდა ქრისტეს იმპულსი. იოანე ნათლისმცემლის სიტყვისამებრ: „ყოველი ხევნები ამოივსოს და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდნენ“ (ლუკა IV. 5). ყველაზე მეტად დამდაბლებულ და დაწუნებულ ქართულ მოდგმას, ქართულ ენას მიეცა სტიმული აღდგომისა ლაზარეს მსგავსად. ისევე როგორც ჯვართან მდგარ ლაზარე-იოანეს ჯვარცმულმა მაცხოვარმა ანიშნა ღვთისმშობელზე და უთხრა: „აჰა, დედაი შენი“, ხოლო ღვთისმშობელს უთხრა: „აჰა ძე შენი“ (იოანე 19. 26-27), ასევე გახდა საქართველო, იბერია, ღვთისმშობლის წილხვდომილი აღდგომიდან მეერგასისე დღეს, მარტვილიას. ასე რომ, ლაზარე-იოანე და საქართველო თითქმის ერთდროულად იშვილა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ნებისამებრ. აი კიდევ რატომ ჰქვია ქართულ ენას ლაზარე სახარებასა შინა! 

 

 

„და ენაი ესე შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა“ კურთხეულია ჯერ კიდევ ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სადაც შექებულია სემისა და იაფეტის კეთილშობილება, მშობლის პატივისცემა, რომელთაც დაფარეს თავიანთი ნასმურევი მამის, ნოეს სირცხვილი, რისთვისაც შეჩვენებულია ქამის მოდგმა, ქანაანი (დაბად. 9. 32, 33). იაფეტის ძენი მოსოხი, თუბალი, იოავანი მოხსენიებულნი არიან მომავლის კურთხეულ ხალხთა შორის (ესაია, 66. 19). ხოლო სახელი „იოანე“, მოდის „იოავანიდან“, იაფეტური მოდგმის თავკაციდან.

 

რომელი მოდგმის ხალხები უნდა ჩაითვალონ წამყვანად ქრისტიანობის განვითარებაში? იოანე-ზოსიმეს კონცეფციით, ეს ხალხებია ქართველური და ინდოევროპული (ბერძნული) მოდგმის ხალხები, ვინაიდან სემიტურმა ხალხებმა პირველ საუკუნეშივე შეასრულეს თავიანთი როლი ქრისტიანობის აღმოცენებასა და დაფუძნებაში, მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მათი მისსია აღარ გაგრძელებულა ამ მიმართულებით. ქართველური მოდგმის ხალხებმა კი იტვირთეს ძირითადი როლი როგორც ეგზოთერული, ასევე ეზოთერული ქრისტიანობის, როგორც თეოლოგიის, ისე თეოსოფიის განვითარებაში. აღმოსავლეთის ეკლესიის უდიდესი ბურჯები წმ. გიორგი კაპადოკიელი, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი (ლიკიელი). კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და მრავალნი სხვანი იაფეტური, ქართველური მოდგმისანი იყვნენ. ხსენებული მამების ბერძნულენოვნება კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ქართული ენის „დამდაბლება-დაწუნებაზე“ იმ ეპოქაში. ქრისტიანული თეოლოგიისა და თეოსოფიის უდიდესი ბურჯი იყო პეტრე იბერი, არეოპაგიტული ტრაქტატების ავტორი. ეს ტრაქტატები საფუძვლად დაედო როგორც აღმოსავლეთის, ისევე დასავლეთის ეკლესიების ღვთისმეტყველებას, მისტიკას, აგრეთვე ეზოთერულ ქრისტიანობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მისიონერული მოღვაწეობაც კაპადოკიელ და ქართველ ქრისტიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ბერძნებს.

 

ეზოთერული ქრისტიანობის უმთავრესი მიმდინარეობაა გრაალის ქრისტიანობა, რომელიც აღმოცენდა კელტიბერული მოდგმის ხალხებში, პირინეებში, ლანგდოკსა და პროვანსში, ხოლო აქედან გავრცელდა მთელს ევროპაში. გრაალის ძიება იგივე ოქროს საწმისის ძიებაა, რომელსაც „კლასიკურ გრაალსაც “ უწოდებენ მეცნიერებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა, კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომებმა. შუა საუკუნეებში გრაალი დასავლეთ ევროპიდან საქართველოში იქნა ფარულად გადმოტანილი, რაც აღნიშნულია მეფე-ხუცეს იოანეს შესახებ ლეგენდაში, რომელსაც ჯვაროსნული ქრონიკები დავით აღმაშენებელთან აიგივებენ. ქართულ, კერძოდ ფშავ-ხევსურულ ფოლკლორში აირეკლა გრაალის ინიციაციის მოტივები, წმ. გიორგის და მისი ძმადნაფიცი ღვთისშვილების მიერ ქაჯავეთიდან სამძივარის წამოყვანისა და თასის წამოღების მოტივში, რაც საფუძვლად დაედო რუსთაველის ვეფხისტყაოსანს, გრაალის პოემების მონათესავე ქართულ პოემას. გელათი გრაალისადმი მიძღვნილი ტაძარია, რომლის ფრესკული მოტივები ასახავენ გრაალის მისტერიებს. ყოველივე ეს სიმბოლურად აირეკლა აგრეთვე ბაგრატიონთა სამეფო გერბზე, რომელზედაც გამოსახულია დავითის ქნარი და შურდული (იესიან-დავითიანობის სიმბოლო), წმ. გიორგი, ქრისტეს საუფლო კვართი (შიდა სამოსი) და წმ. გრაალის სფერული ბარძიმი (ეზოთერული ქრისტიანობის სიმბოლოები).

 

 

 

როგორც აღინიშნა, იოანე-ზოსიმე წმ. ნინოს, ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს, ლაზარეს დას, მარიამს ადარებს, ვინაიდან მარიამის გზაა ქრისტიანობის სულიერ-ჭვრეტითი ხაზის განვითარება, თეოსოფია და ეზოთერიზმი. ასევეა შედარებული ნინო მარიამთან „მოქცევაი ქართლისაი“-ში, სადაც ზაბილონ ეუბნება მას: „ხოლო შენ მარიამ მაგდალინელისა შური აღიღე ქრისტეს სიყვარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა“ (ქართლის ცხოვრება, 1955. ტ.I . გვ. 76).

 

გარდა ამისა, ნინოსთვის ანგელოსის მიერ გადაცემულ წიგში ერთ-ერთი მუხლი ზ. ასეთია: „რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარად ისმენდა სიტყვასა მისსა ჭეშმარიტსა“ (გვ. 87). ასე რომ, წმ. ნინოს შედარება მარიამთან ზოგადი ტრადიცია ყოფილა ქართულ ეკლესიაში და მწერლობაში, ამის გამო „ქებაის“ „ახალ ნინოში“ რომელიღაც სხვა ნინოს ძიება გზააბნევაა. ბერძნული ქრისტიანობის მისსია კი, რომლის სიმბოლოც არის ჰელენე დედოფალი, ძეგლში მართასთან არის შედარებული, ვინაიდან ბერძნულმა მოდგმამ შექმნა სახელმწიფოებრივი ქრისტიანობა, სოციალური ქრისტიანობა და ეგზოთერული ღვთისმეტყველება. შემთხვევითი როდია აგრეთვე, რომ ქართული მოდგმა მოაქცია სწორედ იაფეტურ-მოსხურ-ზანური კაპადოკიიდან გამოსულმა ქალწულმა წმ. ნინომ, ხოლო წმ. გიორგი კაპადოკიელი უმთავრესი წმინდანია საქართველოს ეკლესიისა, იგი არის აგრეთვე ეროვნული ღვთაება ქართველი ხალხისა, ქრისტესა და სამების ატრიბუტების მატარებელი.

 

ქრისტიანობის ქველი მისსია იმაშიც გამოვლინდა, რომ მან შეარიგა სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ქართველური და ინდოევროპული მოდგმის ხალხები, დაამყარა მათ შორის ჰარმონია და აწ ისინი გვევლინებიან როგორც ორნი დანი, წმ. ნინო და ჰელენე დედოფალი, ერთი იდეალისა და ერთი მიზნის მსახურნი მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს. ქართული მოდგმის, ქართული ენის კურთხეულობისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა მარტოდენ ქართული მესსიანიზმის შედეგი არ გახლავთ, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია. ამ იდეას იზიარებდნენ ბერძნული და რუსული ეკლესიებიც.

 

ახლა ვნახოთ, როგორი ტრადიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით რუსულ ეკლესიას. ცნობილია ქართველი და რუსი ბერების მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა ათონის ივერთა მონასტერში, რომელთაგან მრავალნი ქართველობდნენ და ათონის მონასტრებში რჩებოდნენ სამოღვაწეოდ, როგორც მაგალითად იოანე რუსყოფილი (იხ. კირიონ კათალიკოსის „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“. რუს. ენაზე, ტფილისი, 1910 წ.).

 

ცნობილი ძველსლავიანური დაუჯდომელი (აკათისტი) ივერიის ღვთისმშობლისა, პორტაიტისასი, რომლის ბოლო რედაქცია XVII საუკუნეს ეკუთვნის, მოგვითხრობს ივერიის წილხვდომილობაზე, ათონის ივერთა მონასტრის დიდებაზე, წმ. ექვთიმეს ოქროპირობაზე, წმ. თორნიკეს უძლეველობაზე, წმ. გაბრიელ ხატის მიმრქმელზე და აგრეთვე ივერთა მოდგმის მომავალ დიდებაზე, ისევე როგორც იოანე-ზოსიმეს „ქებაი“. დაუჯდომელის პირველსავე იკოსში ნათქვამია: „ანგელოსი წინაშემდგომელი გაეგზავნა ღვთისმშობელს, როდესაც მას წილად ხვდა სამოციქულო მოღვაწეობა ივერიის მიწაზე: „ნუ განეშორები იერუსალიმს, შენი წილხვდომილი ქვეყანა განბრწყინდება უკანასკნელ დღეებში (ე. ი. მეორედ მოსვლის წინ), შენ კი უნდა იღვაწო სხვა ქვეყნებში, სადაც წარგგზავნის უფალი“. ამავე ტრადიციიდან გამომდინარე ეხმაურება აგრეთვე იოანე-ზოსიმეს XVIII საუკუნის რუსი წმინდანი სერაფიმ საროველი, რომლის თქმითაც, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე, ივერიის წილხვდომილობის იდეა გვხვდება აგრეთვე დავით გარეჯელის ძველ სლავურ დაუჯდომელში.

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდეა რუსული ეკლესიისა, იგი უდიდეს როლს ასრულებდა ოფიციალურ კულტშიც, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ოფიციალური საკულტო ცენტრის, მოსკოვის კრემლის ერთ-ერთ უმთავრეს კარიბჭეს მის პატივსაცემად ივერიის კარიბჭე ეწოდება (ივერსკიე ვრატა).

 

 

 

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს „ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“, რომელიც სასწაულად აქვს ქართულ ენას „უმეტეს სხვათა ენათა“. იყო ცდები „ოთხმოცდაათოთხმეტის“ გადამწერის შეცდომად გამოცხადებისა, მისი 104-ით შეცვლისა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ რატომღაც მინცდამაინც მიაჩნდათ, რომ ამ რიცხვის ხსენება ნიშნავს ქართული კალენდრის მეტობას სხვა კალენდრებზე. ამ გზააბნევას კი იწვევდა სიტყვა „უმეტესის“ არასწორი, მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით გაგება. ძეგლში ნათლად წერია, რომ „ოთხმოცდათოთხმეტი“ სხვა ერების კალენდრებზე მეტნაკლებობას კი არ გულისხმობს, არამედ გარკვეულ თარიღს ქრისტეს მოსვლის შემდგომ. რაც შეეხება გამოთქმას „უმეტეს“ ძველ ქართულში მხოლოდ მომატებულობას, დამატებულობას როდი ნიშნავს, არამედ უპირატესობასაც (იხ. ი. აბულაძე, ძვ. ქართული ენის ლექსიკონი). ასე რომ, „უმეტეს სხვათა ენათა“ ნიშნავს სიტყვასიტყვით: „სხვა ენებზე უპირატესობით“. ახლა განვიხილოთ წინადადება მთლიანობაში: „და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა და საწაულად ესე აქუს: ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე“. ე. ი. ავტორს სურს გვამცნოს: ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან ის არის, რომ მას დღემდე სასწაულად აქვს ქრისტიანული წელთაღრიცხვის თარიღი 94 წელი. რა წელია ეს? ეს არის იოანეს აპოკალიპსისის შექმნის თარიღი, რომელიც დღევანდელი მეცნიერების მიხედვით 94-95 წლებში დაიწერა და შესაძლოა იოანეს სახარებისაც, რომელიც აგრეთვე 90-100 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი. შესაძლოა იოანე-ზოსიმეს დროს არსებობდა უფრო ზუსტი ცოდნა ამ თარიღის შესახებ. ამიტომაც არის ეს თარიღი უაღრესად მნიშვნელოვანი ლაზარე-იოანესათვისაც და მაშასადამე ქართული ენისთვისაც, რამეთუ ამ წელს აღსრულდა ის, რაც იწინასწარმეტყველა იესო ქრისტემ ლაზარეს დაძინებისას: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან“ (იოანე 11. 4). ძე ღმრთისაი იდიდა იოანეს სახარებაში და აპოკალიპსისში ლაზარე-იოანეს მიერ, ამიტომ არის ეს წელი სასწაული მისთვისაც და ქართული ერისთვისაც. ამაშია ლაზარეს უპირატესობა სხვა მოციქულებთან და ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან შედარებით, ვინაიდან იოანეს სახარებასა და აპოკალიპსისში გახსნილია ლაზარე-იოანეს მისსია, რომელიც იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით უღრმესად არის დაკავშირებული ქართული მოდგმის, ქართული ენის მისსიასთან, გარდა ამისა თავად „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ სხვა არაფერია თუ არა და ეგზეგეზა იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისისა.

 

ამის გამო ბუნებრივია, რომ ავტორი ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თარიღს. იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე იოანე-ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკულია და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა, რითაც აღასრულებს ქრისტე-მიქაელის და სულიწმიდა-გაბრიელის მისსიას, რასაც სიმბოლურად ასახავს დავითის VI ს. სტელლებზე გამოსახული მიქაელისა და გაბრიელის მიერ ქართული ანბანის ამაღლება-განდიდება.

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE