კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

„ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო

და თანამონათესავენო ჩემნო, სიტყუა ჩემი!“

ბექა ჯაყელი


 

„ღმერთო დიდებულო და ძლიერო, ჭეშმარიტო და მოსაყვარულე მამაო, დალოცე და ახარე დემეტრე მეფე, შენგან წარმოგზავნილი, რომელმაც გამოისყიდა თავისი სიცოცხლით - სიცოცხლე ჩვენი ერისა. კვლავ შობისაკენ მიეცი გზა, ახარე და აძლიერე შთამომავლობა მისი და სრულიად საქართველოჲსა.“ (გიორგი იონთა ჰიპერიონი)

 

 

დემეტრე თავდადებული 

 

1259-1289


 

დემეტრე მეორე (თავდადებული), საქართველოს მეფე XIII საუკუნის მეორე ნახევარში, ქვეყანას მართავდა მეტად მძიმე პირობებში - მონღოლთა ბატონობის ვითარებაში. მან ჩაიბარა პოლიტიკურად დაშლილი სამშობლო, განზე გამდგარი სამთავროები და განუწყვეტელი ომიანობით დაბეჩავებული ხალხი. თავგანწირული შრომისა და ბრძოლის წყალობით მეფემ შესძლო შინაური და გარეშე მტრების სათარეშოდ ქცეული ქვეყნის მოშენება, მედროვეთა ალაგმვა და ხალხის დამშვიდება. ის ასრულებდა მონღოლთა ბატონობით დაკისრებულ მოვალეობას, მორჩილებაში ამყოფებდა განდიდებულ მთავრებსა და მოხელეებს, ებრძოდა აშლილობას და მოქნილი პოლიტიკით ახერხებდა ქვეყნის კეთილდღეობის დაცვა-შენარჩუნებას.

 

XIII საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლთა საყაენო ხანგრძლივი შინაური ბრძოლის არენად გადაიქცა. ამ ბრძოლამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი ერანის მონღოლთა მაღალ წრეებში მიიღო. 80-იან წლებში შინაური ომი გაჩაღდა აჰმად და არღუნ ყაენებს შორის. ამ ომში აჰმად ყაენის მხარეზე ჩათრეული იქნა საქართველოს მეფე დემეტრე მეორე. თავდაპირველად აჰმადმა გაიმარჯვა, მაგრამ დროებით: არღუნის მომხრე ნოინების ჩარევით მდგომარეობა შეიცვალა და 1284 წ. აჰმად ყაენი მოკლული იქნა.

 

გაყაენდა გამარჯვებული არღუნი. შეცვლილ ვითარებას დემეტრე მეორის მდგომარეობა არ დაუმძიმებია, რადგან ახალი ყაენის მთავარი მრჩეველი ბუღა, საქართველოს მეფის ახლობელი და მოკეთე იყო, მაგრამ არღუნის კეთილდღეობაც არ აღმოჩნდა ხანგრძლივი.

 

მონღოლთა უზენაესი ხელისუფლების მეტოქეობა კვლავ გრძელდებოდა. რთულ და ბუნდოვან პოლიტიკურ ვითარებაში გამჟღავნდა უმაღლესი მრჩევლის - ბუღას შეთქმულება, რასაც მოჰყვა წარჩინებული კარისკაცის სიკვდილით დასჯა.

 

ამის შემდგომ ჯერი მიდგა ბუღას მახლობელ დემეტრე მეფეზე. ის ყაენის მიერ გაწვეული იქნა მონღოლთა ურდოში. საქართველოს მეფემ დანამდვილებით იცოდა, რომ იქ მას სიკვდილი მოელოდა. მიუხედავად ამისა, მან მტკიცედ გადაწყვიტა, ხლებოდა ყაენს და მიეღო მძიმე ხვედრი.

 

მემატიანის მოწმობით მეფემ თავი გაწირა ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

 

არღუნ ყაენის ურდოში გამგზავრებამდე დემეტრე მეორემ შეკრიბა დარბაზის ერი და თავისი გადაწყვეტილება გააცნო ქვეყნის უზენაეს წარმომადგენლებს. მათი გულწრფელი და ენერგიული წინააღმდეგობის მიუხედავად, დემეტრე მეფე გაემგზავრა არღუნ ყაენთან და ეახლა მას. 1289 წლის 12 მარტს არღუნის ბრძანებით საქართველოს მეფე სიკვდილით დასაჯეს.

 

ქართველმა ხალხმა მას უწოდა თავდადებული.

 

ხსენებულ დარბაზში სამეფო კარის წარჩინებულთა წინაშე, მონღოლთა ურდოში გამგზავრების წინ, მეფეს წარმოუთქვამს სიტყვა. ამ სიტყვის ტექსტი დაცულია XIV საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ჟამთააღმწერლის ისტორიაში. აქ ნათქვამია:

 

 „მოუწოდა მეფემან კათალიკოზსა აბრამს და ეფისკოპოზთა, და მონასტერთა, და უდაბნოთა გარეჯისათა, და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. შემოკრბეს მის წინაშე და დაჯდა ყოველნი. და აღაღო მეფემან პირი თვისი და ბრძანა“.

 

ამას მოსდევს მეფის სიტყვა. სიტყვის შემდეგ ნათქვამია:


„ვითარ ესმა კათალიკოზთა და ეფისკოპოზთა, და მოძღვართა და მთავართა, განჰკჳრდეს, თუ ვითარ დადვა მეფემან სული თჳსი ერისა მისისათჳს“.

 

დემეტრე თავდადებულის სიტყვა, თქმული დარბაზში, სამეფო კარის წარჩინებულთა წინაშე, ქართული მჭევრმეტყველების შესანიშნავი ძეგლია.

 

სიტყვა, თქმული დარბაზში სამეფო კარის

წარჩინებულთა წინაშე:

 

„ისმინეთ ჩემი ყოველთა კათალიკოზთა, და ეფისკოპოზთა, და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა!

 

ვითარმედ შეისუენა მამამა ჩემმა, დავშთი ყრმა მცირე მძლავრობასა შინა თათართასა, და ღმერთმან ყოვლის მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესომ ქრისტემან, და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმა, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვას და მიმაწიოს ასაკად სისრულისა და მომმადლოს მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშვიდობით ჰგიეს სამეფო ჩემი.

 

აწ განრისხებულ არს ყაენი და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვჰგონებ ბოროტის ყოფასა, თუ არა წარვიდე ურდოსა, და წარვიდე მთიულეთს სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი.


და [ა]ჰა, ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს: იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების. და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსრვიან.

 

და უკეთუ წარვიდე ყანს წინაშე, დასტურობით უწყი, მომკლავს, და აწ სიბრძნითა თქუენითა განაგეთ.


მე ესრეთ ვჰგონებ: მრავალ მღელვარე არს საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ დღენი ჩუენნი, სიზმრლებ და აჩრდილებ წარვლენ და უნებელ თანა-გუაც წარსვლა სოფლისა ამისგან. რა[ჲ] სარგებელ არს ცხორება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე ტუირთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან?

 

აწ მნებავს, რათა წარვიდე ყანს წინა, და იყოს ნება ღმრთისა. უკეთუ მე მამკლან, ვჰგონებ, რომე ქუეყანა უვნებელად დარჩეს.“ („ქართული მწევრმეტყველება“ ძეგლები და მასალები. ნ. კანდელაკი. 1958წ.)


 

დემეტრევ, იესოს ძმაო და მეგობარო, ღირსეულო შვილო

საქართველოჲსა, სულითა და გულით გლოცავ!

 

კაცო და მეფეო, რომელმან გაუნაწილე შენი სიყვარული შენს ერს,

ქრისტემ უკვდავყოს!

 


 

გიორი იონთა ჰიპერიონი

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE