ცხენის წელიწადის დასაწყისი ანუ დაბადების დღე
ვნახოთ თუ რა სივცეში შეხვდება ყველა პლანეტა ახალ წელს და რას გადასცემს ენერგეტიკულად დედამიწას თითოეული.
“მთოვარე: მთვარე, ესე არს უქვემოესთა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების ჭირანო. ესე მოიქცევის დასავლით აღმოსავალისა მიმართ ოცდაცხრა დღე, ერთ ჟამ და 33 წამსა. ხოლო მთოვარის სიდიდე, არს მესამედი ქვეყანისა ოდენი. მთოვარი არს უქვემოესსა ცასა ზედა, რომელ არს უმახლობელეს ჩვენდა. ხოლო მოიქცევის დასავლეთით აღმოსავალისა მიმართ აღმოსავლეთით ოცდაშვიდსა დღესა და რვა ჟამსა. ხოლო ორნი დღენი კვალად ვიდრე მზის გამოვლამდე, რომელი შესრულდების ოცდაცხრა დღედ, და ერთ ჟამად და ოცდაათსამმეტ წამად. მთოვარისა სახესა ქალისასა იტყვიან, ელთა აქვსო ისარიო.’’ /სულხან-საბა/
რისი ამოკითხვა შეგვიძლია ამ მოგვური ინფორმაციისგან: იმ ერს რომელსაც არ უჭირს სიმბოლოებით აზროვნება, რადგანაც ენაში დამწერლობის ასოცი სიმბოლური ასო აქვთ, ასო-ცისა მარაგისა სამაროვანი, რიცხობრივ რიგობითად აქვს აწყობილი, აკინძული და დაკაბადონებული.
ძუელით ასომთავრულ დამწერლობაში - ორმოცისა მარაგისა ასონი არიან, ხუცურშიც ორმოცისა მარაგისა და ასონი ვითარცა მარცვალთა ხარბალთა ორმოცისა მარაგისა მხედრულისანი.
რას გვეუბნება ორმოცისა მარაგისა?!
ორმო-ცისა-მარა-გისა, “ორმო - არს მთხრებლი მიწისა ხარბალთა და მისთანათა სამარხავად’’. /სულხან-საბა/
ორმო არის ცისა ანუ მთხრებელი ცისა, მთხრობელი ცისა, ორმოცივე ასო ცის საიდუმლოებაზე გვითხრობს. ორმოცი ასომთავრულისა, ორმოცი ხუცურისა და ორმოცი მხედრულისა - მთლიანად ასოცისა მარაგისა, ასო-ცისა-მარა-გისა.
ასონი ცისანი არიანო ანუ ღვთაებრივნი არიანო და ცის საიდუმლოებებს აღმოგაკითხვინებენო. მსოფლიონი ცის საიდუმლოებათა აღმომკითხველ მეცნიერებას ასტროლოგიად სახელს სდებენ; სინამდვილეში კი ერთი სამ-აროვანი დამწერლობა - თვითოეული ორმოცი ნიშნით, ჯამში ცის 120 (ასოცი) ნიშნით, რომელიც სამარიდან ქ რ ი ს ტ ე მ გამოიხმო ლა-ზარეს სახელით და იკითხება მამით, ძით და სული მნათით - სულიწმინდით, სამებით. სამჯერ ასოცი სამას სამოცია (360), ამდენივე გრადუსადაა დაყოფილი ეკვატორიც და ეკლიპტიკაც, ანუ სამაროვანი ანბანი სწვდება ცასაც და დედამიწასაც განზომითა და აღწონვით.
ნახეთ ანბანური ზოდიაქალური სქემები და შეეცადეთ ნახაზში აღმოიკითხოთ სიმბოლოების შერწყმა, ზოდიაქალური ზოდიაქებულთან და დედან-ენური-სამაროვნებით და მხედარი მხედართა ადამისა და ევისა, ვინაიდან მხედარი ღმერთი არს, რომელი სამოთხეში ადამსა და ევას სიშიშვლითა ჭურიტავს.
ასო-ცისა-მარა-გისა.
ასოცი სამად გაჰყოფს წრეს გრადუსებში და გამოსახავს სამაროვან ჯუარს ვაზისას (მერსედესის ნიშნად რომ აიღეს) ცენტრად დაღერძილს, რომელიც აღსავალის სიმბოლოა (აღსავალის და არა აღმოსავლეთის!).
ჩავსვათ ეს ჯვარი ზოდიაქალურ წრეში, თავი საწყისში მოექცევა ანუ თევზების ზოდიაქოს გრადუსთა დასასრულს და ვერძის ზოდიაქოს გრადუსთა დასწყისში. გავიხსენოთ რომ სვეტიცხოველის ფრესკაზე იესო ქრისტე დასაწყის-დასასრულის ღერძზე მიგვანიშნებს (ასევეა სიტყუაშიც - მე ვარ ანი და ჰოე - დასაწყისი და დასასრული); ერთი ფრთა კირჩხიბისა და ლომის საზღუარზეა, მეორე ფრთა მშვილდოსანისა და ღრიანკალის საზღუარზე, ძირი ჯუარისა ანუ ტარისა ქალწულისა და სასწორის საზღუარზე.
ნინოს ჯვრით, ზოდიაქალური წრიდან ამონიშნულით, საათის ისრის მიმართულებით წაიკითხება შემდეგი ინფორმაცია: ვერძი თავი, ხოლო თევზები - ფეხები, ტერფები და კვალი.
- ქრისტე - ვერძი უფლისა ღმერთისა ჩუენისა, მავალი ზეგონით;
- მეფე ოჯახისა ანუ დაბადებით მეფე ვითარცა ადამი, ადამის ძე და ძე ღმრთისა;
- ცხოვრების მართლმსაჯული;
- მემკვიდრე რელიგიისა და შემცვლელი ძუელისა ახალითა აღთქმითა, სახ-არებითა სახარებაში;
- თევზები - ვერძის საზღვარი () () /იოანე, 21, 15-17/
- კირჩხიბი - ლომის საზღვარი () () / ლუკა, 3, 23-38/
- ქალწული - სასწორის საზღვარი () () / ლევიტელთა, 19, 27-37/
- ღრიანკალი - მშვილდოსნის საზღვარი () () /კორინთელთა, 3, 11-23/
მთოვარისა ცა - პირველი ცაა და სახელად ჭირანო ჰქვია. დავაკვირდეთ სიტყვა ჭირანოს, რომელიც ქართულად შეიმეცნება როგორც მოქმედებაში აღსაძვრელი. პირველი მარცვალი ჭი - აღნიშნავს ჭ-ის მდედრულ არსს, მაგ. ჭიდან წყალი ამოიღება, წყალი მდედრული ბუნებისაა, ინ-ბუნებისა აღმოსავალის მოგვთა ენით; მეორე მარცვალი - რა სინათლის მამრ არსს აღნიშნავს - მზე-რა-ს, რომელიც განირკვევა კითხვით რა-მზე-სითი-სათი.
ამ ჭის მომხილველი მზე, რომელიც ვერტიკალურ სხივს ჩაანათებს რა-ს, ჭისკენ მიმართებით ყოველთვის ზენიტშია იმ დღისათი რომელიც გააღვიძა მზემ.
ჭა ანუ ანით განხმოვანებული ჭ, ჭ-ას მამრულ არსს ანიჭებს.
მოკლედ, ჭი - მთვარეზე გასწორებული ჭაა, მთვარის ზენიტი სარკისებური სხივით არის მისი ვერტიკალი. ამ მთვარეს მზე გადასცემს სხივს სრულს სავსე მთვარეობისას, ხოლო მთვარიდან ჭაში ჩანათებულ სხივს ანუ მთვარის ანარეკლს თინათინი ჰქვია.
“თინათინი - სარკითა თუ მისთანათა რათამე მზის შუქი კედელზე ციალებდეს’’. /სულხან-საბა/
თინათინი - მთვარის კალენდრის და დამწერლობის დედანია. თინათინი დამწერლობის სამთავრო საიდუმლოებას ინახავს, ასო-მთავარი- რუ-ლით შესრულებულს - ასომთავრულ დამწერლობად ჩენილისას.
გავიხსენოთ, რომ ადამიანს ორი ჭა აქვს ორგანიზმში - ორი თირკმელი, მარჯვენა მხარეს - მზის ენერგიის თირკმელი და მთვარის ენერგიის თირკმელი - მარცხენა მხარეს: მზისა ჭა და მთოვარისა ჭი, მართლაც და თირკმელს ჭაჭი, ხოლო თირკმელებს - ჭაჭები ჰქვია აღმოსავალურად და არა აღმოსავლეთურად.
შეადარეთ აღმოსავალი და აღმოსავლეთი: აღმოსავლეთი - მზის ჩინების საწყისი გზაა გეოცენტრიულ სისტემაში; ხოლო მოგვები მოვიდნენ აღმოსავალიდან და არა აღმოსავლეთიდან.
“ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემად, და იტყოდეს:
სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათა? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა’’ /მათე, 2, 1-2/
“მეუფე ჰურიათა, იგივე იუდეველთა, იგივე ქართველთა და აი რატომ ჰური - ჰაერის მცველი’’. /სულხან-საბა/
ჰაერი აღძრული ქარად ითქმის ანუ ქარი აღძრული ჰაერია, ჰა - დასაბამია სასრულ საწყისისა ქართულ დამწერლობაში: ან საწყისი, ჰოე კი სასრული. ქართა ველის საშო - იდეისა და იდეათა საბადებელი სისტემაა. ქარის, როგორც სუბსტანციური მოდელის აღმძვრელის ამომცნობი - სენსორი კოსმიური ურთიერთობების ჰარმონიასა და დისჰარმონიაში - მწერია, რომელსაც ობობა ჰქვია.
რანთა, ამ სისტემის მოგვთა ჰერალდიკაზეც - ობობა და ობობას ქსელი ახატია.
“ქარი - ქარი არს მზისა და ვარსკულავთა მიერ ქვეყანით აღტაცებული სიმურვალისა და სიმელისა აღორთქლება და ჰაერთა შინა მოძრავი’’. /სულხან-საბა/
ამიტომაც ებრძვიან ქართველ ხალხს! მატრიცაში ცხოვრობენ და სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ თავადაც არ იციან, თუ რა ბუმბერაზი “ბაღი მიანდო ღმერთმა’’ ქართველებს.
ქართა-ველი, ქართ-ველი მატრიცის სახელია, ხოლო ადამიანისათვის, რომელიც აქ ცხოვრობს რანგია მატრიცაში დაბადებულისა. მაგრამ ისმის კითხვა: - თუ ჯუნგლებში დაბადებულს ესმის ჯუნგლების კანონი, რატომ არ უნდა ესმოდეს მატრიცაში დაბადებულ ქართველს მატრიცის კანონი?!
ანდა მივყვეთ სიმარტივით სირთულემდე და ავიღოთ საქციელთა კანონები, რათა მარტივად მისახვედრი გახდეს, მაგ.: დაბადება - ამ სამყაროში შემოსვლაა გარდმოცვალებით, ხოლო აღსრულება (კაცი აღესრულა), გარდაიცვალა - გავიდა სხვა სამყაროში; მშობლების მეშვეობით გარდმობადეს იმ სამყაროში, რომელშიც მშობლები იმყოფებიან ღმერთის უნივერსალური სისტემის გავლით და ისევ აღესრულება ამ სამყაროში ანუ თავის სისრულეს მიაღწევს და გარდაიბადება ღმერთის უნივერსალური სისტემის განვლის შემდეგ სხვა სამყაროში. იქაც კანონი ერთია - მამის წელიდან დედის საშოში და მერე დაბადებით იმ პლანეტაზე, რომელსაც დედამიწის თანამსგავსი სიცოცხლის ბუნება გააჩნია. წმინდა წერილების მიხედვით - 100 წელი მალე ჭაბუკობის ასაკად გარდაიქცევა.
“ჰაერი (აირი) ესე ჰაერი ერთი არ ოთხთა კავშირითგანი პირველსა დღესა დაბადებული, ესე არს ნივთი წვლილი და ნოტიო და მურველი, ცეცხლისა უკვე უმძიმესი და ქვეყანისა და წყლისა უსუბუქესი, აღმოფშვინვისა და მა-ყოფისა მიზეზი, უფერული, ორ-სახე, ორ-საჩინო, რამეთუ ნათლისა არს შემწყნარებელი და ბნელისა, (მჭვირვალე - ფერითა (ჩემეული)) მსახური სამთა გრძნობათა ჩვენთანი, რამეთუ მის მიერ ვჰხედავთ და ჰგვესმის და ვიყნოსთ. ხოლო ესე ჰაერი განიყოფების სამად; უქვემოესსა ეწოდების - (ჰ) არე; საშუალსა - აირი; უზემოესსა - ნიავ-წვლილი’’. /სულხან-საბა/
როდესაც ვხედავთ შეწყნარებულ ნათლით ჰაერს - წერილის წაკითხვა შეგვიძლია, ასევე სიტყვის დაბადება და ყნოსვა, ხოლო როდესაც ვხედავთ შეწყნარებულს ბნელით - წერილის წაკითხვა არ შეგვიძლია, სიტყვის დაბადება და ყნოსვა კი ძალგვიძს, რადგან ბნელი მხოლოდ წაკითხვას აბრკოლებს. ბნელი - სახელია ეგვიპტისა, რომელიც წერილში ნათელ-შეუწყნარებელი ჰაერის ბნელ დროს დანიშნავს. ეგვიპტიდან ანუ ბნელიდან ხმობილ ძე-ს იოანე ნათლისმცემელი ნათელს სცემს და ამით წაუკითხავი წერილის გამხსნელს და ახლის დამბადებელს - იესო ქრისტე ნაზარეველს - ლაზარეს აღმადგინებელს გზას აწვდის.
“და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, აჰა ანგელოსი უფლისა გამოუჩნდეს ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღსდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედა მაგისი, და ივლტოდე ეგპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმა იგი და დედა მისი ღამე და წარვიდა ეგპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისა, თქმული წინასწარმეტყუელისა მიერ: ეგპტით უწოდე ძესა ჩემსა.’’ /მათე, 2, 13-15/
დააკვირდით, როგორ სხვანაირ და სრულფასოვნად მრავალმხრივ მნიშვნელობას იძენს წერილი ნათელ-მოფენილი!
პირველი ცა - ჭირანო მდედრი ბუნებისაა და მისი ენერგია მთვარიდან დედამიწას ნუნის ანუ საშოს გავლით მიეწოდება. კიდობანის საიდუმლო სახელი ჰქვია სოფელ ნუნისს. კიდობანიც ერთგვარი საშოა, რადგან მისგან ახალი ცივილიზაციის შვილები - ნოე და მისი ოჯახი, შვილები და შვილთა ოჯახები დაიბადნენ ანუ ნუნისის კიდობნიდან - კიდებული ბანიდან გამოვიდნენ.
ეს არის კიდობნიდან გამოსულთა საიდუმლო გამოსვლათა მისტერია. კიდობანის ერდობანის სამრეთით, მდელოზე - ბებერახოს წყარო მოჰჩუხჩუხებს. გადმოცემებით ბერებმა მიწისქვეშა წყაროს ძარღვთან ჯვარი შთაფლეს. მას შემდეგ ეს წყარო სასწაულმოქმედ ჯვარს გამოივლის და აბლაბუდების ხევით ზვარულას ღელეს უკავშირდება, განწმენდს და გააცოცხლებს ღელეების და ხევების სულს.
ეს წყარო სამკურნალოა - ორგანიზმიდან გამოჰყავს ცუდ ფიქრთა დანალექი. მარხვის დროს იმდენად ასუფთავებს ორგანიზმს, რომ სულიერის სმენა სინქრონში მოდის ფიზიკურთან და ზეციდან გალობანი მესმის. არააერთხელ განმიცდია ამ სრულ ჰარმონიასთან შეხება.
ეს წყარო რანთა წყაროა ანუ მეომარ ბერთა წყარო. აქ ზედა ერდო-ბანზე დაიკარვებდნენ მეომრები, მზვერავნი და ოცდაოთხსაათიან განწმენდას იტარებდნენ. სვამდნენ მარტო წყალს, ლოცულობდნენ და განიბანდნენ ტანს აღმოსავალის წყაროს ჩანჩქერში, რომელიც დედაბერას მთის კალთაზე ეშვება. განბანა მოჯირითეს დგომში ხდებოდა და სამგზის “მამაო ჩვენოს’’ წაკითხვის დრო - ჩანჩქერში დგომის დროდ ითვლებოდა ზამთარშიც, ზაფხულშიც, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ წყალში მოხარშული სამკურნალო ბალახები ასმაგ “ეფექტს’’ იძლევიან მკურნალობის დროს.
ყრანჩის წმინდა გიორგის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთი ლამაზი იმერული ხის სახლია. ამ სახლში ერთი ბრძენი-ბუნების მოხუცი ცხოვრობდა - გიგა-პაპა, ასე ეძახდა ყველა და მათ შორის მეც. ერთხელ საოცარი ამბავი მომითხრო:
“შენხელა რომ ვიყავი, ტყეში სოკოზე გამაგზავნეს; სოკოს კრეფამ შემიტყუა და გვირიმიჭის მთაზე აღმოვჩნდი. დაღლილი იქვე დიდი ნაძვის ხის ქვეშ დასასვენებლად ჩამოვჯექი. მშვიდი, წყნარი შემოდგომის დღე იყო. რამდენიმე წუთში ჩამთვლიმა და საოცარი სიზმარი ვნახე: დედაბერას მთაზე განსხივოსნებული ტახტი იდგა, ოთხივკუთხით უშველებელი არწივები იცავდნენ. ტახტზე გაშლილი წერილი იყო მოფენილი, ზედ ოქროს ასოებით ეწერა “დედა-დედათა და დედუფალი-დედუფალთა’’. მე ირმის წყაროსთან აღმოვჩნდი, წყაროსთან მცირე ლოდი იდო, ზედ ირემი იყო გამოსახული. სანამ ნანახით განცვიფრებული წყაროს ვუმზერდი, ხმა ჩამესმა ზეციდან, საიდანღაც შორიდან - “დალიე და დაბრუნდებიო’’. ამ ხმამ გამომაღვიძა; მეგონა სახლში დაბრუნება მიბრძანა უხილავმა ხმამ და შეშინებული სახლში დავბრუნდი. სახლში გამახსენდა, რომ წერილის ბოლოს სამი მხედრული ასო ეწერა: ცისფერი - ც, იიფერი - ი და შავი - დ.
ტახტის წინ, ფეხსავან ფარდაგზე ნამგალი, ნალი და ბუღას ცხვირში გასაყრელი რგოლი ეწყო. ვის არ ვკითხე, ვერავინ ამიხსნა რას ნიშნავდა, ზოგმა მითხრა დედა ღვთისმშობელის ტახტი ნახე სიზმარშიო და რომ არ დაკარგულიყავი ტყეში, სახლში დაგაბრუნესო.
ვგრძნობ უფრო მეტს ნიშნავდა ჩემი სიზმარი, მაგრამ მე ვერ მივხვდი. იქნებ შენ მიხვდე, ჩემი პატარა დოღრიალა ძმაკაცი ხომ-ხარო!'
ეს სიზმარი მომიყვა თან ჰოკეის ჯოხი ეჭირა და ასუფთავებდა. ვთხოვე ქალაქში სათამაშოდ მჭირდება-მეთქი. ისეთი ლამაზი ჯოხი გამომითალა, თვალებს არ დაუჯერებდი, სანამ ხელში არ აიღებდი და არ შეათამაშებდი. ერთი მთლიანი ფესვისგან იყო გამოთლილი. მოკლედ, ქალაქელებს ვეპრანჭებოდი ჩემი იმერული ჰოკეის ჯოხით, გიგო-პაპას საჩუქრით. დღესაც ძალიან მიყვარს გიგო-პაპა, აცხოვნოს მისი სული მარადიულად ღმერთმა!
ახლა კი მივუბრუნდეთ, თუ რაისათვის გავიხსენე გიგო-პაპა და მისი სიზმარი.
ძველი დროის განსვლაზე ხშირად მიფიქრია როჭიკად შედგომისას, მაგრამ გიგო-პაპა და მისი სიზმარი არასდროს დამიკავშირებია ერთმანეთთან, ანუ დროსთან და მისი ცვალებადობის ნიშნებთან. მხოლოდ მაშინ, როდესაც აღმშენებლობის იოტა კურთხევა მივიღე ღმრთისაგან - საფუძველის კენჭა-ბერი გავხდი, გონება გამინათდა და მივყევ ხელი სიზმრის ნიშანთა ამოცნობას. ჯერ ასე წავიკითხე: ნამგალი - იგივე მანგალი.
ნამგალს - კლდის მერცხალს ეძახიან, ასევე მერცხლის მდევარს და კიდო ცელმანგალს. მერცხალი ახლის დასაწყისის სიმბოლოა მიწადმოქმედთათვის, გიორგიანელებისა ანუ ქართველებისა, ახალი მიწადმოქმედების დაწყების მახარობელი; ისევე როგორც მოციქულებმა ახარეს სახარებით ახალი ერის მართლმადიდებელთა ერის დაწყება. მერცხალი ბუდეს ადამიანებთან იკეთებს, ხოლო მერცხლის მდევარი - ნამგალა კლდეებში, გამოქვაბულებში და ნაპრალებში, როგორც განდეგილი ბერები პოეტური და სიმბოლური შედარებით. ვიფიქრე, რომ პირველი ნიშანი, როგორც მოსავლის აღების დროის დამნიშვნელი ნამგალი იგივე მანგალია; მეორე ნიშანი ამ სიტყვიდან წაკითხული მერცხალი და მერცხლის-მდევარი, დასაწყისის სიმბოლოა. ძუელი ყანის აღება ნამგალით და ახალი ხვნა-თესვის შემოსვლის დროა მერცხალი - შემოქმედების ალფა და ომეგა.
“რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა მერცხალმან, ეგრეთ მა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმად განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა.
რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი.
უალო, რამეთუ მისთს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხოვრება ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი.’’ /ესაია, 38, 14-16/
ვითარცა მერცხალმან ჭიკჭიკით ანუ ჭათა თანხმიერებით თირკუმელთა, იგივე ჭაჭების ანუ ორ თირკმელთა ჭის (ინ-ჭის და იან-ჭის, ძუ-ჭის და ხვადი-ჭის) ჰარმონიულად აღაღადებას - ჭიკჭიკი ანუ გალობა ჰქვია; და როდესაც წავიკითხე და შევიმეცნე ესაიას სიტყვაში “სულნი ჩემნი’’, იგი არა მხოლოდ თავის სულზე ლაპარაკობს წინასწარმეტყველებაში, არამედ მისი ბაგიდან დაბადებულ ყოველ განსულიერებულ სიტყვაზე, ღვთაებრივ სიტყვაზე ღვთაებრივი ენით, ლაზარეს ენით რომ წარმოიმართება და წარმოითქმება:
“პირველითგან იყო სიტყუა, და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუა იგი.’’ /იოანე, 1,1/
უცბად ნათელმა მოიცვა ჩემი გონება და გული, ხოლო თირკმელნი მიმოინამნენ. პაპა-გიგოს სიზმარი ცხენის წელიწადს ეკუთვნის! ნამგალი ასომთავრული ასო ც-ს მსგავსია, რიცხვი -2000. ცხენის ნალი - ცხენის წელიწადია, ასო ი-ს ჰგავს მხედრულს ანუ მზის გზის გეზია ეკლიპტიკაზე, მისი რიცხვია 10. რადგანაც ც-ს ასომთავრული ნიშანი მილევად მთვარეს გამოხატავს, მიწურვილს ანუ მწუხრის დროს. ის რაც ცუდია უნდა განილიოს. ი - მეათე სახლს დანიშნავს ზოდიაქოსას და თხის რქაა მისი სახელი. მართლაც 2014 წლის კალენდარული ახალი წელიწადი ახალმა მთვარემ დაიწყო თხის რქის ზოდიაქოს მე-4 გრადუსშ. ეს ცხენის წინა გველის წელიწადის მიწურულს მოხდა, მზე მეთერთმეტე გრადუსშია თხის რქაში.
და ბოლოს რკინის რგოლი - ბუღა ხარის ცხვირში გასაყრელი რგოლი დასამძმედად. ნუსხა-ხუცურის დონი, რიცხვი - 4. მართლაც ასეა, უეჭველად გიგო-პაპას სიზმარში ჩემთვის დროის გასაღები მოუციათ და ეს დრო ამ წერილის დაწერიდან სამ დღეში დაიწყება. მარტივად შევკრიბოთ და შევამოწმოთ:
- მთავრული ნამგალი - ასოც, რიცხვი 2000;
- მხედრული ნალი - ასო ი, რიცხვი 10;
- ხუცური რგოლი - ასო დ, რიცხვი 4;
მივიღებთ 2014 წელს.
წერილის ბოლოს მხედრულით ეწერა: ც - ცისფერი, ე.ი. ბგერაში განხმოვანებთ - ლა, ი - იისფერი, ბგერაში განხმოვანებით - სი, დ - შავი, ბგერაში განხმოვანებით - შო. ოთხ სტიქიათა შორის წყალი - შავია, ჰაერი - ბნელი, მიწა - ფერადია, ცეცხლი - მანათობელი.
ლა + სი = ლასი (თევზის მოგური სახელი); ლასი + შო = თევზი შო, შო = წყალს. აქედან გამომდინერე - თევზი წყალში. ვისაც არ ესმის ასტროლოგია ან მოგვთა ენა, იტყვის - რა შუაშია თევზი და წყალიო?!
დასაკვირვებლად გეტყვით, თხის რქა თევზის კუდით გამოიხატება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ იდეა იბადება მერწყულის ზოდიაქოში, მაშინ თევზების ბოლო სახლი - ბოლოა, მეთორმეტეა მერწყულიდან და თხის რქაში ვანდება.
მერწყულის ზოდიაქოს უძველესი ეგვიპტური ნახატი გამიოსახება ასე: ფარაონი ჭურჭლიდან წყალს ასხავს ზეციდან მიწისკენ, დაბლა თევზია გამოსახული. თევზი, რომელიც ჩანჩქერზე ადის კალმახია, ხოლო სულიერ ჩანჩქერში - ამირანის მამა - სულ-კალმახი მოძრაობს.
ვიცი გიგო-პაპა ზეციდან ელოდებოდა ამ დღეს. მან იხარა, თქვენც გეხაროთ. მერე გეხარ-ხაროთ გამარჯვების დღეს!