ქართული არსის გამოღვიძება XX საუკუნის მიწურულს ემთხვევა, რასაც ბიბლიური ფრაზა ადასტურებს - “ წელი ათასი, ვითარცა ერთი დღე’’ და ეს პროცესი უკვე დაიწყო. ქართული ასომთავრული ანბანი ჩვ. წ. აღრიცხვამდე XX საუკუნეში უნდა “მიძინებულიყო’’. ამავე პერიოდში ბაბილონის ანბანი ირევა, მასთან დაკავშირებული რომელიღაცა ენა იკარგება და დასაბამისეული ენის საფუძველზე რამდენიმე ახალი ენა წარმოიქმნება.
შუმერთა ეპოსში მართლაც არის აღწერილი, რომ დედამიწაზე, სადღაც ორ ზღვას შორის ნამდვილად არსებობდა ჩვენთვის შეუცნობადი, ადამიანთა ხელით შექმნილი სისტემა, რომლის შესაძლებლობის უნარი დღევანდელი გადასახედიდან ზღაპრის ტოლფასია. ამ სისტემის შემქმნელთა განზრახვა - ღმერთთან გატოლება, ცაში სხეულით ფრენა (არიელები), ახალი პლანეტების შექმნა, მათი ზეცაში გადაადგილება და სხვა - მართლაც და ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ შესაძლებელი რომ ყოფილა?!
ბაბილონის გოდოლი შუმერთა ნაამბობში ერთ მისტიურ მთასთან არის დაკავშირებული, რომლის ქვეშ ორი გვირაბი გველის მსგავსად ეხვევა და ძალიან ღრმა ჭაში ეშვება. მისი მეშვეობით ადამიანის ცნობიერება ზეცაში ადის. ამ გამოუცნობ ადგილს აქადურად “აქადი’’ ერქვა, რაც ქართულად ნიშნავს - აქედან ადიო.
და მაინც რას წარმოადგენდა “ბაბილონის გოდოლი’’?
ბიბლიის სწავლებით ადამიანებმა უცნაური შენობა ააგეს, რომლის მეშვეობითაც ღმერთთან გატოლება განიზრახეს, რის გამოც ღმერთმა დაუშალა ადამის მოდგმას დასაბამისეული ანბანი და ტაბუ დაადო ბაბილონელთა ცოდნას, რომლის შემდგომ რამდენიმე ახალი ანბანი წარმოიქმნა.
მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ რადგანაც ადამიანებმა უფალთან გატოლება განიზრახეს, მათ უკვე იცოდნენ რა არის ღმერთი. მიწაში არსებული ველის გამოყენებით (სიცოცხლის ხის) და იქვე აშენებული პირამიდის მეშვეობით მათ სურდათ კოსმიურ სისტემაში ჩართვა.
სამწუხაროდ თანამედროვე რედაქციით დასტამბული ბიბლიის ტექსტები არ ითვალისწინებენ ქართულენოვანი ხელნაწერების მიერ შემონახულ ეზოთერულ ჭეშმარიტებას. ძველქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიაში მოცემულია ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არც ებრაულ თორაშია და მითუმეტეს არც ბერძნულ, რუსულ თუ ინგლისურ გამოცემებში. მხედველობაში გვაქვს ერთ-ერთი ძველქართული სიტყვა “ქუეყანა’’, რაც სხვაენოვან გამოცემებში ითარგმნება როგორც ქვეყანა. მაგრამ ამ ძირძველ ქართულ სიტყვას ასეთი განმარტება აქვს: ქვემო ყანა ან რაღაცის ქვეშ არსებული პური.
ძველქართულ ბიბლიაში ხშირად ვხვდებით ხალხის მიწისზედა და მიწისქვეშა ყოფის ამსახველ ფაქტებს და ეს ორი სუბსტანცია გამოხატულია სიტყვებში “ქუეყანა’’ და “ ქუეყანასა ზედა’’, რაც ერთი შეხედვით პირველი თითქოსდა - ჩვენს ყოფას შეესაბამება, ხოლო მეორე - ზენასოფელს.
მივყვეთ დაბადების ტექსტს, სადაც ნოეს ერთერთ შთამომავალზე - ფალეკზეა ლაპარაკი: “რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა’’, ხოლო მცირედ ქვემოთ - “... ამათგან განეთესნენ ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა’’. ქუეყანა რომ მიწისქვეშეთს ნიშნავს, ძველი აღთქმის XI თავით დასტურდება, სადაც არ არის ნახსენები ნოეს გენეტიკური აღწერილობა და ბიბლიის თხრობას წარღვნამდელ წარსულში გადავყევართ, როდესაც ადამიანი “ქუეყანიდან’’ “ქუეყანასა ზედა’’ ამოსული არ იყო.
“და იყო ყოველი ქუეყანა ბაგე ერთ და ხმა ერთ ყოველთა. და იყო ძრვასა მათსა აღმოსავალით გამო, პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკვიდრნენ მუნ...’’. კარგად მივაქციოთ ყურადღება ამ ეპიზოდს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანები მიწის ქვეშ არსებულ სიცარიელეში სახლობდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და ა ღ მ ო ს ა ვ ა ლ ი თ ამოვიდნენ ქუეყანასა ზედა. მოგვიანებით აღმოსავალი აღმოსავლეთით შეიცვალა, რათა მცნება “მზის აღმოსავალი’’ საერთოდ წაშლილიყო კაცობრიობის მეხსიერებიდან. როგორც ზემოთ ვახსენეთ, აღმოჩენილია მიწაში ძალზე ღრმა ჭაზე შემოხვეული ორი სპირალისებური გვირაბი, რომელიც სვეტიცხოვლის ზეგანზომილებამ შექმნა. სიღრმეში ენერგტიკული ველების თავმოყრის შედეგად წარმოქმნილი მიწის დემატერიალიზაციის გამო დიდი სივრცეა წარმოქმნილი. ადამიანის პირველი ჩანასახი დედამიწაზე ამ სიცარიელეში სვეტიცხოველის საშუალებით შემოდის როგორც არსი და ამავე სიცარიელეში იწყებს “გველის’’ (გეო-ველის) მეშვეობით გამყარებას...
და როდესაც ჩვენი მოდგმა უკვე გამყარდა, გადაწყვიტეს ქუეყანასა ზედა ამოსულიყვნენ და არა მხოლოდ აზრობრივად (სულიერად), არამედ სხეულებრივად “და იყო ძრვასა მათსა აღმოსავალით გამო...’’ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყოველივე ეს მიწაში, აღმოჩენილ სიცარიელეში ხდება, რასაც ბიბლიურად “ედემის ბაღს’’ ვეძახით. მისი სივრცე 1200 კილომეტრამდეა ანუ საქართველოზე ორჯერ დიდია. ის იყო ადამიანებმა მიწაზე ამოსვლა დააპირეს, რომ “..ჰპოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა’’. სიტყვა ველი ამ შემთხვევაში ველთა დიდ კონცენტრაციას ნიშნავს და არა მიწიერი გაგებით მინდორ-ველს, როგორც სხვა ენებზე იყო ნათარგმნი. დროთა განმავლობაში ადამიანების მიზანი იცვლება და იმის სანაცვლოდ, რომ “...დაემკვიდრნენ მუნ’’, გადაწყვიტეს უცნობი კონსტრუქციის აგება - “და თქუა კაცმა მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა...’’ ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ადამიანებმა უკვე იცოდნენ ცეცხლის გამოყენება. მათ გამომწვარი აგურითა და თიხით დაიწყეს ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, რომელიც უდიდესი ცოდნით გათვლილ გიგანტურ პირამიდას წარმოადგენდა.
ახლა კი მივყვეთ მოვლენათა განვითარებას: დედამიწაზე პირველად სად გამოიყენეს ცეცხლი? - იქ სადაც ამირანი (პრომეთე) მიაჯაჭვეს - კავკასიონის ერთერთ ქედზე. როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება იყოს ქუეყნის აღმოსავალი, თუ გამომწვარი აგურითა და თიხით ნაგები მისტიური ნაგებობა
ი ბ ე რ ი ი ს ქვეშ არის აღმოჩენილი?!
ღმერთმა უწყის რამდენ ხანს მოუნდნენ ადამიანები მთა-გოდოლის აშენებას ჩვენი დროით, რადგან იბერიისქვეშა სიცარიელეში განსხვავებული დროა. კაცის მოდგმა გონით დაუჯერებელ საქმეს აკეთებდა, რადგან ამ ნაგებობის გამოყენებით ღმერთთან გათანაბრება მოინდომეს! შემდგომ კარგად ვიცით ბიბლიიდან, თუ რა მოხდა, მაგრამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ უფალი ღმერთი დასაბამისეულ ენას უუქმებს ხალხს, რადგან დასაბამისეული ანბანი გოდოლის მოქმედების გასაღები იყო, რაც ადამიანის ცნობიერებას კოსმოსში გასვლის საშუალებას მისცემდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ქალაქი ბაბილონი ძველქართულ ენაზე მოიხსენიება როგორც “შერევნა’’, რაც ენათა შერევნის პროცესთან იყო გაიგივებული.
სხვათაშორის “ბაბილი’’ შუმერულად ღმერთის კარს ნიშნავს. “ბაბილო’’ ნიშნავს ხე-ს (ხეთა ოჯახს). რაოდენ საინტერესოა, რომ იმერეთში აღმოჩენილი უცნაური კომპლექსის ერთ-ერთ მთას ბაბი ან ბაბები ჰქვია დღესაც, თანაც “ბაბილოს’’ ფესვებიც იქ არის. მაგრამ რას ნიშნავს “ნი’’ მარცვალი? ის სულიერ მოძღვრებას აღნიშნავს ანუ ვის ეკუთვნის იგი. ამ განმარტებით “ბაბილონი’’ - სიცოცხლის ხესთან დაკავშირებულ სულიერ მოძღვრებას ნიშნავს.
ქართულ-ძველიბერიული ასომთავრული ანბანი ბაბილონელთა დამწერლობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომ არ აკმარა უფალმა ანბანის დაშლა და დაუნაწევრა მათ მშობლიური ენა. მან ხომ თავად აამეტყველა ამ ენაზე ადამის მოდგმა. “და იყო ყოველი ქუეყანა ბაგე ერთ და ხმა ერთ ყოველთა.’’ /დაბად.; 11-1/ აქ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ღმერთს ხალხისთვის დამწერლობა იმის გამო არ უბოძებია, რომ მათ გოდოლი აეგოთ და გაღმერთება მოესურვებინათ. ამიტომაც დაისაჯა კაცობრიობა და ლაზარეს სისტემას მის ანბანთან ერთად ორმოცსაუკუნოვანი ტაბუ დაედო. ყოველივე ეს კი - კავკასიონის მთებზე მიჯაჭვული ამირანის (პრომეთეს) მისტერიას გულისხმობს.
“და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა... თქუა უფალმან ღმერთმან: ...მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ...’’ /დაბად.; 11-5,6,7/
დასაბამისეულ დამწერლობაში ყოველი ასო-ბგერა საიდუმლო კოდს წარმოადგენდა, რომლის გადამალვამაც ანბანის მოქმედების შეწყვეტა გამოიწვია. მასთან ერთად დაიკარგა უდიდესი ცოდნა. გაჩნდა ვერსია, რომ ქართული სამ-აროვანი ანბანი დასაბამისეულია და ბიბლიაში იგი ლაზარედ მოიაზრება. იქნებ გვეცადა საკუთარ ცნობიერებაში ლაზარეს გამოღვიძება?!
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ჟამთა ცვლამ ლაზარეს ეზოთერული ცოდნა გადაგვავიწყა. ადამიანებმა არსის შემეცნების უნარი დაკარგეს და ფასეულობათა ცვალებადობა განიცადეს.
შესაძლოა ლაზარეს აღდგინების საკითხი არც კი წამოგვეჭრა იმ მოსაზრებით, რომ ბევრისთვის ყოველივე ეს ისეთივე ზღაპარია, როგორც ბევრი სხვა ბიბლიური სიუჟეტი, მაგრამ რა ახსნა მოვუძებნოთ იმერეთის გულში აღმოჩენილ უძველეს კომპლექსს?! ნუთუ არავინ არ დაინტერესდება საკუთარი წარსულით, რანი ვიყავით, რანი ვართ და საით მივდივართ?!