კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ეძღვნება უსახელოდ წასულ ყველა დ ი დ მასწავლებელს!  


ქვემოთ მონათხრობი დაფუძნებულია

რეალურად მომხდარ ფაქტებზე

 

კავკასიონის  ულამაზესი ქედი ჯიქურ აღმართულა და თავი თეთრ ქათქათა ღრუბლებში შეუყვია, თითქოს მისი მწვერვალები სხვა - ზენა სამყაროში იჭვრიტებიანო. მთის დათოვლილ ბილიკებზე ნისლი ჩამოწოლილიყო.

 

ქარაფზე შემდგარი ჯიხვები ქვაში გამოკვეთილ ქანდაკებებს წააგავდნენ.

 

სისხამ დილა იყო. მზე ნელ-ნელა ამოიზლაზნა ცის კაბადონზე და ბუნებას ახალი გამა შესძინა. ფორმებმა სიმკვეთრე გამოამჟღავნეს, ბურუსიც უფრო გამჭვირვალე გახდა.

 

კლდის წვერზე უსასრულობაში გადაკიდებული მამაკაცის ფიგურა გამოიკვეთა. ვაჟმა მთელი ძალა მოიკრიბა, გაქანდა და თოვლიან კლდეს ფეხებით შემოეჭდო, ხელებით მოსაჭიდი მოძებნა და მთელი ძალით ამოიწია თოვლიან საფარზე. მის ახლოს არწივი გამოჩნდა, ჩაუფრინა და ბურუსში გაუჩინარდა. ფრინველმა წრე მოხაზა და ისევ ჭაბუკისაკენ გაფრინდა.

 

საბა მწვერვალზე აფოფხებულიყო, სული მოეთქვა და არწივის ფრენას ფიქრიანი თვალებით აკვირდებოდა. მზემ მთელი თავისი სისავსით გამოანათა და თოვლს ბრწყინვალება შემატა. არწივი უცხო ფიგურებს ხატავდა ცაზე. უეცრად საბას ახლოს არნახული სინათლით განათდა კლდის წვერი. ვაჟი მუხლებზე იდგა უხილავი ერთარსის წინაშე.

 

მგრგვინავმა ხმამ დაანგრია მთების სიჩუმის იდუმალება:

 

- თავისუფლება გეძლევა ბედის განხორციელებაში, დაბადება გაიხსენე და გზა ხსნილია!

 

ვაჟი ფეხზე წამოდგა. სინათლე უსასრულობაში გაიწვა. მის ახლოს ისევ ჩაიფრინა არწივმა. საბა ყელზე ჩამოკიდებულ ვარსვლავს წაეპოტინა და დახედა.

 

ტიტრები:

 

მთის ფერდობის გველივით დახვეულ ოღრო-ჩოღრო გზაზე, ურემი ჭრიალით მიემართებოდა დამრეცზე. ადრიანი დილა იყო. ცრიდა. ურმის თვალის ყოველ ჩავარდნაზე ქალის წყვეტილი კვნესა მოისმოდა. ურემი ტახტრევანივით მოეწყოთ, ზემოდან წყალგაუმტარი ქსოვილი გადაეფარებინათ. ქალის ყოველ წამოძახილზე, კოფოზე შემომჯდარი მოხუცი უკან იხედებოდა:

 

- მოითმინე ია, ცოტაც მოითმინე გოგოო! - დაუცაცხანა მოხუცმა შვილს. თვითონ ღიღინ-ღიღინით სიმღერა წამოიწყო:

 

ამირანმა თუ აიშვა,

ყველა დედა ატირდება,

ციდან ცეცხლით დაბრუნდება,

ყველას შვებას დაპირდება...

ჰოიდა, ჰაიდა, ჰაე და ჰო,

ოლო, ლოლოი, ლოლოი ლა,

კიდევ ჰაე, ჰოიდა, ჰაე და ჰო!

 

ისევ წამოიკვნესა ქალმა. დავითა ხარს მიუტრიალდა და მთელი ჯავრი პირუტყვზე ამოიყარა, შოლტი მთელი ძალით გადაუტყლაშუნა და შესძახა:

 

- გასწი, გასწი შე უპატრონო შენა, უხ როგორ დაჩაჩანაკდი, ჩავალთ თუ არა თავიდან მოგიცილებ, ახალი ნალები მაინც არ გამომეჭედა, ფუი შენი ჯიში და ჯილაგი!...

 

ურემში ქალს კრუსუნი შეეწყვიტა, ორივე ხელით მაგრად ჩაებღუჯა გამობურცული მუცელი, თითქოს ეშინოდა ბავშვი შუა გზაში არ გამოვარდნოდა საშოდან.

 

- ბიჭიაო! - უცბად წამოაყრანტალა იამ.


- ჰაა! - თავი დაანება ხარის ლანძღვა-გინაბას დავითამ და შვილს გამოხედა.

 

იას ტკივილი გამოხატვოდა სახეზე და თვალებითღა ახერხებდა ღიმილს, თითქოს უკვე ხედავდა თავის პირმშოს. დავითას მკაცრი სახე არ შესცვლია. ისევ ხარს მიუტრიალდა და რამდენჯერმე გადაუჭიმა შოლტი. გეგონებოდათ პირუტყვი განგებ ყურს არ იბერტყავსო, ზლაზვნით მიაბიჯებდა.

 

- გასწი შე ჯალაგო შენა! - ისევ აყვირდა მოხუცი.


- მკითხავმა ბოშა ქალმა მითხრა, უტყუარიაო, სულებმა მითხრესო! - თავს აბეზრებდა დავითას გოგო.

 

- ბოშებიღა მაკლდა სახლში, რეებს როშავ გოგო!

 

მერე თითქოს გონს მოეგო, შვილს გადახედა.

 

- ხომ არაფერი მოგვპარეს , მაგ ქურდბაცაცებმა?!

 

- არაა! - მიკნავლებული ხმით გააგრძელა იამ. - საფასურად შენი გამოჭედილი ლურსმნები წაიღო, სამზე მეტი არ აუღია. -  მოიბოდიშა ქალმა.

 

- ფუი, შენი ჯიში... თავისდღეში ღერძი არ გამტეხია, თარსი ხარ, თარსი!

 

- უხ შენი ჯიში და ჯილაგი!


- ახლავე მოვალ, არსად წახვიდე! - წარმოსთქვა დავითამ და მკაცრად შეხედა შვილს. იამ ჩუმად ჩაიცინა და ნაძალადევად ამოიკვნესა. დავითა ბუჩქებში გაუჩინარდა.

 

დღე. იგივე გზა. გაძლიერებულ წვიმას ისედაც ოღრო-ჩოღრო გზა გაუვალი გაეხადა. ბოშებით სავსე სამი ეტლი გზაზე გაჩერებულა, ერთერთი მათგანი ორმოში ჩავარდნილიყო და რამოდენიმე ბოშა კაცი მის ამოყვანას ცდილობდა. ერთი მათგანი ცხენს ექაჩებოდა, სახეზე წყლის წვეთებს იწმენდდა და ომახიანად ამხნევებდა ცხენს:

 

- ჰაი, ჰაი, ჰაი!!!

 

დანარჩენები ჩავარდნილ თვალს დაჭიდებოდნენ. წვერიანმა ბოშა მოხუცმა ცულს წამოავლი ხელი და ტყისკენ გაემართა ტოტის მოსაჭრელად.

 

ერთ ეტლში - შიგნით სამი ქალი იჯდა, მოთხუპნულ ბავშვებს უსწორ-მასწოროდ მიყრილი საბან-ლეიბიდან გამოეყოთ თავი და ცნობისმოყვარე თვალებით იმზირებოდნენ. დაახლოებით 15 წლის გოგონა კუთხეში მიმჯდარიყო და ნაღვლიან სიმღერას ღიღინებდა. ეტლის ცენტრში მოხუცი ქალი იჯდა, კაბა ათასგვარი ჯინჯილებით, მედლებით, მძივებითა და მაგიური ნიშნებით ჩამოეჩონჩხლა. ხელში მომცრო დაფა ეჭირა, რომელზეც ხუთი ლურსმანი დაემაგრებინა, მათ შორის ფერად-ფერადი ძაფები გაება და ხელის სწრაფი მოძრაობით რაღაც ამოუცნობ კომბინაციებს ატარებდა. მისი მზერა ეტლის სახურავის დასველებულ ქსოვილს მისჩერებოდა და გაურკვევლად ბუტბუტებდა.

 

- ტაბუ,... აში მომკლავს თუ გოგო მეყოლა! - წამოიყვირა მოხუცის წინ მჯდომმა ფეხმძიმე ქალმა. - როდესღაც მაინც დავბრუნდებიო, აუცილებლად ბიჭი მინდაო!

 

ტაბუ თითქოს არ უსმენდა ახალგაზრდა ქალს, ხელების მოძრაობა შეწყვიტა, სხვადასხვა ფერის ძაფები დალაგებულიყო და ხუთქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებას ქმნიდა.

 

- ხემა! - მიმართა ტაბუმ მის წინ მჯდომ უკმაყოფილო ქალს.


- აქ უნდა მოხდეს ის, რასაც აში თავისი სახლისათვის ფიქრობს!

 

- ბიჭია, ატრა ჰქვია სიყმაწვილეში!

 

ხემა ანთებული თვალებით უყურებს ტაბუს.

 

- კიდევ ერთ ბიჭს ვხედავ, არა, ის შენი არაა, საათს ვხედავ!

 

ტაბუ აქანავდა.

 

- მათ გაზრდილებს ვხედავ, ცეცხლში დგანან, მაგრამ არ იწვიან!

 

ხემა გაკვირვებული შეჰყურებს ტაბუს ბოდვას. გარედან ხმაური მოისმა, ფარდა გადაიწია და გალუმპულმა, შავგვრემანმა ბოშა ბავშვმა შემოჰყო თავი.


- ტაბუ, ტაბუ! - აჭყივლდა ხუჭუჭთმიანი ბიჭუნა. ფარდიდან ახლა წვერებიანი მოხუცი კაცის სახე გამოჩნდა და აღელვებულმა წარმოთქვა:

 

- მოსახვევში ურემია გადაჩეხილი, ქალი ორსულადაა, სადაცაა დაბადებს, ჩქარა, ჩქარა!

 

ტაბუ ხედვიდან გამოვიდა. ამ ამბის გამგონე ხემა ადგილზე შეხტა და თავის გამობურცულ მუცელს მიეფარა.

 

დღე. მობიბინე მდელოზე ბოშების ტაბორი განლაგებულიყო. მდინარის ნაპირზე მამაკაცები ცხენებს აბანავებდნენ. ბოშა ბავშვები ყვირილით დასდევდნენ ერთმანეთს. ქალები ცალკე ჯგუფად შეგროვილიყვნენ, გაუთავებლად ლაპარაკობდნენ და ეშმაკურად იცინოდნენ. ტაბუ ყველასაგან განმარტოვებით ხის ძირას იჯდა და ტაროტას სამკითხაო კარტს შლიდა. ერთ ხანს ჩაფიქრდა, თავის აჩონჩხლილ კაბაზე ლითონისა და ქვებისგან დამზადებული ნიშნები შეათვალიერა, სასწრაფოდ მრავალფოჩა ქვედა კაბა ააშრიალა, იქიდან გაცვეთილ-დაფურცლული წიგნი გამოიღო, გადაშალა, მოძებნა და კითხვა დაიწყო:

 

გონის სიგრძეზე მარგალიტ ხალი,

და ფეხზე მაგრად დამდგარი ალი,

ღვთიური დროის არწყული ხითა,

ვით დაირწევა ან-ბანი ცითა!

 

- ტაბუ! - წარმოსთქვა მოხუცმა ბოშა კაცმა, რომელიც თავზე დადგომოდა მკითხავს. მის გვერდზე მჭედელი დავითა იდგა.

 

- ა, მოიყვანე?! - ეჭვით აათვალიერა ტაბუმ დავითა.


- რად მოიპარე ჩემი ლურსმნები? - გაცხარდა დავითა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტაბუმ არ აცალა.

 

- შვილიშვილი შეგეძინა, ბიჭია! - გაეღიმა ქალს. ბოშა მოხუცსაც გაეღიმა და ორივემ დავითას შეხედა.

 

ერთერთი ეტლიდან ქალების წივილ-კივილი გაისმა, სამივე იქით გაემართა. ეტლში გაკაპასებული ქალები ჩხუბობდნენ. ხემას მოშიშვლებულ მკერდს ბავშვი მიწეპებოდა ტუჩებით. ქალს ცალი ხელით მაგრად ჩაებღუჯა ბიჭუნა, მეორეთი კი იას თავდასხმებს იგერიებდა. 

 

-  მომეცი, ჩემი შვილია! - გაჰყვიროდა ია, ხემას თმებში სწვდა და მთელი ძალით მოქაჩა. ხემამაც ტოლი არ დაუდო და იას მისწვდა. ქალები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. ბიჭი ხემას მკერდიდან თივაზე ჩამოგორდა, არ ტიროდა და ბავშვური გულუბრყვილო თვალებით მისჩერებოდა დედათა ჩხუბს.

 

- ჩემია, ჩემი, აში მთელი ცხოვრება ოცნებობდა, ატრა დიდი კაცი გაიზრდება,... გიჟი ხარ, გადარეული! - მთელი ძალით გაჰყვიროდა ხემა და მოწინააღმდეგეს სახეს აფხაჭნიდა.

 

- საბა, საბა! - ნამტირალევი, დამარცხებული ქალის ხმით გაიძახოდა ია და ბედს არ ურიგდებოდა. ეტლის ფარდა გადაიწია. ტაბუ ბოშა მოხუცისა და დავითას თანხლებით გამოჩნდა.

 

- გაჩერდით! - იყვირა ტაბუმ. გამძვინვარებული ტაბუს დანახვაზე ქალები ეტლის სხვადასხვა კუთხეში მოიკუნტნენ. ტაბუმ ბიჭუნა აიყვანა და სახვევების გახსნა დაიწყო.

 

- ჩემია, აში მომკლავს! - კიდევ ერთხელ სცადა თავისი უფლებების დამტკიცება ხემამ.

 

იამ უძლურება იგრძნო და ხმამაღლა ტირილი მორთო. მოხუცი ბოშა ღიმილით უყურებდა ამ სცენას, დავითა დაბნეული და გაკვირვებული. ტაბუ არავის არ აქცევდა ყურადღებას, ბავშვი გააშიშვლა, შუბლიდან თითი ჩამოაყოლა, ჭიპის გვერდით ხალი გამოჩნდა. ტაბუმ მათ შორის მანძილი ცერა თითით გაზომა, ზუსტად ჩაჯდა. მკითხავს აღელვება დაეტყო და სასწრაფოდ ფეხისაკენ გადაინაცვლა მისმა ყურადღებამ.

 

ეტლის მეორე მხრიდან ფარდა გადაიწია და კაცმა შემოჰყო თავი, ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა.

 

- ხემა, ხემა! - ბედნიერებას ვერ მალავდა აში.


-  შეხედე როგორ მგავს! - სიხარულისგან სახე დაემანჭა კაცს. ხემას თავში წამში საოცარი ცვლილება მოხდა, ჯერ თვალები მინაბა და ქმარს გაეპრანჭა, მერე იქ მყოფთ და იას დარცხვენით, მობოდიშებით გადახედა.

 

მკითხავი დიდი გულისყურით აგრძელებდა თავის საქმეს. ფეხების კოჭთან უცნაური ხაზები იპოვა. თავი ახლოს მიიტანა. გამოსახულება საათის ციფერბლატს წააგავდა. ტაბუ ერთ ხანს ასე ჩაფიქრებული დაჰყურებდა პატარა - თითო ფეხს. ბოლოს თავი ასწია და იქ მყოფთ მზერა მოავლო. პატარა ატრაზე წამით შეყოვნდა, მერე თითქოს მთავარი აზრი იპოვაო, თავის ჯინჯილებს დასწვდა კაბაზე. ბუზღუნა დავითა დამუნჯებული და მოჯადოვებული შეჰყურებდა ამ სცენას.

 

მკითხავმა ძეძკვზე გამობმული ვარსკვლავი მოიხსნა კაბიდან. ვარსკვლავის შუაში ცისფერი ქვა ჩაესვათ. ტაბუმ საბას ყელზე ჩამოჰკიდა ძეძკვი, ჩვილი ბავშვისათვის იმდენად დიდი აღმოჩნდა ვარსკვლავი, რომ ფხებთან დაეკიდა.

 

ღამე. ტაბუ ყველასაგან განმარტოვებული ხის ძირას ცეცხლთან იჯდა, თვალები დაეხუჭა, წინ და უკან ქანაობდა და თითებით თავის ძაფებს ათამაშებდა, თან რაღაცას ბუზღუნებდა. მისგან მოშორებით ბოშები კოცონის გარშემო ჩამომჯდარიყვნენ და მღეროდნენ. შავი და თეთრი ცხენი, ტაბუსთან სულ ახლოს პალოზე მიებათ.

 

მკითხავმა ქანაობა შეწყვიტა, გაირინდა და ცეცხლისაკენ გადაიხარა. ქალის დანაოჭებული სახე ცეცხლის ალზე ცვილისაგან გამოძერწილ ფიგურას დაემსგავსა.

 

- ოთხი სტიქია უნდა გაიარო და სამი ზეკარი! - არაბუნებრივი ხმით წარმოსთქვა ტაბუმ.

 

მომწვანო-ნარინჯისფერი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. პატარა საბა თავისუფლად დაფრინავს ჰაერში. იგი ბავშვური სუფთა თვალებით აკვირდება მის გვერდზე მქროლავ უცხო ფორმებს. უეცრად სიბნელიდან ჩაქუჩის ფორმის მაგვარი არსება გამოჩნდა და ბავშვისაკენ მთელი ძალით გამოქროლდა. საბას შიშისაგან თვალები გაუფართოვდა, ცოტაც და ეს უცხო ფორმა ბავშვს გაანადგურებდა. ზეცაში უსასრულობიდან მოგიზგიზე, მანათობელი არსი გამოიკვეთა. სინათლიდან არსებამ მაჯები გამოყო და ხელის გულებიდან ყვითელი სინათლე გამოასხივა უცნობი ფორმისაკენ. სხივები ერთ წერტილში გადაიკვეთნენ ჩაქუჩის ფორმის ზედაპირზე და გაანადგურეს.

 

დღე. დათოვლილ მთაზე ბურუსი გაფანტულიყო. წვერთან ახლოს საბა დაკვირვებით მიუყვება კლდეს. ხელის მტკაველით უცნობ გამოსახულებას გადაზომავს, გაიმართება და 180 გრადუსით შემოტრიალდება. მის წინ რამოდენიმე ნაბიჯში მოზრდილ ქვას მიუახლოვდა, გადააგორა და მღვიმეში ჩასავლელი გამოჩნდა. საბა მუხლს მოიყრის და უსასრულო სიბნელეს ჩახედავს.

 

- დუმ! - ჩასძახა საბამ. ასოები გაიშალა და მღვიმეში დიდხანს ბორიალის შემდეგ ექო გამოსცა.


- აუუმ! აუუმ, აუუმმ!

 

საბამ ზეცას ახედა, მის თავზე არწივი ნავარდობდა. ფრინველის დანახვაზე საბას გაეღიმა. მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან სოლები და ჩაქუჩი ამოიღო. ნახევრად მღვიმეში ჩაძვრა და პირველი სოლის დამაგრება დაიწყო... ჩაქუჩის ყოველი დარტყმა საოცარ ექოს იძლეოდა, როგორც მღვიმის სიღრმიდან, ასევე ზედაპირიდან.

 

დღე. სამჭედლო. გრდემლზე გახურებული ლითონი იჭედება. პაპა დავითა წელს ზემოთ გახდილია და ლითონს გათვლილ ტაქტში ურტყავს ჩაქუჩს. ცოტას შეისვენებს, ნამუშევარს დიდი გულისყურით შეათვალიერებს. მოხუცის ბეჭზე დამწვრობის დაღი გამოჩნდება.

 

მჭედელი მუშაობას აგრძელებს. ჭაჭვის საკმაოდ დიდი რგოლი ნელ-ნელა სრულ ფორმას იღებს. უეცრად მჭედლის ჩაქუჩის ჟღერადობას უცხო, წვრილი, გამაწბილებელი ხმები შეერია. დავითა შედგა, მიმოიხედა, არავინ იყო. მიაყურადა, უცხო ხმაც შეწყდა. დავითამ თავი გააქნია და ისევ განაგრძო ჭედვა. ცოტა ხანში ისევ შემოვარდა წრიპინა ხმა. საბა სამჭედლოს სიღრმეში, კასრში ჩამალულიყო, პატარა ჩაქუჩი მოემარჯვებინა და რკინის ნაჭერს უტყაპუნებდა.

 

მჭედელი დავითას ხმა მეხივით გავარდა:

 

- უ, შე გველის წიწილო, შენა! - დაუცაცხანა მჭედელმა დავითამ. საბამ ძლივს გაასწრო.

 

დავითას თავისივე ეზოში აეშენებინა სამჭედლო, სახლიდან ცოტა მოშორებით. ია ეზოში, ჭასთან იდგა. დავითას შეძახილზე წყლით სავსე კასრი ხელებში შეეყინა. ქალის გვერდზე შუახანს გადაცილებული მათხოვარი ჩამომჯდარიყო. დახეული ტანისამოსი ეცვა, გაბურძგნული, ჭუჭყიანი წვერი ჰქონდა და ჩამქრალი თვალებით საბას მისჩერებოდა, რომელიც მათკენ გამორბოდა. ჩაურბინა თუ არა მათხოვარს, საბა მოცელილივით დაეცა. ბავშმა უკან მიიხედა, უნდოდა წაქცევის მიზეზი დაენახა, არაფერი იყო. მათხოვარს შეხედა. ის გულუპყვილო თვალებით შეჰყურებდა. დაბნეული საბა დედასთან მივარდა და მის კაბას ამოეფარა. ამასობაში, იას წყალი დოქში ჩამოესხა და მათხოვარს მიაწოდა. კაცი ნელ-ნელა წრუპავდა და შიგადაშიგ საბასკენ აპარებდა თვალს. იამ ისევ ჩაუშვა კასრი ჭაში. როლიკი დატრიალდა და კასრი მთელი ძალით დაენარცხა წყლის ზედაპირს.


მღვიმე. საბა უკანასკნელ სოლს მოეჭიდა და ორივე ფეხით მღვიმის ფსკერზე წყალში ჩახტა. წყლის სიღრმე იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ წინსვლა არ გასჭირვებია. გვირაბის ბოლოდან მბჟუტავი სინათლე გამოჩნდა. საბა ხელის ცეცბით გაუყვა მღვიმეს. სინათლე თანდათან მცირდებოდა, ბოლოს ვიწრო გასასვლელი დარჩა. ბიჭმა ნაპრალში შეიხედა. მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა. ცისფერ მოლივლივე მანათობელ სითხეში, აქა-იქ მოწითალო გეიზერები მოჩანდა.

 

- ს ა ბ ა ! - გაისმა  მღვიმეში.

- საბა! საბა! - განმეორდა და მიილია ბგერები.

 

დღე. უკვე დავაჟკაცებული საბა ტაძრის ჩამონგრეულ კედელთან დგას. ჯვარცმის სცენა ოდნავღა შეიმჩნევა. თავისი სახელის გაგონებაზე შეცბუნებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა. იატაკზე მის ფეხთან კავი გამოჩნდა, ჭაბუკის ფეხს გამოედო და ვიღაცამ მთელი ძალით მოქაჩა. საბა თვალის დახამხამებაში იატაკზე აღმოჩნდა. დაბნეულმა მხოლოდ ახლა შენიშნა ნანგრევებში შეყუჟული მოხუცი მათხოვარი. ხელში კავი ეჭირა და მომღიმარი თვალებით საბას მისჩერებოდა.

 

- პ რ ო ზ ი მ ა ! - გაოცებისგან წამოიყვირა საბამ და თვალები გაუბრწყინდა. პროზიმა თავისი სამალავიდან არ გამოდიოდა და სიყვარულით უღიმოდა საბას.

 

- რა იცოდი აქ რომ მოვიდოდი?! - გაოცებას ვერ მალავდა საბა.


- ყველანი იქ მიდიან, სადაც მათ ფეხი უნდა დაუდონ!... და შენც სწორედ აქ მოხვედი, სადაც... სადაც წაიქეცი! - დასერიოზულდა მათხოვარი.

 

- ვინ უნდა დამიდოს ფეხი, პროზიმა? - გულუბრყვილოდ იკითხა საბამ.

 

- საბამ! - წარმოსთქვა პროზიმამ და ახარხარდა. - როგორ გგონია, სად არის ეხლა ის?! - შეეკითხა პროზიმა სრული სერიოზულობით და კავი კედლისაკენ გაიშვირა.

 

საბამ ნახევრად ჩამონგრეულ, დროისა და ხალხისგან შერყვნილ კედელს შეხედა,  დაფიქრდა და ზემოთ აიხედა. დანგრეულ ტაძარს გუმბათი არ ჰქონდა, ზეცას მიაშტერდა. ბიჭის ასეთ საქციელზე ისევ სიცილი აუტყდა. კავი ყელში გამოსდო საბას, თავისკენ მოქაჩა, სახე ახლოს მიუტანა და ყურში ჩასჩურჩულა:

 

- შენი ძუნწი პაპის სამჭედლოში გრდემლზე იჯდა... ეხლა ეზოში რომ ჭა გაქვთ იქაა... მალე შეიძლება ჩვენთან გაჩნდეს! - ახარხარდა მოხუცი. საბა ვერაფერს მიხვდა და უაზროდ გაიცინა.

 

ღამე. მათხოვარი და საბა. ვაჟი ხან მათხოვარს გახედავს, ხან გზას.

 

- სად მივდივართ, პროზიმა? - შეეკითხა საბა.


- არსად... უბრალოდ უნდა იცხოვრო და ყველფერს ისწავლი. ყოველ ფოთოლში, ყოველ მწერში დიდი საიდუმლოება იმალება! - თავისთვის ჩაილაპარაკა მათხოვარმა. ბალახებში ციცინათელები ვარსკვლავებივით ანათებდნენ.

 

- მოვედით! - წარმოსთქვა პროზიმამ, გზიდან გადაუხვია და პატარა ბორცვზე გავიდა. ფესვებ-ამოყრილი მუხა ამაყად იდგა. მკლავის სისქე ფესვები ყოველ მხარეს გამოდიოდნენ და გველებივით იკლაკნებოდნენ.


- აქ ნაყოფი არ აბია. - წარმოსთქვა მათხოვარმა და ფესვებზე ისე გაიშხლართა, გეგონებოდათ საკუთარ სახლშიაო. კავი და ფუთა გვერდზე მოიდო. საბა ერთ ხანს გაკვირვებული შესცქეროდა. პროზიმას ასეთმა უდარდელობამ ნერვები აუშალა და მოუთმენლად აქეთ-იქით დაიწყო სიარული.


- ცეცხლს გავაჩაღებ! - წარმოსთქვა საბამ და გამხმარ ტოტებს დაუწყო შეგროვება.


- არა!   - მკაცრად წარმოსთქვა მათხოვარმა.

 

- სიბნელეა! - მოუთმენლად თქვა საბამ.

 

- ცეცხლის გარეშე უნდა დაინახო სიბნელეში. - თქვა პროზიმამ, ფუთა გახსნა და იქიდან ორი ნაჭერი პური ამოიღო, ერთი ფუთაშივე დააბრუნა და მეორეს კი გემრიელად, დიდი უდარდელობით შეექცა. საბა დარწმუნებული იყო პროზიმა მასაც შესთავაზებდა საგზალს, მიუახლოვდა და მის ფეხებთან ახლოს ჩამოჯდა. მათხოვარმა საბას გადმოხედა და ჭამა გააგრძელა.


- პური არ გეკუთვნის, რადგან ცეცხლის დანთება გადაწყვიტე! - ირონიულად წარმოსთქვა პროზიმამ.

 

- მხეცი რომ მოვიდეს? - თავის მართლება სცადა საბამ.

 

- უნდა სძლიო! - ჩაილაპარაკა მათხოვარმა. ჭამა დაემთავრებინა, ფუთა თავქვეშ ამოედო და ფესვებზე ისევ გადაწვა, როგორც ჰამაკში და თვალები დახუჭა.

 

სიბნელეში მთვარის სინათლემ შემოიჭვრიტა. ტყის სიღრმიდან უცნაური, ავის მომასწავებელი ხმა გაისმა. საბას არ ეძინა, შიმშილმა შეაწუხა, მუცელზე ხელები მაგრად შემოიჭდო და ისე მოიკუნტა, როგორც ჩანასახი დედის საშოში. ბიჭი ხანდახან პროზიმას თავისაკენ აპარებდა მზერას და ფუთას ხარბი თვალებით შეჰყურებდა. შორიდან ისევ გაისმა უცნობი მხეცის გაბმული ღრიალი. საბამ მიაყურადა, დაიძაბა, წამოჯდა და ხელებით მაგრად ჩაბღუჯა ფესვები. ხმა აღარ განმეორებულა. საბამ ისევ მათხოვრის ფუთისაკენ გააპარა მზერა. მისმა მარჯვენა ხელმა მიწაზე დაიწყო ფათური, ხელში მკვრივი საგანი მოხვდა. დახედა, სოლისებური ქვა აღმოჩნდა. მაგრად ჩაბღუჯა. მის ახლოს ბალახებში გველმა გაიშრიალა, საბა შიშისაგან შეხტა. შრიალს ფრინველის ყრანტალი და ფრთების ტყლაშუნი მოჰყვა. ვაჟს არაფერი გაუგია, პროზიმას თავს მიშტერებოდა, რომელსაც მისგან მეტრ-ნახევარში უდარდელად ეძინა. უხმაუროდ წამოიწია და მუხლებზე ხოხვით, ნელ-ნელა მისკენ დაიწყო მოძრაობა. შედგა, მიაყურადა, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ პროზიმას მშვიდი სუნთქვა არღვევდა სიჩუმეს. ისევ გააგრძელა მათხოვრისაკენ ხოხვა, აღგზნებული, შეშინებული თვალებით მისჩერებოდა მსხვერპლს. პროზიმას თავთან შედგა. თავისი აჩქარებული გულისცემა მოესმა საბას. სახე განცდისაგან დაემანჭა, მარჯვენა ხელი ნელ-ნელა ზემოთ ასწია და ის იყო მთელი შინაგანი მოზღვავებული ძალით მოხუცისათვის თავი უნდა გაეჭეჭყა, რომ სიჩუმე მოხუცის ხმამ გააპო.

 

- ჩემი მოკვლა გადაწყვიტე?! - ირონიულად ჩაიქირქილა პროზიმამ, ისე რომ თვალები არ გაუხელია, თითქოს სიზმარში აბოდებსო. მისმა მოულოდნელმა ხმამ საბას შემართება  უცბად დაანგრია, განზრახვის ჩაშლა მთელი სიმწვავით განიცადა. დაჭრილი მხეცივით იღრიალა, წამოხტა და გიჟივით გავარდა. ძალა მალე გამოელია და მოცელილივით ჩაიკეცა, ჩაბღუჯულ ქვას უკვე უძალოდ, მისუსტებული ურტყავდა უცნობი ხის ძირს. მალე ტირილი აუტყდა. მოთქმით, გულამოსკვნილი ტიროდა საბა.


დილა. ჩიტებს ჭიკჭიკით აეკლოთ გარემო. მიწაზე ჭიანჭველები საქმიანად მიმოაბიჯებდნენ. საბა ბალახებში გაშხლართულიყო და უდრტვინველად ეძინა. ერთი თავხედი ჭიანჭველა მის სახეზე აცოცებულიყო და ცხვირში უღიტინებდა. ვაჟი სასაცილოდ იმანჭებოდა ძილში. მის წინ პროზიმა ჩამომჯდარიყო და ღიმილით შეჰყურებდა. შეწუხებულმა საბამ თვალები გაახილა და მომღიმარი მათხოვრის დანახვაზე თვალი დააჭყიტა.


- გათენდა! - წარმოსთქვა პროზიმამ, ფუთა გახსნა, იქიდან პურის დარჩენილი ნაჭერი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა. დარცხვენილმა საბამ თვალი მოარიდა. მოხუცი წამოდგა და  საბას ხელი გაუწოდა. ბიჭმა მორცხვად, გაუბედავად გაუწოდა ხელი.


- ადექი, ადექი, ქალივით ნუ მეპრანჭები!

 

საბა წამოდგა, პურის გამორთმევა კი მაინც იუარა.

 

- გზა მოგელის... უნდა დანაყრდე! -წარმოსთქვა პროზიმამ, საბას კარგი ძმაკაცივით გამოსდო ხელი და მუხისაკენ წაიყვანა. ბიჭმა პური გამოართვა და ჭამა-ჭამით გაჰყვა.


- წამოდი, ჩვენს მასპინძელს გაგაცნობ!

 

ორივე ხეს მიუახლოვდა.

 

- ხედავ? - შეეკითხა პროზიმა.

 

საბამ უარის ნიშნად თავი გააქნია. პროზიმამ სწრაფი მოძრაობით კავი ფეხში გამოსდო, გამოსწია და მიწაზე დაანარცხა. საბას თავი უკან გადაუვარდა და ძალაუნებურად ტოტებს შეხედა. ფოთლებში ტოტზე ბუ ჩამომჯდარიყო და თვალებს სასაცილოდ ატრიალებდა. გაბუსხული ფრინველის დანახვამ საბას ღიმილი მოჰგვარა.


- პროზიმა! - წარმოსთქვა საბამ, ისე რომ ფრინველისათვის თვალი არ მოუცილებია. პასუხი რომ ვერ მიიღო, მიმოიხედა, მოხუცი არსად ჩანდა. საბა წამოხტა და გარემო მოათვალიერა.


- პროზიმა! - გაკვირვებულმა წამოიძახა ბიჭმა.

 

პროზიმა ბორცვზე ასულიყო და

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2017 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE